ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრიგოჟინი ამბობს, რომ იძულებულია ბახმუტში დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოღალატედ შერაცხავენ


"ვაგნერის დაჯგუფების" დამაარსებელი და ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის და მისი მებრძოლები ბახმუტს დატოვებენ, მათ ქვეყნის მოღალატეებად შერაცხავენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, პრიგოჟინის თქმით, თუ მისი დაჯგუფება საჭირო შეიარაღებას არ მიიღებს, ისინი ბახმუტიდან გავლენ.

პრიგოჟინის მიმართვა 9 მაისს გავრცელდა. ამ დღეს რუსეთი მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებას აღნიშნავს.

"საბრძოლო ბრძანება გუშინ მოვიდა, სადაც ნათლად ეწერა, რომ თუ ჩვენს პოზიციებს დავტოვებთ [ბახმუტში], მაშინ ეს ჩაითვლება ღალატად სამშობლოს წინაშე. ეს იყო, რაც გადმოგვცეს",- ამბობს პრიგოჟინი.

იმავე აუდიო მიმართვაში კი კვლავ მისი ხმა ამბობს: "თუმცა, თუ შეიარაღება არ იქნება, მაშინ ჩვენს პოზიციებს დავტოვებთ და ვიკითხავთ ვინაა ის, ვინც ნამდვილად ღალატობს სამშბოლოს. როგორ ჩანს, მოღალატე ისაა, ვინც ამ ბრძანებას ხელი მოაწერა [ბრძანებას არასაკმარის შეიარაღების გაცემასთან დაკავშირებით]".

პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი სამხედრო დაჯგუფება ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება და შეიარაღებას დაელოდება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი საჭირო საბრძოლო იარაღს და მასალებს არ მიიღებენ, მაშინ "ვაგნერი" ბახმუტიდან გავა.

პრიგოჟინი ბოლო რამდენიმე თვეა, რაც აქტიურად აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელს, ვალერი გერასიმოვს. ბოლო დროს გავრცელებულ რამდენიმე მიმართვაში ის პირდაპირ ამბობს, რომ სამინისტრო და გენშტაბი არ აკეთებს საკმარისს "ვაგნერის" მებრძოლების დასახმარებლად.

ბოლო ვიდეო მიმართვა პრიგოჟინმა გასულ ორშაბათს გაავრცელა, სადაც ის ამბობდა, რომ ჰქონდა იმედი, რომ შეიარაღების პრობლემა მოგვარდებოდა, თუმცა, სამშაბათს თქვა, რომ მან ვერ მიიღო საჭირო შეიარაღება და მოთხოვნილი საბრძოლოს მასალის, მხოლოდ 10% ჩავიდა ბახმუტამდე.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბახმუტი უკრაინის ომში ყველაზე ცხელი წერტილი გახდა. გასული 15 თვის განმავლობაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და მძიმე ბრძოლების ადგილია. დიდი დანაკარგები აქვთ როგორც უკრაინულ, ისე რუსულ მხარეს, თუმცა მიუხედავად ამისა, ბრძოლა პატარა ქალაქ ბახმუტისთვის გრძელდება.

XS
SM
MD
LG