ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუს პენსიონერს $82-ის გაჩუქების გამო სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს


ქ. უფაში, პენსიონერ ილმირა ბიკბაიევას რუსეთის ბაშკირეთის სასამართლომ 3 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მიზეზი ის გახდა, რომ მან, საკუთარი პენსია 6 000 რუბლი (82 ამერიკული დოლარი) დაკავებული ოპოზიციონერის დედას გაუგზავნა და ამით მას დახმარება აღმოუჩინა.

საუბარია აირატ დილმუხამეტოვზე, რომელიც რუსეთში ცნობილი ოპოზიციონერია და მას 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. 59 წლის ქალი ცნობილი ოპოზიციონერის დედის დახმარებას ცდილობდა. ბიკბაიევა ამბობს, რომ მას სურდა ხანშიშესული ქალისთვის დახმარება გაეწია.

ადამიანის კეთილი სურვილი რუსეთის საგამოძიებო ორგანომ დანაშაულად ჩათვალა და ბიკბაიევას ექსტრემიზმის ფინანსურ მხარდაჭერაში ბრალი წაუყენა. სასამართლოზე პროკურორმა პენსიონერისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, თუმცა სასამართლო უფრო ლმობიერი აღმოჩნდა და პენსიონერს სამი წლით პირობითი სასჯელი დააკისრა.

რუსეთის პროკურატურა ირწმუნება, რომ ბიკბაიევას მიერ გაგზავნილი 82 ამერიკული დოლარი დილმუხამეტოვის დედამ ექსტრემისტული საქმიანობისთვის გამოიყენა. რუსეთში ამის არავის სჯერა, რადგან, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, 82 ამერიკული დოლარი (6 000 რუბლი) რუსეთში საშუალო ხელფასის მეათედს ოდნავ აღემატება.

ვიდრე სასამართლო პენსიონერს 3 წლით პირობით სასჯელს დაუმტკიცებდა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ილმირა ბიკბაიევას რუსეთში საბანკო ანგარიშები და საკრედიტო ბარათები გაუყინეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG