ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წვრთნები და ზეიმი სამხრეთ ოსეთში


ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთი ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებს. სამხედრო ბაზები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი. წვრთნები ძარწემის პოლიგონზე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ძარწემი ერთ–ერთია იმ სოფელთაგან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ აღმოჩნდა ოკუპირებული. ის ქართული სოფელი გახლდათ, რომლის ყველა მაცხოვრებლის სახლი ჯერ დაწვეს, შემდეგ კი სპეციალური ტექნიკით მიწასთან გაასწორეს. მოგვიანებით ამ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზა განთავსდა. ძარწემის პოლიგონზე ახლა მოტომსროლელი, სატანკო, საარტილერიო და დასაზვერვო ქვედანაყოფები ატარებენ ტაქტიკურ სწავლებებს მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში, რომელშიც დაახლოებით ათასამდე სამხედრო იღებს მონაწილეობას.

წვრთნებს ორგვარი დანიშნულება აქვს:სამხედრო და პოლიტიკური – ამბობს ამერიკის ხმასთან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დოქტორი შალვა ძებისაშვილი: „პრაქტიკულად, წარმოდგენა არ გვაქვს რა რაოდენობის და საბრძლო შემადგენლობის ქვედანაყოფები, რა მიმართულებით, სად იქნება გადასროლილი, ან დაბრუნდებიან თუ არა იქ, საიდანაც გადაისროლეს. ზოგადი, წინასწარი, პრესისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რასაც რუსეთის ხელისუფლება გააჟღერებს ხოლმე, დამაკმაყოფილებელი, რა თქმა უნდა, არანაირად არაა. ჩვენს სიტუაციაში მყოფი ქვეყნისთვის ასეთი წვრთნები ყოველთვის საგანგაშოა, რადგან ხდება ფართო, დიდი მასის რუსული ქვედანაყოფების მობილიზება, რომელსაც შეუძლია შეტევის განხორციელება. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ჩრდილოეთი მონაკვეთი, ანუ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, არამედ საუბარია სომხეთის ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო ბაზაზე. ამიტომ თითქოს ალყაში ვართ მოქცეული.“

ფართომასშტაბიანი წვრთნები, რასაც რუსეთი ატარებდა, ყოველთვის წინ უსწრებდა მის მიერ სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად რეაგირებს მაშინ, როდესაც რუსეთი დაუგეგმავ და წინასწარ დაუანონსებელ წვრთნებს მიმართავს. შალვა ძებისაშვილი აცხადებს: „ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე გამოცხადებულია შავი ზღვის ფლოტის მობილიზაცია და იქაც ტარდება სწავლებები. შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო შესაძლებლობები რადიკალურად გაუმჯობესებულია 2008 წელთან შედარებით, ხარისხობრივადაც და რაოდენობრივად და ამ მხრივ აბსოლუტურად სხვა სიტუაცია გვაქვს, ვიდრე 2008 წელს. ერთადერთი ბერკეტი, რაც საქართველოს აქვს, ესაა საერთაშორისო ინსტიტუტების და ორგანიზაციების, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით მოვუწოდოთ რუსეთს მეტი გამჭვირვალობისკენ, რასაც აკეთებს კიდეც ნატოს გენერალური მდივანი. მისი ბოლოდროინდელი განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი გამოუცხადებელი, ეგრეთ წოდებული SMART სწავლებები არის სწორედ ძალიან საგანგაშო, რადგან მხარეებმა რეალურად არ იციან რა რაოდენობის, დანიშნულების და ამოცანების შესასრულებლად ხდება ძალების გადასროლა.“

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დღეს საზეიმო ღონისძიებები ტარდება რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. ერთი–ერთი მათგანის თაობაზე ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი გვიამბობს: „წვრთნები აქედან შორსაა და ხმაური არ გვაწუხებს. ტელევიზიითაც ნაკლებად ვიგებთ ასეთ ამბებს, რადგან ოსური არხები ახალგორში არ მაუწყებლობს. ქართული ტელევიზია გვაქვს და რუსული, რაც სატელიტზე გადის. დღეს იყო რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარების ზეიმი. შეიკრიბნენ კულტურის სახლის ახლად გარემონტებულ დარბაზში. მე იქ არ მივსულვარ, მაგრამ ვიცი, რომ ხალხი არ იყო. მხოლოდ კონცერტის მონაწილეები და მონაწილეების მშობლები ესწრებოდნენ. თავად კონცერტი ადგილობრივი მოსწავლეების მონაწილეობით შესრულდა. ხელმძღვანელებიდან, ანუ ხელისუფლებიდან ვინმე თუ იმყოფებოდა იქ, ესეც არ ვიცი. სულ რვა ცეკვა შესრულდა.“

სამხედრო წვრთნები სამხრეთ ოსეთში 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG