ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთი მკვლელობაში ეჭვმიტანილების ექსტრადირებას არ აპირებს


საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ დააკმაყოფილა ანკარის მოთხოვნა თურქეთში ქვეყნის ორი ყოფილი ოფიციალური წარმომადგენლის ექსტრადიციის თაობაზე. თურქული მხარე მათ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილებად მიიჩნევს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კვირას რიადში ჟურნალისტებს უთხრა: "ჩვენ არ გადავცემთ ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყანას".

გასულ კვირას თურქეთის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ორი პირის წენააღმდეგ. მათგან ერთ-ერთი საუდ ალ-ქატანი ტახტის მემკვიდრე, პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან დაახლოებული პირია. მეორე აჰმად ალ-ასირია, რომელიც დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელია. თურქული მხარის ცნობით, არსებობს სანდო მტკიცებულებები, რომ ისინი ჩართულნი იყვნენ ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვაში. ქატანი ერთ-ერთია იმ 17 ადამიანს შორის, რომელთა წინააღმდეგაც ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ ჟურნალისტის მკვლელობის საქმის გამო სანქციები დააწესა.

ამ ორ და კიდევ ოფიციალური პირების ნაწილს პოზიციები დაატოვებინეს მას შემდეგ, რაც ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი და საუდის არაბეთის ვერსიით, ის საკონსულოში აგენტების შეთქმულებისა და მოულოდნელი თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ჟურნალისტი, რომელიც საუდის ააბეთის მმართველების, კონკრეტულად კი პრინც მუჰამედის აქტიური კრიტიკოსი იყო და "ვაშინგტონ პოსტისთვის" წერდა, ოქტომბერში სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტების მისაღებად მივიდა და გაუჩინარდა. შენობიდან გამოსული ის არც არავის უნახავს და არც კამერებს დაუფიქსირებია. ქვეყნის ხელისუფლება გარკვეული ხნის მანძილზე ამტკიცებდა, რომ მან შენობა უვნებელმა დატოვა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ოფიციალური პოზიცია, რომლის თანახმადაც, ის საკონსულოში მოგზავნილი აგენტების შეთქმულებისა და თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG