ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი: დიდი სისხლისღვრა თავიდან ავიცილეთ


ევგენი პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოქალაქეებს პირველად მიმართა და განვითარებული მოვლენები შეაფასა. რუსული მედია იუწყება, რომ ვლადიმირ პუტინმა მადლობა გადაუხადა „ვაგნერელებს“, რომ მათ მიიღეს სწორი გადაწყვეტილება და „არ დაიწყეს ძმათამკვლელი ომი“.

„მადლობას ვუხდი იმ ჯარისკაცებს და ვაგნერის ჯგუფის მეთაურებს, რომლებმაც მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - ძმათამკვლელი სისხლისღვრა არ დაუშვეს, ბოლო ხაზზე გაჩერდნენ. დღეს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გააგრძელოთ რუსეთის მსახურება თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებით. ან სხვა სამართალდამცავ ორგანოებში,“- ამბობს პუტინი და აქვე განმარტავს, რომ ვაგნერელებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ დაბრუნდნენ ოჯახებში და გააგრძელონ ცხოვრება მშვიდად ან წავიდნენ ბელარუსში.

„ჩემი დაპირება შესრულდება, ვიმეორებ, არჩევანი თითოეულ თქვენთაგანზეა,“- ამბობს პუტინი.

პუტინმა მიმართვის დროს თქვა, რომ ვაგნერის ჯგუფის მებრძოლებისა და მეთაურების აბსოლუტური უმრავლესობა რუსი პატრიოტები არიან, რომლებმაც ეს დაამტკიცეს თავიანთი სიმამაცით ბრძოლისველზე.

რაც შეეხება სამხედრო გადატრიალების მცდელობას პუტინი ამბობს, რომ მან სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად სწორი ნაბიჯები გადადგა.

„თავიდანვე, ჩემი პირდაპირი მითითებით, გადაიდგა ნაბიჯები დიდი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად,“- აცხადებს პუტინი და განმარტავს, რომ აჯანყების დაწყებიდანვე კრემლმა დაუყოვნებლივ მიიღო ყველა საჭირო გადაწყვეტილება წარმოქმნილი საფრთხის განეიტრალების, კონსტიტუციური წესრიგის, რუსების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად.

„შეიარაღებული აჯანყება ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა,“- თქვა მან და განმარტა, რომ აჯანყების ორგანიზატორებმა, „მიუხედავად ადეკვატურობის დაკარგვისა“ ეს გაიგეს.

„ყველა მათგანს ესმოდა, სხვა საკითხებთან ერთად, რომ წავიდნენ კრიმინალურ ქმედებებზე, რათა გაეტეხათ და დაესუსტებინათ ქვეყანა, რომელიც ახლა უპირისპირდება კოლოსალურ გარე საფრთხეს, გარედან უპრეცედენტო ზეწოლას, როცა ჩვენი თანამებრძოლები ფრონტზე იღუპებიან", - თქვა პუტინმა.

"ეს არის ზუსტად ის შედეგი - ძმათამკვლელობა - რაც სურდათ რუსეთის მტრებს: ნეო-ნაცისტებს კიევში და მათ დასავლელ მფარველებს და ყველა მოღალატეს. მათ სურდათ, რომ რუს ჯარისკაცებს მოეკლათ ერთმანეთი, სამხედრო პერსონალი და მშვიდობიანი მოსახლეობა, რათა რუსეთი და ჩვენი საზოგადოება დაესუსტებინათ,“- თქვა პუტინმა.

გამოსვლის დროს მან მადლობა გადაუხადა რუს სამხედროებს, სამართალდამცავებს და სპეცსამსახურების წარმომადგენლებს, რომ რუსეთის ინტერესების დაცვისთვის სწრაფად იმოქმედეს.

„საზოგადოებამ, აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ უმაღლესი კონსოლიდაცია, ყველა დონეზე გამოაჩინა. კონსტიტუციური წესრიგის მხარდასაჭერად მტკიცე, ცალსახა პოზიცია დაიკავეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, რელიგიურმა კონფესიებმა, წამყვანმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ფაქტობრივად, მთელმა რუსულმა საზოგადოებამ,“- თქვა პუტინმა გამოსვლის დროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG