ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატმა ბაიდენის კაბინეტის პირველი წევრი დაამტკიცა


20 იანვარს ამერიკის ახალი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის გარდა, ფიცი სამმა ახალმა სენატორმაც დადო. ამის შემდეგ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს სენატში მანდატების თანაბარი რაოდენობა აქვთ, თუმცა გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს აქვს, რომელიც ამავე დროს სენატის პრეზიდენტადაც მიიჩნევა.

პირველი კენჭისყრისას სენატმა რესპუბლიკელთა მცირე ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი - ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორი დაამტკიცა - ავრილ ჰაინესი. ინაუგურაციის დღესვე ახალი პრეზიდენტის რამდენიმე კანდიდატის დამტკიცების ტრადიცია ერთგვარი სიმბოლური და საკანონმდებლ ოორგანოს კეთილი ნების გამომხატველი ჟესტია.

ჰაინესი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის ყოფილი მოადგილე ამიერიდან ბაიდენის უშიშროების გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრი გახდება. ის იქნება ქვეყნის დაზვერვის სხვადასხვა სამსახურის საქმიანობის ზედამხედველი. მის დამტკიცებას 84-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 10-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

სენატის უმრავლესობის ახალი, უკვე დემოკრატი ლიდერი ჩაკ შუმერი კოლეგებს მოუწოდებდა, რომ პრეზიდენტის მიერ ერთიანობის მოწოდებების შესაბამისად ემოქმედათ.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა ხმამაღლა და ნათლად თქვა, ჩვენ გვაქვს ვრცელი დღის წესრიგი, და ეს ერთად უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა შუმერმა.

ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს კი კონგრესის ზედა პალატაში აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მან ფიცი სამ ახალარჩეულ სენატორს დაადებინა. მათგან ორი ჯორჯიის სენატის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატები იყვნენ.

ჯონ ოსოფი კონგრესის ყოფილი თანამშრომელი და გამომძიებელი ჟურნალისტია, რაფაელ უარნოკი კი ატლანტაში, მარტინ ლუთერ კინგის ეკლესიის პასტორი. ალექს პადილა კალიფორნიის გუბერნატორმა სენატორის პოსტზე მას შემდეგ წარადგინა, რაც ეს მანდატი კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ვაკანტური გახდა.

"ამერიკა დღეს ახალ ფურცელს შლის, ჩვენ ბოლო 4 წლის ფურცელს გადავშლით, თავიდან გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას, დავამარცხებთ კოვიდ-19-ს, და ჩვენი ხალხისთვის ეკონომიკის გაუმჯობესებას დავაჩქარებთ. ჩვენ მათ აქ ამისთვის გამოგვგზავნეს", - უთხრა ოსოფმა კაპიტოლიუმში შეკრებილ ჟურნალისტებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG