ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი გენერალი უმაღლეს სარდლობას ღალატს აბრალებს


რუსმა გენერალმა თქვა, რომ სამეთაურო თანამდებობიდან გადააყენეს მას შემდეგ, რაც სამხედრო ხელმძღვანელობას უკრაინის ფრონტზე მძიმე ვითარების შესახებ მოახსენა, სადაც გენერლის თქმით, უმაღლესი სამხედრო სარდლობის შეცდომებმა რუს ჯარისკაცებს ზურგში დანა დაარტყა.

გენერალ მაიორმა ივან პოპოვმა, რომელიც 58-ე საერთო-საჯარისო არმიას მეთაურობდა, რუს კანონმდებელ ანდრეი გურულიოვის მიერ გამოქვეყნებულ ხმოვან შეტყობინებაში განაცხადა, რომ თანამდებობიდან ფრონტზე არსებულ ვითარების შესახებ სიმართლის თქმის შემდეგ გადააყენეს.

„უკრაინის არმია ფრონტზე ჩვენი ხაზების გარღვევას ვერ შეძლებდა, მაგრამ ჩვენმა უფროსმა მეთაურმა ზურგიდან დაგვარტყა, ყველაზე რთულ და დაძაბულ მომენტში არმიას თავი სასტიკად მოკვეთა,“ თქვა პოპოვმა.

პოპოვმა, რომელიც რუსულ ნაწილებს სამხრეთ უკრაინაში მეთაურობდა, უკრაინული არტილერიის მიერ რუსი ჯარისკაცების დაღუპვის საკითხი პირდაპირ წამოწია და თქვა, რომ არმიას მოწინააღმდეგის არტილერიის დაზვერვის და შესაბამისი კონტრ-საარტილერიო სისტემები არ ჰქონდა.

თავდაცვის სამინისტროს ამ ხმოვან შეტყობინებაზე კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია და სააგენტო „როიტერმა“ ჩანაწერის ნამდვილობის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო. კანონმდებელი გურულიოვი მკაცრი ხაზის მომხრე ყოფილი სამხედრო მეთაურია, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიაში ხშირად ჩნდება.

გაურკვეველია თუ ეს შეტყობინება როდის ჩაიწერა და პოპოვის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის. თავდაცვის სამინისტროს მისი მოხსნის შესახებ არაფერი უთქვამს.

თუ ეს ჩანაწერი ნამდვილია, საბრძოლო გენერლის მიერ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ასეთი საჯარო კრიტიკა, შესაძლოა მიანიშნებდეს რუსულ არმიაში არსებულ უკმაყოფილებაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში უდიდეს სახმელეთო ომს აწარმოებს.

XS
SM
MD
LG