ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-რუსეთის შეთანხმება


ეს არის სარედაქციო წერილი, რომელიც აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს

დიდი ოცეულის სამიტზე მექსიკის საკურორტო ქალაქ ლოს კაბოსში, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ, ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები გააფართოვონ.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით იქნება რუსეთის გაწევრიანება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. ობამას ადმინისტრაცია კონგრესთან მუშაობს ჯექსონ-ვანიკის სახელით ცნობილი საკანონმდებლო ჩასწორების მოქმედების შესაწყვეტად და რუსეთთან პერმანენტული ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების გასაფართოებლად. აღნიშნული ნაბიჯების მიზანია, რუსეთ-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობებმა ამ ქვეყნის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით ისარგებლოს. ამას გარდა, ჯექსონ-ვანიკის შესწორების გაუქმება ამერიკელ მეწარმეებს, ფერმერებს, ინოვატორებს, მომსახურების სფეროს პროვაიდერებს და ექსპორტიორებს საშუალებას მისცემს, სხვა უცხოელი კონკურენტების მსგავსად, თანაბარი პირობებით ისარგებლონ და რუსეთის მზარდ ბაზარზე მიუწვდებოდეთ ხელი.

რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, მოსკოვი ვალდებული იქნება ამ ორგანიზაციის ყველა წესს დაემორჩილოს, ისევე როგორც კონკრეტული ვალდებულებები შეასრულოს გაწევრიანების პროტოკოლიდან გამომდინარე. რუსეთმა უკვე გადადგა ნაბიჯები ამ ვალდებულებების შესრულების მიმართულებით და მიიღო ან კორექტირება მოახდინა ადგილობრივ კანონმდებლობაში, რათა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებთან მოსულიყო შესაბამისობაში. ამ ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის რუსეთის ხელისუფლებასთან მუშაობას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სავაჭრო რეჟიმის სრული ამოქმედების ფარგლებში.

ვაშინგტონი მიესალმება რუსეთის ძალისხმევას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში გაწევრიანების მიმართულებით. წევრობა რუსეთისთვის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე.

ინტეგრაციის პროცესი რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზაციისა და დივერსიფიკაციის ძალისხმევას დაეხმარება და, ასევე, გააუმჯობესებს ამ ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს.

ამ ფონზე, რუსეთსა და ამერიკას შორის ინვესტიციების მოცულობა შესაძლებელზე დაბალია. ამერიკის შეერთებული შტატები ამ დროს მხარს უჭერს ორმხრივი ინვეტიციების გაფართოების კონტექსტში ტექნიკური დისკუსიების წარმართვას, რაც, საბოლოო ჯამში, ორივე ქვეყანაში ინვესტორებისთვის უკეთეს პირობებს უზრუნველყოფს.

ვაშინგტონი, ასევე, გააგრძელებს მუშაობას რუს კოლეგებთან და შეეცდება ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ურთიერთობებში, ისევე როგორც კერძო სექტორში, ინოვაციების გაფართოებას შეუწყოს ხელი.

ვაშინგტონი და მოსკოვი მონდომებულნი არიან, ერთად იმუშაონ და ორმხრივი სავაჭრო თუ საინვესტიციო ურთიერთობები გააფართოვონ ურთიერთ ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის წახალისების მიზნით.
XS
SM
MD
LG