ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსთავი უხელფასო შვებულებაში


სურათზე: რუსთავის მეტალურგიულის მუშების საპროტესტო აქცია

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, რომელიც პატარკაციშვილების ოჯახის მფლობელობაშია, ოფიციალური ინფორმაციით,უხელფასო შვებულებაში, კიდევ 150-მდე თანამშრომელი გაუშვა. და, ეს გადაწყვეტილება ფოლადის მსოფლიო ბაზარზე კრიზისული ვითარებით ახსნა. ქარხნის ადმინისტრაციამ დასაქმებულებს წერილობით შეატყობინა, რომ 10 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით დათხოვნილები არიან და ხელფასს ვერ მიიღებენ.

დათხოვნილმა თანამშრომლებმა ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება დღეს, რუსთავში, მეტალურგიული ქარხნის მთავარ ოფისთან გააპროტესტეს. სტიქიურ აქციას პროფკავშირის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, მათი ინფორმაციით, საუბარია არა 150, არამედ 300-მდე თანამშრომლის დროებით დათხოვნაზე.

ქარხნის მუშები შიშობენ, რომ მათ შეიძლება იმ 730 თანამშრომლის ბედი გაიზიარონ, რომელიც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მენეჯმენტმა. 2015 წელს, ეტაპობრივად, ჯერ უხელფასო შვებულებაში გაუშვა, შემდეგ კი საერთოდ სამსახურის გარეშე დატოვა.

სიტუაციის ასეთი განვითარების შესაძლებლობას არ უარყოფს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძეც, რომელიც პარალელურად, ეკონომიკის სამინისტროში შექმნილი ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის წევრიცაა.

„როგორც კი ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ისევ გაიზრდება და ამის იმედი გვაქვს, იქედან გამომდინარე რომ ყოველ წელს ასე ხდება, გაზაფხულზე ამ ხალხს უკან დავაბრუნებთ. თუ, ცხადია ფოლადზე მოთხოვნა არ გაიზარდა, მაშინ სხვა ზომებს მივიღებთ.“

ამიერკავკასიაში უდიდესი - რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, საქართველოში პატარკაციშვილების ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს აქტივია. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 2011 წელს, პატარკაციშვილებმა უარი არ თქვეს, პრეზიდენტ სააკაშვილის შეთავაზებაზე დაეთმოთ, იმ დროს ხელისუფლების მიერ უკანონოდ წართმეული -ტელეკომპანია „იმედი“, ასევე უკანონოდ ჩამორთმეული, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის (მთაწმინდის პარკთან ერთად) დაბრუნების სანაცვლოდ.

2011 წლიდან, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას პატარკაციშვილების ოჯახი კომპანია „რუსთავის ფოლადის“ მეშვეობით მართავს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიაში რეგისტრირებული კომპანია „ტოლანიუს ბიჰეერ ბი ვია“.

ჯერ კიდევ, 2013 წელს, „რუსთავის ფოლადის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე აცხადებდა, რომ „მოიზიდა ინვესტიციები, მოახდინა ქარხნის გადაიარაღება და 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა.“

ქარხნის ოფიციალურ ვებ-საიტზე კი ასეევ საუბარია, რომ 2015 წლის ბოლოსთვის, „ფოლადსადნობ საამქროში წარმადობის 200000 ტონამდე გაზრდას“ და „ყოველთვიურად 11,000 ტონა კვადრატული ნამზადისა და არმატურის რეალიზაციას“ გეგმავდნენ.

ასეთი გეგმების პარალელურად, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხნამ 2015 წელს, 2100 დასაქმებულიდან, ერთ მესამედზე მეტი სამსახურიდან გაუშვა. რეორგანიზაციის მიზეზად: ხან, თბილისის საქალაქო და უზენაესს სასამართლოებში, ქარხნის ყოფილ მეპატრონე ჯოზეფ კეისთან და და კომპანია „მეტაკომთან“ მიმდინარე დავა, ხან კი ფოლადის მსოფლიო ბაზარზე არსებული რთული ვითარება სახელდებოდა.

მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავჯდომარე თამაზ დოლარებიძე ამბობს

„რუსთავის მეტალურგიულის ადმინისტრაცია პერიოდულად რეორგანიზაციებს ატარებს. 2015 წელს, ორ ეტაპად, 700-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან. მიმაჩნია რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად. იმიტომ, რომ რეორგანიზაციას ეკონომიკურ პრობლემებს სჭირდება წერილობითი დასაბუთება. უნდა აიხსნას ამ ნაბიჯების მიზანშეწონილობა, რაც არ მომხდარა. ძალიან მაკვირვებს ამ დროს მთავრობის პოზიცია.“

პროფკავშირის ინფორმაციით, დღეს, დაძაბული მოლაპარაკების შემდეგ, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხნის მენეჯმენტი დათანხმდა, რომ ორ დღეში წარმოადგენს საკუთარ ახალ წინადადებებს დოკუმენტის სახით.

როგორც უხელფასო შვებულებაში გაშვებული მუშები, ისე პროფკავშირი თვლიან, რომ ეს არის „იძულებითი მოცდენა“ დამსაქმებლის მიზეზით და შესაბამისად, შრომის კანონმდებლობის მიხედვით, სრულად უნდა ანაზღაურდეს.

ამავე დროს, დროებით დათხოვნილ მუშებს კომპანია უნდა დაეხმაროს საბანკო ვალდებულებების გადავადებაში, გადაუხადოს მათ, შარშანდელი სახელფასო დავალიანება და მისცეს ანაზღაურებადი შვებულების ფული. ასევე რუსთავის მეტალურგიულმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ 10 მარტიდან ამ ადამიანებს სამსახურში დააბრუნებს. ქარხნის მუშა ელდარ ბერძენიშვილი ამბობს:

„ვითხოვთ, რომ ეს იძულებითი მოცდენა, რადგან ეს ჩვენი მიზეზით არ ხდება და ეს არის ქარხნის მფლობელების მიზეზით, სრულად ანაზღაურდეს, ეს არის ჩვენი კანონიერი მოთხოვნა.“

საბჭოთა საქართველოში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას 8 წლის მანძილზე აშენებდნენ, ის ოფიციალურად 1948 წლიდან ამუშავდა. 1999 წლამდე, სანამ ეკონომიკური კრიზისის გამო გაჩერდებოდა, მეტალურგიულმა 50 მილიონ ტონაზე მეტი ფოლადი და 36 მილიონი ტონა მზა ნაგლინი გამოუშვა.

2005 წელს, სახელმწიფო პრივატიზაციის შემდეგ, მეტალურგიული ქარხანა ბადრი პატარკაციშვილმა კომპანია Energy & Industry Complex-ის მეშვეობით იყიდა.

2008 წელს, პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მხარდაჭერით, ქარხანას პატარკაციშვილის ახლო ნათესავი იოსებ კაკიაშვილი იგივე ჯოზეფ კეი დაეპატრონა. 2011 წელს, სააკაშვილის ხელისუფლებამ, პატარკაციშვილების ოჯახს, რუსთავის მეტალურგიული ტელეკომპანია „იმედში“ გაუცვალა.

ქალაქ რუსთავში, სადაც 125 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, დასაქმებულთა თითქმის 44 პროცენტი სწორედ დამამუშავებელ მრეწველობაში საქმიანობს. ოფიციალური ინფორმაციით, მუშევრობის დონე 10 პროცენტს აღემატება, არაოფიციალურად კიამ მაჩვენებელზე, სულ მცირე, სამჯერ მეტია.

XS
SM
MD
LG