ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი პრიგოჟინის დაკრძალვაზე არ მივა


სამშაბათს, დაჯგუფება "ვაგნერის" წევრები ევგენი პრიგოჟინის ერთ-ერთი მოადგილის დაკრძალვაზე შეიკრიბნენ. თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა ბოლო გზაზე გააცილეს პრიგოჟინის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი ვალერი ჩეკალოვი, რომელიც პრიგოჟინთან ერთად, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა.

ჯერ არ დაუკრძალავთ თავად ევგენი პრიგოჟინი. შეკითხვაზე, დაესწრება თუ არა ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პრიგოჟინის დაკრძალვას, კრემლში უპასუხეს, რომ პუტინს მსგავსი გეგმა არ აქვს.

პრიგოჟინი და მისი 6 თანამებრძოლი თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, როდესაც ჯერ დაუდგენელი მიზეზით ის ჩამოვარდა. 23 აგვისტოს, ბორტზე მყოფი არცერთი ადამიანი არ გადარჩენილა.

ვაგნერის ლოგისტიკის ხელმძღვანელის ჩეკალოვის ოჯახთან ერთად, დაკრძალვაზე ათობით ადამიანი მივიდა, რომელთაგან ზოგიერთი ვაგნერის დაქირავებული მებრძოლი და პრიგოჟინის ბიზნესიმპერიის წარმომადგენლები იყვნენ. ჩეკალოვი სანქტ-პეტერბურგში, სევერნოიეს სასაფლაოზე დაკრძალეს.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამ გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდნა. მაგრამ, ავიაკატასტროფის ადგილის მახლობლად სოფლის მცხოვრებლებმა სააგენტო "როიტერს" უთხრეს, რომ აფეთქების ხმა გაიგეს და შემდეგ დაინახეს, როგორ დაეცა თვითმფრინავი მიწაზე.

კითხვაზე, დაესწრება თუ არა პუტინი პრიგოჟინის დაკრძალვას, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ „პრეზიდენტის იქ ყოფნა არ არის გათვალისწინებული“.

პესკოვმა თქვა, რომ კრემლს არ აქვს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია დაკრძალვის გეგმების შესახებ და რომ ასეთი დეტალების გადაწყვეტა ახლობლების პრეროგატივაა. ჯერ უცნობია როდის, ან სად დაკრძალავენ პრიგოჟინს.

XS
SM
MD
LG