ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აფასებენ


სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვტილებას და რუსთავის 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ვაშინგტონში აფასებენ. პოლ სტრონსკი, კარნეგის ფონდიდან, ოპოზიციური მედიის მნიშვნელობაზე საუბრობს, განსაკუთრებით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

„მე მესმის, თუმცა მაშფოთებს ეს გადაწყვეტილება. ის გვაჩვენებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობა საკმაოდ კომპლექსურია. ის პრობლემები, რომელიც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ, ახლა დაეწია. თუმცა მაშინ, როცა გადაწყვეტილება გასაგებია, მე მომავალზე ვდარდობ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს კარგი და ჯანსაღი ოპოზიციურად განწყობილი მედია გამოცემა, განსაკურებით ახლა, როდესაც არჩევნები მოდის. ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, ეს გადაწვეტილება მხოლოდ ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზებას, რაც ქვეყანას არ ეხმარება. ეს, სამომავლოდ არ მოახდენს კარგ გავლენას ქართულ დემოკრატიაზე და საქართველოს ინტეგრაციაზე დასავლურ პოლიტიკურ და კულტურულ სტრუქტურებში", - განაცხადა მან.

ეს, სამომავლოდ არ მოახდენს კარგ გავლენას ქართულ დემოკრატიაზე და საქართველოს ინტეგრაციაზე დასავლურ პოლიტიკურ და კულტურულ სტრუქტურებში
პოლ სტრონსკი

პოლ სტრონსკი, კარნეგის მშვიდობის ფონდი
პოლ სტრონსკი, კარნეგის მშვიდობის ფონდი

სტრონსკი ამბობს, რომ საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი შემცირდა.

„გასულ თვეში ჩვენ ვიხილეთ, რომ ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. ქუჩის დემოკრატიას უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ინსტიტუციურ დემოკრატიას. მედიის თავისუფლება უკვე აღარ არის იმავე ხარისხში, როგორც ადრე იყო. ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, შეუძლია სხვა გზებიც მოძებნოს, მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ ვსაუბრობთ მედიაში ორ ყველაზე დიდ მოთამაშეზე და ახლა ორივეზე დომინაცია პოლიტიკური სპექტრის ერთ მხარეს აქვს. ეს საკმაოდ პრობლემურია. ვფიქრობ, საქართველოს, ნამდვილად სჭირდება მეტი დამოუკიდებელი მედია გარემო“, - აცხადებს სტრონსკი.

ის იმედოვნებს, რომ ოპოზიცია მოახერხებს ამ პირობებშიც კი საკუთარი მესიჯის გახმოვანებს.

მედიის თავისუფლება უკვე აღარ არის იმავე ხარისხში, როგორც ადრე იყო. ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, შეუძლია სხვა გზებიც მოძებნოს, მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ ვსაუბრობთ მედიაში ორ ყველაზე დიდ მოთამაშეზე და ახლა ორივეზე დომინაცია პოლიტიკური სპექტრის ერთ მხარეს აქვს.
პოლ სტრონსკი

„მედია გარემოში ამ დრომდე ცოტა მოთამაშე დომინირებდა და ახლა ერთი ხმის გამოკლებით, უფრო მეტ დომინაციას ვიხილავთ. ვიმედოვნებ, რომ ოპოზიცია მოიფიქრებს, როგორ მიიტანოს თავისი მესიჯები საზოგადოებამდე და ასევე ვიმედოვნებ, რომ სხვა მედია გამოცემები, რომლებიც ახლა დამოუკიდებლები არიან, შესძლებენ ამოავსონ ის სიცარიელეები, რომელიც [რუსთავის 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში] დარჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ის.

მაკკეინის ინსტიტუტის პრეზიდენტი, კურტ ვოლკერი საუბრობს კანონის უზენაესობის დაცვის და სასამართლო გადაწვეტილებისთვის პატივისცემის მნიშვნელობაზე, თუმცა დასძენს, რომ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედია სივრცის შენარჩუნება.

საქართველოსთვის ან ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ქონა. ვერ გექნება წარმატებული დემოკრატია, თუ მთელს ინფორმაციას, ერთი მხარე და ერთი თვალსაზრისი აკონტროლებს.
კურტ ვოლკერი

„წლების განმავლობაში არსებობდა პრობლემები რუსთავი 2-ის საკუთრების გარშემო. კანონის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით, საკუთრების საკითხის განხილვისას, უნდა მიჰყვე სასამართლოს გადაწვეტილებას. ამას რა თქმა უნდა, ექნება შედეგები, მაგრამ უნდა მიჰყვე კანონის უზენაესობის პრინციპს. მეორეა, რომ საქართველოსთვის ან ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ქონა. ვერ გექნება წარმატებული დემოკრატია, თუ მთელ ინფორმაციას, ერთი მხარე და ერთი თვალსაზრისი აკონტროლებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სასამართლოს ეს გადაწვეტილება ძალაში დარჩეს, ეს არ ცვლის საქართველოსვის დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას და თუ რეალობა ასეთი არაა, მაშინ რაიმე სხვა უნდა შეიქმნას“, - ამბობს ის.

კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი
კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი

„არხს პოლიტიკური მიზეზებით არ უნდა ესხმოდნენ თავს, კანონის უზენაესობა და სამართლიანობა ერთი საკითხია, თუმცა თუ ადგილი აქვს პოლიტიკურ მოტივაციას, ეს განსხვავებული თემაა და ასე არ უნდა ხდებოდეს“, - დაამატა მან.

თავისუფალი მედია, კურტ ვოლკერის თქმით, ყველა პოლიტიკური მოთამაშის ინტერესშია. ის ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს ამ მიზნისკენ წავიდნენ.

როლები იცვლება, ერთ დღესაც ქართული ოცნება ოპოზიციაში აღმოჩნდება და მასაც მოუნდება წვდომა მედიაზე.
კურტ ვოლკერი

„დაიცავით კანონის უზენაესობა, ყველა შემთხვევაში და ყველასთვის თანაბრად. იმუშავეთ ბევრი თავისუფალი ინფორმაციის და მედია სივრცის შესანარჩუნებლად და გამოჰყავით ეს პოლიტიკური შეჯიბრიდან. ყველა ქართველის ინტერესშია, იქნება ეს ქართული ოცნების თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, კანონის უზენაესობა და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. როლები იცვლება, ერთ დღესაც ქართული ოცნება ოპოზიციაში აღმოჩნდება და მასაც მოუნდება წვდომა მედიაზე. ყველამ ამ გარემოს შექმნისკენ უნდა იმუშაოს“, - თქვა მან.

არხს პოლიტიკური მიზეზებით არ უნდა ესხმოდნენ თავს, კანონის უზენაესობა და სამართლიანობა ერთი საკითხია, თუმცა თუ ადგილი აქვს პოლიტიკურ მოტივაციას, ეს განსხვავებული თემაა და ასე არ უნდა ხდებოდეს
კურტ ვოლკერი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ აღიარა საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დამდგარი განაჩენი. დღესვე, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა.

მალევე, ცვლილება რუსთავის 2-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი, პაატა სალია დაინიშნა. მოგვიანებით, სალია რუსთავი 2-ის ოფისში მივიდა და ნიკა გვარამიას და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს შეხვდა. გვარამიამ ახალ დირექტორთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, თავად სალია კი ჟურნალისტებს განმეორებით, სავარაუდოდ, ხვალ შეხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG