ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალი სენატორების როლი მთავრობის გახსნაში


რესპუბლიკელი სენატორი სიუზან კოლინსი

სენატორ მაკკეინის განცხადებით, კოლეგა ქალბატონებმა კომპრომისის მიღწევაში უდიდესი წვლილი შეიტანეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:58 0:00
ბმული
17 ოქტომბერს შეერთებული შტატების მთავრობა გაიხსნა და ამერიკის ისტორიაში პირველად ქვეყანა მოსალოდნელ გაკოტრებას გადაურჩა.

დემოკრატ და რესპუბლიკელ კონგრესმენებს შორის დაპირისპირებას წერტილი 14 სენატორის მიერ შედგენილმა რეზოლუციამ დაუსვა. შეთანხმების გეგმაზე შვიდი რესპუბლიკელი, ექვსი დემოკრატი და ერთი დამოუკიდებელი სენატორი მუშაობდა, რომელთაგან ნახევარზე მეტი ქალია.

ხელისუფლებაში ქალის როლის და მნიშვნელობის შესახებ ამერიკაში უკვე აღარავის უკვირს. თუმცა ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკელ პოლიტიკოს ქალებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში განსაკუთრებული როლი აკისრიათ.

სენატორმა ჯონ მაკკეინმა მთავრობის გახსნაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა კოლეგა ქალბატონებმა კომპრომისის მიღწევაში უდიდესი წვლილი შეიტანეს:

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ პროცესების ლიდერშიფს ძირითადად ქალი სენატორები ეწეოდნენ.“

რესპუბლიკელ სენატორ ჯონ მაკეინთან ერთად რეზოლუციის გეგმის შედგენაში დემოკრატი სენატორი მარკ პრაიორიც იღებდა მონაწილეობას. შეთანხმების მიღწევის შემდეგ მანაც ისაუბრა კოლეგა ქალბატონების დამსახურებაზე და აღნიშნა, რომ სენატში ქალების ყოფნა ძალზე მნიშვნელოვანია.

სენატში ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ წინადადება, პირველად რესპუბლიკელმა სენატორმა სიუზან კოლინსმა წამოაყენა . ცოტა ხანში მას რესპუბლიკელი სენატორები ლიზა მურკოვსკი და კელი აიოტიც შეუერთდნენ. ასე დაიწყო ამერიკის მთავრობის სტაგნაცის დასასრულისთვის ბრძოლა, რომელიც 16 დღეში 14 სენატორის მიერ შედგენილი რეზოლუციის დამტკიცებით დასრულდა.

ამერიკულ მედიაში ამ ფაქტზე ხუმრობითაც დაიწერა, რომ მამაკაცების მიერ დახურული მთავრობა საბოლოოდ მაინც ქალმა სენატორებმა გახსნეს.

შეერთებული შტატების სენატში ქალები მხოლოდ 20 პროცენტს წარმოადგენენ. თუმცა რთული გამოწვევის დროს, მათი ხმა და ძალისხმევა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG