ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტურიზმი ინერციით


პრეზიდენტი სააკაშვილი აქტიურად ლობირებდა ანაკლია-განმუხურის პროექტს. დღევანდელ ხელისუფლებას ამ მიმართულებით რაიმე განსაკუთრებული ღონისძიება არ გაუტარებია

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:08:34 0:00
ბმული

საქართველოში ზაფხული ზღვის აქტიური სეზონია. როგორც წესი, ზღვისპირა ქალაქებში ამ პერიოდისთვის ხალხმრავლობაა. ბათუმის, ქობულეთის, გონიოს, სარფის პლაჟები გადატვირთულია როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამსვენებლებით. სამიოდე წლის წინ, ყოფილმა ხელისუფლებამ შავი ზღვისპირა ზოლის სრულად ათვისება მნიშვნლოვნად ჩათვალა და პლაჟების მოწყობის სამუშაოები ისეთ ადგილებშიც წამოიწყო, სადაც მანამდე ამგვარი ტრადიცია ნაკლებად არსებობდა. ანაკლია და განმუხური, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარს უშუალოდ ესაზღვრება ამგვარი ინტერესის ეპიცენტრში აღმოჩნდა. კონფლიქტური რეგიონის სიახლოვეს პატრიოტთა ბანაკიც გაიხსნა, სადაც ახალგაზრდების დასვენებას სახელმწიფო აფინანსებდა. ანაკლიაში კი მშენებლობების ბუმი დაიწყო. ყოფილი ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი სააკაშვილი აქტიურად ლობირებდა ანაკლია-განმუხურის პროექტს. დღევანდელ ხელისუფლებას ამ მიმართულებით რაიმე განსაკუთრებული ღონისძიება არ ჩაუტარებია.

ანაკლიაში დღეს-დღეობით რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსი მუშაობს. მოწყობილია ბულვარი, ფეხით მოსიარულეებისთვისა და ველოსიპედის მოყვარულთათვის საგანგებო ბილიკებით, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დღეს იქ ხალხმრავლობა იგრძნობა. უქმადაა და არ მუშაობს აგრეთვე აკვაპარკი, რის მშენებლობაზეც უზარმაზარი თანხები გაიხარჯა და რომლის სარეკლამო ბანერებსაც თბილისი-ქუთაისის მაგისტრალურ გზაზე არაერთგზის შეგხვდებათ. ამ ბანერებიდან შეიტყობთ სწორედ, რომ ანაკლიაში აკვაპარკში შესვლის ფასი 15 ლარია. ანაკლიაში ყოფნისას კი გავიგეთ, რომ აკვაპარკი გამართულად იმუშავებდა, თუ ეყოლებოდა მომხმარებელი. შეჩერებულია ასევე ზღვის სანაპიროზე მბრუნავი რესტორნის მშენებლობის პროექტი. სამუშაოს უდიდესი ნაწილი შესრულებულია, თუმცა საქმე ბოლომდე არაა მისული. ანალოგიურ მდგომარეობაშია კიდევ რამდენიმე სასტუმროც, რომლის დასრულება და აღჭურვაც მესაკუთრემ ფინანსურად გაუმართლებელ ინვესტიციად მიიჩნია.

დამსვენებლები უშუალოდ ადმინისტრაციულ საზღვართან პლაჟზეც შეგიძლიათ იხილოთ. აქ ვერ ნახავთ ვერანაირ ტრაფარეტს რაც მიანიშნებდა იმას, რომ გზის გაგრძელება სახიფათოა. მცირე ზომის ბორცვს მიღმა პოლიციის დანაყოფებია განთავსებული. გზის აბნევის შემთხვევაში ისინი თავად შეგეხმიანებიან და მოგიწოდებენ უკან გაბრუნებისკენ. სასაზღვრო ბორცვამდე უშუალოდ მიდის სასეირნო ბილიკი. ადმინისტრაციული საზღვრიდან 50 მეტრში კი უკვე ქვიშის ფეხბურთის სათამაშო მოედანია მოწყობილი.
ზენონი წურწუმია, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრიდან 100 მეტრის დაშორებით, პლაჟზე ჩავწერეთ, ზუგდიდელია. განმუხურის პლაჟზე მან შვილიშვილები დასასვენებლად მოიყვანა. ამბობს, რომ აქ ზღვა სუფთაა და საშიშიც არაფერია.

„უფრო სისუფთავეა განმუხურის ზღვაზე, ჩემი აზრით. არ მეშინია აქ ყოფნა. რატომ უნდა მეშინოდეს ჩემს ქვეყანაში? საშიში ფაქტები წინათ იყო, ახლა არაფერია. ვფიქრობ უკეთესობისკენ მიდის საქმე. თუნდაც იმის გამო, რომ ჩემი შვილიშვილები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, თავისუფლად ჩამოდიან, ისვენებენ. მტრულად რუსეთი უკვე აღარ გვიყურებს, ჩემი აზრი ასეთია,“- ამბობს ზენონი წურწუმია.

ალეკო ფიფიას კაფეს „მამა-პაპური“ ჰქვია და ადმინისტრაციულ საზღვართან ყველაზე ახლოს დგას,დაახლოებით, 200 მეტრის მოშორებით. კაფეს მეპატრონე მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. „მამა-პაპური“ ზუგდიდში არსებული ამავე სახელწოფების მქონე რესტორნის ფილიალია. ალეკო ფიფია:

„როგორც იტყვიან რუსეთის საზღვართან ვართ, უფრო სწორად საქართველოს საზღვართან. საშიში არაფერია. არავინ არ გვაწუხებს. ვმუშაობთ ჩვეულებრივი რიტმით. საშიში არაფერია. რუსი დამსვენებლები რომ ჩამოდიან, ინტერესდებიან ამ ადგილით და მოდიან. თბილად ვღებულობთ და თბილი განწყობაც აქვთ ჩვენს მიმართ. მოქალაქეებს ვგულისხმობ. პოლიტიკაში ვერ ვერკვევი და არც მინდა ჩარევა. არაა ჩემი საქმე პოლიტიკა. მე უნდა ვივაჭრო, მოვემსახურო ადამიანებს. მნიშვნელობა არ აქვს რუსი იქნება თუ ქართველი. კმაყოფილი ადამიანი არასდროს არაა. ეს მისი თვისებაა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ აქ თითქმის ათი ადამიანი მყავს დასაქმებული. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით, 30 ადამიანი მაინც ირჩენს თავს აქ მუშაობით, ათი ოჯახი.“

ნანა ჭეჟია ექიმია გაგრიდან დევნილი. იგი უკვე ოცი წელია, რაც კიევში ცხოვრობს. ამბობს, რომ აქ არაფრის ეშინია და გარემო ძალიან მოსწონს:

„პენსიონერი ექიმი აქ არამგონია ვინმეს უნდოდეს და იქ, უკრაინაში, პენსიონერიც ვარ და ვმუშაობ კიდეც. ძალიან მიხარია, რომ აქ ასეა აშენებული ყველაფერი. ბავშვობაში როდესაც მოვდიოდი ანაკლიაში, არაფერი მხვდებოდა, ძროხების გარდა. ახლა, უკანასკნელი ორი წლის მანძილზე სისტემატურად ვსტუმრობ ამ ადგილს და აღტაცებაში ვარ, რასაც ვხედავ. გაგრა ძალიან მენატრება. აქ რომ მოვდივარ, პალმებს ვხედავ და კეთილმოწყობილ პლაჟს, გაგრა მახსენდება და მიხარია. ჩემმა შვილებმა იციან, რომ აფხაზი ცუდია და აფხაზების შვილებს კიდევ ქართველები ჰქონიათ ცუდები. ყველაზე საშინელი შედეგი ესაა იმის, რაც მოხდა.“

„პალმ ბიჩი“ სასტუმროა ანაკლიაში, რომლის დირექტორი მურთაზ ჯოლოხავა
იმის თაობაზე გვესაუბრა, თუ როგორ აპირებს ბიზნესის გაფართოებას.

„სასტუმროს კომპლექსი ჯერ დამთავრებული არ გვაქვს, მაგრამ პირველი წელია, რაც მივიღეთ დამსვენებელი. ორნახევარი წლის წინ დავიწყეთ მშენებლობა. ადვილი ნამდვილად არ იყო. იყო სირთულეებთან დაკავშირებული, მაგრამ დავძლიეთ. ახლა ჩვენ ორი სასტუმროს კორპუსი გვაქვს 50 თანამედროვე ნომრით, ცალკე მდგომი რესტორანი 400 ადამიანზე გათვლილი დარბაზით. თქვენ ხედავთ, რომ საცურაო აუზი ჯერ არ გვაქვს, თუმცა გამოყოფილია ფართი ამისთვისაც. დაწყებული გვაქვს მშენებლობა და მომავალი სეზონისთვის ესეც გვექნება. იქნება ასევე ფიტნეს-დარბაზი ტრენაჟორებით, სპორტული მოედანი. მიღწეულით არ ვჩერდებით, გვინდა სასტუმროს ერთი კორპუსიც დავამატოთ. ვაპირებთ ბავშვების გასართობი მოედნის მშენებლობასაც. ვცდილობთ, რომ სტუმარი, რომელიც მოვა ჩვენთან იყოს ყველაფრით უზრუნველყოფილი და კომპექსიდან არ დაჭირდეს გასვლა, თუ არ ჩავთვლით პლაჟს. ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ ინვესტიციაა, მაგრამ იმედები გვაქვს. ბიზნესში გათვლებიც ხდება, რა თქმა უნდა, ჯერ-ჯერობით მშენებლობის სტადიაში ვართ და მომავლის იმედი გვაქვს. თქვენც ამჩნევთ, ალბათ, რომ ტურიზმი ვითარდება. მომსახურების კლასიც ვითარდება, ვსწავლობთ თანდათან. ჩვენ ნაცვლად ვინმე რამეს არ გააკეთებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, იქნება ეს რეკლამა თუ სხვა, ჩვენი ძალებით. მთავარი ხელშეწყობა ისაა, რომ ხელი არ შეგვიშალონ,"- ამბობს მურთაზ ჯოლოხავა.

ანაკლია და განმუხური ახლა ცალსახად კერძო ინიციატივებისა და ინვესტიციების იმედადაა. მომავალი ორი წელი ალბათ სრული ოქიექტურობით აჩვენებს იმას, თუ როგორ განვითარებას ჰპოვებს საკურორტო ბიზნესი აქ, ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე.
XS
SM
MD
LG