ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში რუსული არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებით რეგიონებში აქტიურობენ


საქართველოში კიდევ ერთი რუსული ორგანიზაცია ფუძნდება. "რია ნოვოსტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის წყაროც გრიგორი კარასინია, ირკვევა, რომ საქართველოში დეკემბრის შუა რიცხვებში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება.

საქართველოსთან ურთიერთობების საკითხებში რუსეთის წარმომადგენელი იმედს გამოთქვამს, რომ ცენტრის გახსნა და ფუნქციონირება პრობლემების გარეშე ჩაივლის.

დღეს, საქართველოში 21 რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს. მათგან 9, ბოლო 7 წლის განმავლობაში შეიქმნა. რუსული არასამთავრობოების დიდი ნაწილი რეგიონებში სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ყოველწლიურად მართავს და რუსული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა.

2009-2011 წლების განმავლობაში, საქართველოში არცერთი რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია არ დაფუძნებულა. 2003-2008 წლებში, საქართველოში 6 რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდა. 6 რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია კი 2003 წლამდე დაარსდა.

ვებგვერდი "აი.ფაქტის-ის" მიერ 2018 წელს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები რუსეთიდან მიღებული ფულითაა დაფინანსებული:

  • საერთაშორისო რუსულენოვანი კულტურის ცენტრი "ჟემჩუჟინა"
  • საქართველო რუსეთის ურთიერთობების ასოციაცია აჭარაში
  • სრულიად ქრისტიან-მოლოკანთათემი
  • აჭარის რუსულენოვანი ინტელიგეციის ასოციაცია "რასვეტი"
  • ჰუმანიტარული საქველმოქმედო კავშირი "რუსი" ქალაქი ფოთი
  • დუხობორების საზოგადოება
  • რუსეთის თანამემამულეთა აჭარის საზოგადოება
  • კავშირი "ბულგარი"
  • საქართველოს კაზაკთა გაერთიანება
  • საერთაშორისო ახალგაზრდული ასოციაცია
  • რუსული საზოგადოება "თანამემამულენი"
  • საზოგადოება "ნადეჟდა"
  • "როდნიკი"
  • "რუსული კლუბი"
  • ჟიული შარტავას სახელობის სოციალურ-კულტურულ-საგანმანათლებლოცენტრი
  • "სპექტრი"
  • საქართველოს რუს ქალთა კავშირი "იაროსლავნა"
  • რუსეთის თანამემამულეთა კავშირი
  • საქართველოს რუს თანამემამულეთა სამართლებრივი დაცვის ცენტრი
  • მრავალეროვნული საქართველოს კაზაკთა სამრევლოების აღორძიენბის საერთაშორისო საქველმოქმედო სოციალურ-ეკონომიკური ცენტრი
  • სამართლებრივი დახმარების ცენტრი

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ორგანიზაციებს რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭო აერთიანებს. საბჭოს ნიკოლაი სვენტიცკი ხელმძღვანელობს. საკოორდინაციო საბჭო საქართველოში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსული ფედერაციის ინტერესების სექციას ხელმძღვანელობს.

თავისთავად, საკორდინაციო საბჭო რუსეთიდან კერძოდ, ვლადიმირ პუტინის მიერ დაფუძნებული ფონდებიდან და სამთავრობო სტრუქტურებიდან იღებს დაფინანსებას.

ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს რამდენიმე რეგიონში ათობით რუსი ჩამოვიდა, რომელთა ნაწილსაც საქართველოში მუშაობის უფლება აქვს, ნაწილი კი საქართველოს მოქალაქეობას ელოდება.

"6 000 რუსი ახალგაზრდა ჩამოვიდა, რომლებიც მოქალაქეობას ელოდებიან. ზოგს, საცხოვრებელი ვიზა აქვს. პატიოსანი ხალხია, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო აქ ცხოვრება უნდა,”- ამბობს სვენტიცკი აიფაქტ-ჯი-სთან საუბრის დროს. სვცენტიცკი მხოლოდ
საკორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი არ არის, ის ამავე საბჭოს მიერ დაფინანსებულ "რუსულ კლუბს" ხელმძღვანელობს, ორგანიზაცია კი ყველაზე მეტად აქტიურია, ვიდრე დანარჩენი 20. "რუსული კლუბი".

"რუსული კლუბის" მიერ საქართველოში არაერთი ღონისძიება იმართება. ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ "რუსული კლუბის" გარკვეულ ღონისძიებები ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდის" მიერაც არის დაფინანსებული. ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, "ქართუ ფონდის" დახმარებით 2007-2008 წლებში 2 საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

ნიკოლაი სვენტიცკი ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს საქართველოში დიდი დაფინანსება არ აქვს, რადგან რუსეთის საელჩო საქართველოში არ არის.

სვენტიცკი წუხილს გამოთქვამს, რომ მათი დაფინანსების საკითხი სრულად არის დამოკიდებული, შვეიცარიის საელჩოზე. აქვე რუსული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას რომ დრო და ფინანსები ჰქონდეს, კარგ ორგანიზაციას შექმნიდა აჭარაში.

აქვე ამბობს, რომ უკმაყოფილოა საბჭოში შემავალი რუსული არასმთავრობო ორგანიზაციების მუშაობით. აღსანიშნავია, რომ კრემლის მიერ დაფინანსებული რუსული არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად, საქართველოს რეგიონებში მუშაობენ და აქტივობებს იქ მართავენ.

ამ დრომდე უცნობია, შეისწავლეს, თუ არა საქართველოს შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა "გამომძიებელ ჟურნალისტთა კავშირის" მიერ მომზადებული ინფორმაცია, რომელიც "აიფაქტზე" 2018 წელს გამოქვეყნდა.

რუსული პროპაგანდის გამტარებელი ორგანიზაციების შესახებ საუბარია მედიის განვითარების ფონდის მომზადებულ კვლევაში. 2019 წლის გაზაფხულზე კვლევის ავტორები ამბობდნენ, რომ რუსული პროპაგანდის ძირითადი კერები საქართველოში, უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG