ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სენატმა "სტარტის" რატიფიცირება მოახდინა


აშშ-ის სენატმა "სტარტის" რატიფიცირება მოახდინა

შეერთებული შტატების სენატმა ახალი სტარტის სახელწოდებით ცნობილ რუსეთთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა ვაშინგტონიდან იუწყება, სენატის მიერ ხსენებული ხელშეკრულების რატიფიცირება პრეზიდენტ ობამასთვის მნიშვნელოვან გამარჯვებას წარმოადგენს რადგან ობამას ადმინისტრაციამ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესება მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი გახადა.

ვაშინგტონში მდებარე ანალიტიკური ორგანიზაცია ბრუკინგსის ინსტიტუტის შეიარაღებათა კონტროლის ექსპერტი სტივენ პაიფერი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს:

„თუ თქვენ საქართველო-რუსეთის ომს დაუბრუნდებით და ამ კონფლიქტის შედეგად 2008 წლის სექტემბერში შექმნილ მდგომარეობას შეაფასებთ, დარწმუნდებით, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული ეს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩავარდნა იყო. დღეს ორმხრივი ურთიერთობა ბევრად უფრო მყარია და ვფიქრობ ახალი სტარტი და ის ძალისხმევა რომლითაც ადმინისტრაცია რუსეთის მიერ წამოყენებულ პრეტენზიებს უმკლავდება ურთიერთობას დადებით მუხტს აძლევს.“

პაიფერის აზრით რუსეთის მხარეს ძალიან აღელვებდა ის, რომ ბუშის ადმინისტრაცია მხოლოდ ბირთვული ქობინების რიცხვის შემცირებაში იყო დაინტერესებული და არა რაკეტებისა და ბომბდამშენებისა ანუ მიწოდების საშუალებების. ხოლო ობამას ადმინისტრაცია, პირიქით, მზად არის შეამციროს როგორც ქობინები ისე მიწოდების საშუალებები. შედეგად ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტში ჩაიწერა, რომ თითოეული მხარისთვის დისლოცირებული სტრატეგიული ანუ გრძელი რადიუსის ბირთვული ქობინების რიცხვი 1,550-მდე შემცირდება. ამას გარდა ხელშეკრულების დებულებების თანახმად, სტრატეგიული ბირთვული რაკეტების მიწოდების საშუალებების რიცხვი 700-მდე შემცირდება. ამ კატეგორიაში გრძელი რადიუსის რაკეტების სატყორცნი დანადგარები და მძიმე ბომბდამშენები შედის.

დოკუმენტი აგრეთვე ხელშეკრულების დებულებების შესრულების მკაცრ შემოწმებას ითვალისწინებს.

შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ლორენს იგელბურგერი ხელშეკრულების მომხრეა. მას მიაჩნია, რომ შემოწმებასთან დაკავშირებული დებულებები უაღრესად მნიშვნელოვანია.

„დოკუმენტი იძლევა საშუალებას ავამოქმედოთ ინსპექციების მექანიზმი, რომელიც დაგვანახებს იმას თუ როგორ ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დებულებებს რუსები. ამით ჩვენ განვსაზღვრავთ იმას თუ როგორ სრულდება ხელშეკრულების პირობები. აქ აღსანიშნავი ის არის, რომ მას შემდეგ რაც გასულ წელს ძველი სტარტის მოქმედების ვადა ამოიწურა ჩვენ შემოწმების უფლება არ გვქონდა,“ აღნიშნა იგელბურგერმა.

მაგრამ რესპუბლიკელი სენატორების ერთი ნაწილი ახალი სტარტის ხელშეკრულებას კრიტიკულად აფასებს. მათ მიაჩნიათ, რომ შემოწმებების განხორციელებასთან დაკავშირებული დებულებები მკაცრი როდია. ამას გარდა რესპუბლიკელების შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ, მათი აზრით, ხელშეკრულება შეერთებული შტატების მიერ ანტი-სარაკეტო სისტემის შექმნაზე შეზღუდვებს აწესებს.

„შეერთებულ შტატებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახალი საფრთხეებისგან დაცვის საშუალება ყოველთვის უნდა გააჩნდეს. სწორედ ახლა დადგა დრო, რომ ჩვენ დრეკადი დაცვის საშუალებები შევიმუშავოთ. ახალი სტარტის ხელშეკრულება შეერთებული შტატების მხრიდან უამრავ დათმობას შეიცავს, რომელიც ჩვენ ცოტა სარგებელს მოგვიტანს,“ აღნიშნავს რესპუბლიკელი სენატორი ნევადას შტატიდან ჯონ ენსაინი.

ობამას ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან.

ვაშინგტონში მდებარე კერძო კვლევითი ორგანიზაცია შეიარაღების კონტროლის ასოციაციის ხელმძღვანელი დერილ კიმბალი აღნიშნავს, რომ ახალი სტარტის ხელშეკრულების მნიშვნელობა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს სცილდება.

„შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, რომ მივუდგეთ, ეს დოკუმენტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეერთებული შტატების სამხედრო ძალები, საგარეო პოლიტიკის სფეროში მოღვაწე რესპუბლიკელები და დემოკრატები, ყველა სახელმწიფო მდივანი და ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ჰერბერტ ვოლკერ ბუში ამ ხელშეკრულების მხარდაჭერით გამოვიდნენ,“ დასძინა კიმბალმა.

შეერთებული შტატების სენატში ახალი სტარტის ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ, დოკუმენტი რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ - სახელმწიფო დუმამ - უნდა მიიღოს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ ხელშეკრულების რატიფიცირება უპრობლემოდ მოხერხდება.

XS
SM
MD
LG