ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეცნიერები სოციალური ქსელების საშუალებით თანამშრომლობენ


მეცნიერები სოციალური ქსელების საშუალებით თანამშრომლობენ
მეცნიერები სოციალური ქსელების საშუალებით თანამშრომლობენ

„ფეისბუქისა“ და სხვა მსგავსი სოციალური ქსელების მეშვეობით შესაძლებელია მეგობრებთან და ყოფილ თანაკლასელებთან დაკავშირება და ინფორმაციის გაცვლა. ახლა მეცნიერები იმედს გამოთქვამენ, რომ სოციალური ქსელების ტექნოლოგია სამეცნიერო პროგრესს დააჩქარებს, იუწყება ბოსტონიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი კურტ ნიკიში.

რამდენიმე წლის წინ სამეცნიერო ექსპერიმენტის წარმართვისას ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი იად მაჰდიში ერთსა და იმავე პრობლემებს აწყდებოდა. შესაძლოა შეფერხებები მის მიერ არჩეულ ალგორითმს უკავშირდებოდა, ან ექსპერიმენტის წარმართვის მეთოდს, მაგრამ ცხადი იყო ის, რომ ექსპერტიმენტს რაღაცა აკლდა.

„მეცნიერებაში ამგვარ მცირეოდენ დეტალებზე ბევრი დრო იხარჯება,“ აღნიშნავს მაჰდიში.

მაჰდიშის აკადემიურ მრჩეველს არ ესმოდა ის, თუ რატომ არ გამოდიოდა ექსპერიმენტი. ლაბორატორიაში მსგავს ექსპერიმენტებზე არავინ მუშაობდა. ამდენად კოლეგებს დახმარების აღმოჩენა უბრალოდ არ შეეძლოთ.

„ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. შემდეგ კი ვიფიქრე, რომ ინტერნეტზე უნდა იყოს ისეთი ადგილი, სადაც მეცნიერებს საკუთარი გამოკვლევებისა და გამოქვეყნებული ნაშრომების შესახებ ინფორმაციის დადება შეუძლიათ,“ აღნიშნავს მკვლევარი.

სწორედ ამის გამო მაჰდიშს გაუჩნდა სოციალური ქსელის შექმნის იდეა, რომელიც მხოლოდ მეცნიერებისთვის იქნება განკუთვნილი. „ფეისბუქის“ მაგვარ ქსელს უფრო სერიოზული მისიის შესრულება დაეკისრება. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ეს იქნება ინტერნეტზე მოთავსებული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მკვლევარები ერთმანეთს დაუკავშირდებიან და საკუთარი კვლევითი საქმიანობის შესახებ იმ ინფორმაციას გაცვლიან, რომელიც, როგორც წესი, საჯაროდ არ ქვეყნდება. მაჰდიშის თქმით, ეს იდეა, რომელსაც მან „რესერჩგეითი“ ანუ „კვლევის კარიბჭე“ უწოდა, მეცნიერებს უფრო ნაყოფიერს გახდის.

„ჩემს მიზანს ნობელის პრემიის მიღება წარმოადგენს. მე ეს ნამდვილად მჯერა. თუ დაუშვებთ იმას, რომ კვლევის კარიბჭე სხვადასხვა სფეროებში მეცნიერულ ძიებას დააჩქარებს, მაშინ მომავალში სამეცნიერო პროგრესის სიჩქარე მნიშვნელოვნად შეიცვლება. ნამდვილად მიმაჩნია, რომ ამის გამო კვლევის კარიბჭე ერთ დღეს ნობელის პრემიას დაიმსახურებს,“ აღნიშნავს მაჰდიში.

მკვლევარის იდეამ ინვესტორების მოწონება დაიმსახურა. „ფეისბუქის“ ყოფილმა აღმასრულებელმა პირმა, რომელმაც თავის დროზე „თვითერი“ დააფინანსა, კვლევის კარიბჭეს სახსრები გამოუყო. ჯერ-ჯერობით კვლევის კარიბჭე დაახლოებით 900,000 წევრს აერთიანებს.

ერთ-ერთი მათგანი კაროლინ მურ-კოუკლისი გახლავთ. კვლევის კარიბჭეში კაროლინი ბოსტონის უნივერსიტეტში მდებარე ოფისიდან შედის. კვლევის კარიბჭეში მოთავსებულ პროფილში ნაჩვენებია კაროლინის ფოტო, ნახსენებია მისი კვლევის საგანი - ნეირომეცნიერება, მითითებულია აკადემიური მრჩევლის სახელი და ჩამოთვლილია სამეცნიერო გამოცემები. მას შეუძლია თვალ-ყური ადევნოს სხვა მკვლევარებს, ჩაერთოს სხვადასხვა ჯგუფებში ან გარკვეული თემები განიხილოს.

კაროლინს კვლევის კარიბჭე მოსწონს იმის გამო, რომ მას ამ სოციალური ქსელის გამოყენებით ალგორითმებთან დაკავშირებულ რთულ კითხვებზე პასუხის მიღება შეუძლია. კვლევის კარიბჭის საშუალებით კაროლინი იგებს იმას, თუ რომელი რეაქტივი უნდა გამოიყენოს ამა თუ იმ ქიმიურ რეაქციაში, რომელ სამეცნიერო პროექტებზე მუშაობეს ესა თუ ის ლაბორატორია, და რომელი ახლად გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატია ყურადსაღებია.

„ამჟამად სამეცნიერო ლიტერატურა იმდენად ვრცელია, რომ ამა თუ იმ საგანში ყველაფრის წაკითხვა ნამდვილად შეუძლებელია. ამდენად ხალხი უფრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იგებენ ისინი სხვებისგან,“ დასძენს კაროლინი.

XS
SM
MD
LG