ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ აფასებენ სენატში ტრამპის საგარეო პოლიტიკის გუნდს?


ტრამპი მეუღლესთან ერთად სენატში მედიის წარმომადგენლებს ესაუბრება.
ტრამპი მეუღლესთან ერთად სენატში მედიის წარმომადგენლებს ესაუბრება.

სენატში დემოკრატები და რესპუბლიკელების ნაწილი გააკვირვა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ტრამპი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ნიუ იორკის ყოფილ მერს, რუდი ჯულიანის და ყოფილ ელჩს ჯონ ბოლტონს განიხილავს.

„რუდი ჯულიანი სახელმწიფო მდივნად? ამ ადამიანს არანაირი გამოცდილება არ აქვს საგარეო პოლიტიკის კუთხით, ეს სამარცხვინოა“, - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა დიკ დურბინმა ილინოისიდან. ხოლო ბოლტონის შესახებ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა გაეროში ბუშის ადმინისტრაციის დროს, მან თქვა:

„მე ვიცნობ ამ კაცს. თავისტკივილია. იმის წარმოდგენა, რომ ეს კაცი წარმოადგენს ამერიკას მსოფლიოს მასშტაბით, საშიშია“.

მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, რესპუბლიკელი სენატორი რენდ პოლი კენტუკიდან ორივე არჩევანს ეწინააღმდეგება. მისი თქმით ბოლტონი და ჯულიანი ერაყის ომის მომხრეები არიან.

„მე ვფიქრობ სახელმწიფო მდივანი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ტრამპის პოზიციას იზიარებს იმის თაობაზე, რომ ერაყის ომი შეცდომა იყო, რომ რეჟიმის ცვლილება არ მუშაობს და ჩვენ ეროვნულ უსაფრთხოებას არ ეხმარება“, - განაცხადა რენდ პოლმა.

ჯულიანის ამერიკელები ყველაზე კარგად მისი ნიუ-იორკის მერობის პერიოდიდან იცნობენ. ის 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის დროს, ნიო-იორკის მერი იყო. ბოლტონი ამერიკას წარმოადგენდა გაეროში, სადაც ის ორგანიზაციას ხშირად აკრიტიკებდა და ემხრობოდა ამერიკის ჩართულობას საერთაშორისო არენაზე.

ორივე კანდიდატს ჰყავს თავისი მომხრეები სენატში.

„ჯონ ბოლტონთან მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს“, განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა, ოკლაჰომიდან, ჯიმ ინჰოფმა.

„მე ვფიქრობ მისი მოსვლის შემთხვევაში, ის იქნება შესანიშნავი სახელწმიფო მდივანი. თუმცა, სავარაუდოდ, ჯულიანი დაიკავებს ამ პოსტს. ორივე კარგი არჩევანია“, - თქვა მან.

„ის ადამიანები, რომელთა კანდიდატურაც მან წარმოადგინა სახელმწიფო და თავდაცვის მდივნების პოსტებზე, ყველა ძალიან კომპეტენტურია, კარგი ხალხია. ეს კარგი ამბავია“, - განაცხადა რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა სამხრეთ კაროლინიდან.

ჯულიანის და ბოლტონის გარდა, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ტრამპი სხვა კანდიდატებსაც განიხილავს. მათ შორის რესპუბლიკელი ბობ კორკერი, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს. კორკერმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ მისი სახელიც ფიგურირებს პოსტზე განხილულ კანდიდატთა შორის, და ამასთანავე სხვა კანონმდებელთა სახელებიც მეორდება სხვადასხვა პოსტებზე.

„მე ვფიქრობ სხვადასხვა სენატორის კანდიდატურა განიხილება სხვადასხვა პოსტებზე“, - განაცხადა კორკერმა.

ტრამპის მიერ განხილული კანდიდატების კრიტიკასთან ერთად, დემოკრატები ყურადღებას ამახვილებენ პროცესზე. მედიის თქმით ხელისუფლების გადაცემის გუნდში განხეთქილება და ქაოსია, თუმცა ტრამპი და მისი გუნდი ამ ინფორმაციას უარყოფს.

„როგორც ჩანსკ ტრამპი ისე აპირებს ქვეყნის მართვას, როგორც საარჩევნო კამპანია წარმართა. ჩვენ დემოკრატები ვერთიანდებით იმის გარშემო, რომ ვაჩვენოთ, თუ პოტენციურად როგორი სახიფათოა ეს ადმინისტრაცია ქვეყნისთვის“, - განაცხადა სენატორმა კრის მერფიმ კონექტიკუტიდან.

„ტრამპი მის მიმართ ლოიალობით არჩევს კანდიდატებს და არა ქვეყნის სამსახურის მზაობიდან გამომდინარე“, - დაამატა მერფიმ.

15 ნოემბერს, რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა არიზონიდან განცხადება გააკეთა, რომელშიც საუბრობდა იმაზე, რომ დაუშვებელია ამერიკის მხრიდან რუსეთისადმი, კიდევ ერთხელ, დიპლომატიური გადატვირთვის პოლიტიკის წამოწყება. მაკკეინის თქმით, ეს ნაბიჯი პუტინის ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს. პუტინი, მაკკეინის თქმით, „ყოფილი KGB-ს აგენტია, რომელმაც ქვეყანა ტირანიად გადააქცია, პოლიტიკური ოპონენტები მოკლა, სხვა ქვეყნებში შეიჭრა, ამერიკის მოკავშირეებს ემუქრება და ამერიკის არჩევნებში ჩარევას შეეცადა“.

„კიდევ ერთი „გადატვირთვა“ იქნება პუტინთან და ასადის რეჟიმთან სირიელი ხალხის დახოცვაში თანამონაწილეობის ტოლფასი“, - განაცხადა მაკკეინმა.

„ამერიკის ხმის“ კითხვას, იმის შესახებ თუ რამდენად კომპეტენტური საგარეო პოლიტიკური გუნდი ეყოლება ტრამპს, მაკკეინმა უპასუხა, რომ მას „წარმოდგენა არა აქვს“.

ხოლო მეორე რესპუბლიკელმა, სენატორმა კორი გარდნერმა კოლორადოდან, განაცხადა, რომ ისეთ საფრთხეებს როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, ტრამპი წარმატებით გაუმკლავდება.

„ჩვენი პოზიციები და ჩვენი მზაობა უსაფრთხოების დასაცავად იქნება მტკიცე და ჩვენი ალიანსი სამხრეთ კორეასთან. მე ვფიქრობ, ჩვენ გავაძლიერებთ აქტივობებს და საქმიანობას ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა გარდნერმა.

XS
SM
MD
LG