შეერთებული შტატების სენატმა, როგორც ჩანს, თავიდან ინსტიტუციური კრიზისი აირიდა. ამჯერად საუბარია უმცირესობაში მყოფი რესპუბლიკელების ხმის აუცილებელ რაოდენობაზე, რაც პრეზიდენტის მიერ ფედერალურ თანამდებობებზე დანიშნული ადამიანების დამტკიცებას სჭირდება. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, დროებითია თუ არა სენატში მიღწეული ორპარტიული შეთანხმება ამ საკითხში ფილიბასტერის, უმცირესობის საკანონმდებლო ობსტრუქციის დაძლევის შესახებ.
თვეობით გაჭიანურებული დებატების შემდეგ, სენატმა გადაწყვიტა ფედერალურ თანამდებობებზე პრეზიდენტ ობამას მიერ შერჩეულ 7 კანდიდატს კენჭი უყაროს. რესპუბლიკელები კენჭისყრას დიდი ხანია ფილიბასტერის პროცედურით ბლოკავდნენ. დემოკრატი სენატორი ჯეფ მერკლი ორპარტიულ შეთანხმებას მიესალმება.
“კენჭისყრა, რომლითაც ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, სენატისთვის მუდმივად თანმდევ პარალიზებას ბოლოს მოუღებს“ - ამბობს სენატორი მერკლი.
რამდენიმე ხნით ადრე დემოკრატები დაემუქრნენ სენატის უმცირესობაში მყოფ რესპუბლიკელებს, რომ ისინი უმრავლესობის წესით შეცვლიდნენ სენატის კანონმდებლობას და რესპუბლიკელებს საბოლოოდ მოუხსნიდნენ უფლებას ფილიბასტერით დაებლოკათ პრეზიდენტის მიერ თანამდებობებზე ნომინირებული კანდიდატები. ამ უპრეცედენტო ნაბიჯით არსებული დაპირისპირება პარტიებს შორის კიდევ უფრო გამწვავდებოდა.
15 ივლისს ორივე პარტიის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. შეთანხმება კონკრეტულ კანდიდატებზე, კერძოდ, შვიდიდან - ხუთზე, მეორე დღეს როგორც იქნა, მიღწეულ იქნა. სანაცვლოდ, რესპუბლიკელებმა სამომავლოდ კანონით გათვალისწინებული ობსტრუქციის უფლება შეინარჩუნეს. ახალი ნომინანტები დანარჩენ ორ ადგილზე მოგვიანებით დასახელდება და განიხილება.
უმრავლესობის ლიდერის, ჰარი რიდის თქმით, წესით, ამ გადაწყვეტილებით ორივე მხარე კმაყოფილი უნდა იყოს. “ჩვენ მივიღეთ ის რაც გვინდოდა და მათაც მიაღწიეს სასურველს. ცუდი შეთანხმება არ არის“ - აღნიშნავს ნევადის შტატის დემოკრატი სენატორი.
რესპუბლიკელთა ლიდერი მიჩ მაკონოლი მას ეთანხმება და აცხადებს, რომ სენატორებმა „კოლეგიალობის მაღალი დონე და ორპარტიული ბაზისი აჩვენეს. ეს კი სენატში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია“.
თუმცა, სენატორი მაკონოლი იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტის მორიგი ნომინანტების თაობაზე ახალი დებატები სრულებითაც არ არის გამორიცხული.
„ჯერ კიდევ საქმე გვაქვს წინააღმდეგობებით მოცულ კანდიდატურებთან. ამიტომ ყველა არსებული საშუალება, რომელიც უმცირესობას გააჩნია, დღის წესრიგში იქნება“ - აცხადებს კენტუკის შტატის რესპუბლიკელი სენატორი.
ზუსტად ასევე უმრავლესობის ლიდერი ჰარი რიდიც აცხადებს, რომ „სრულებით დარწმუნებულია“, რომ დემოკრატები ფილიბასტერის კანონის გაუქმების მუქარასაც დღის წესრიგიდან არ მოხსნიან.
პოლიტოლოგები, და მათ შორისაა თომას მანიც ბრუკინგსის ინსტიტუტიდან, კანონმდებლებისგან დიდ ცვლილებებს არ მოელიან და მიაჩნიათ, რომ ის, რაც 16 ივლისს მოხდა, მხოლოდ ერთეული შემთხვევაა და ზოგადად ფილიბასტერის კანონს არაფერი ემუქრება.