ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული პროპაგანდა კონფლიქტის ზონაში


ფოტო: "რადიო თავისუფლება"

რუსული პროპაგანდა განსაკუთრებულ სამიზნედ შიდა ქართლის რეგიონს ირჩევს, სწორედ იმ ტერიტორიას, რაც 2008 წელს ომის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. წლების განმავლობაში ჩანდა, რომ ადამიანთა ის ჯგუფი, ვინც სიმპათიებით იყო განწყობილი კომუნისტური პარტიის მიმართ სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. უკანასკნელ პერიოდში კი საპირისპირო ტენდენტია იკვეთება, რაც პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალებისა და ძველი კომუნისტური პარტიის კავშირის შედეგია. რუსული პროპაგანდა ცდილობს ერთი ქოლგის ქვეშ მოაქციოს საბჭოეთისადმი ნოსტალგიით განმსჭვალული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების თაობაც და მათი თანამოაზრეებიც, ვისაც ზურგს ახლა უკვე პოლიტიკური ამბიციები უმაგრებს და ახალისებს.

წელს, 9 მაისისთვის გრადიოზული აქციის ორგანიზებას აანონსებენ პრორუსულად განყობილი კომუნისტებისა და ევრაზისტების ალიანსი გორში, სტალინის მშობლიურ ქალაქში. აქ რამდენიმე დღეა უკვე გამოჩნდნენ ავტომანქანების კოლონები, რომლებიც გეორგიევსკის ლენტითა და საბჭოური დროშით გადაადგილდებიან. აი, რა განცხადებებს აკეთებენ გორში: „სტალინის ძეგლის დადგმა უნდა გორის მოსახლეობის 95 პროცენტს“,– ამბობს გიორგი კანდელაკი ცნობილი მოკრივე. „უნდა ვიყოთ ფრთხილად და ყურადღებით კი არა მხოლოდ, თავი უნდა შევწიროთ, რომ ეს არ მოხდეს“ (იგულისხმება სტალინის ძეგლის დაუდგმელობა – ნ.დ.), – აცხადებს ალეკო ლურსმანაშვილი, კომუნისტური პარტიის ლიდერი გორში; „მას შემდეგ, რაც გაფუჭდა საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან, ვერ ამოისუნთქა ქართველმა გლეხმა“, – თემურ ხაჩიური, გორის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე.

უკანასკნელ პერიოდში სტალინის ძეგლის დადგმის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა დონ–კიხოტის ქარის წისქვილებთან შერკინებას დაემსგავსა, თუმცა იმის გასააზრებლად, რომ ეს ყველაფერი ბელეტრისტიკაში კი არ ხდება, არამედ რეალობაში, ისიც მოწმობს, რომ ორიოდე თვის წინ სტალინის ძეგლის დადგმის წინააღმდეგ განცხადებების ავტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მან განთავისუფლების მიზეზად, ოფიციალურად დაასახელა მისი ანტისტალინელობა.

ვითარება წელს მაინც განსხვავებულია, რადგან ამჯერად უკვე გამოჩნდნენ საზოგადოებაში ადამიანები, ვინც საჭროდ ჩათვალეს თვითორგანიზება და დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულების დაფიქსირება. ერთ–ერთი ასეთი მოქალაქე გვანცა დოლუაშვილია. ამერიკის ხმასთან ის ამბობს: „ჩვენ ვნახეთ 2015 წლის 9 მაისს ფართომასშტაბიანი მსვლელობა გორში ევრაზიული კავშრისა და კომუნისტური პარტიის ორგანიზებით. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ ეს პრორუსული ძალები მთელი წლის განმავლობაში, რეგულარულად ეწევიან პროპაგანდას სხვადასხვა სოფელში, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებზე, სადაც სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთი ჩააქვთ და ადგილობრივ მცხოვრებლებს ურიგებენ, ასევე, ისტორიული ფაქტების დამახინჯებით მიწოდებით ცდილობენ გააღვიძონ და გააღვივონ კეთილგანწყობა რუსეთის მიმართ.“

რაც არ უნდა მოხერხებული იყოს რუსული პროპაგანდა, შეუძლებელია მოსახლეობისთვის შეუმჩნეველი დარჩეს ის ფაქტი, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებები კონფლიქტის ზონაში გრძელდება. უკანასკნელ ინციდენტს ადგილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში გუშინ ჰქონდა.

XS
SM
MD
LG