ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული პროტესტი - რეპორტაჟი მოსკოვიდან


აქციის მონაწილეები პოლიციელებს ხალხთან დგომისკენ მოუწოდებდნენ
აქციის მონაწილეები პოლიციელებს ხალხთან დგომისკენ მოუწოდებდნენ

აქციის მონაწილეები პოლიციელებს ხალხთან დგომისკენ მოუწოდებდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ანტისამთავრობო დემონსტრაციებს ოპოზიციაზე შეტევით პასუხობს. დეტალებს რუსული პროტესტის შესახებ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი არკვევდა.
მოსკოვში გამართულ აქციას დუმის დეპუტატი ილია პონომარევი მიუძღვებოდა. „ჩვენ ვართ ხელისუფლება“ - სკანდირებდნენ დემონსტრანტები. წინა დღეს ოპოზიციის ლიდერების ოფისებში და სახლებში პოლიციის რეიდების საპასუხოდ მოსკოვის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მანამდე, პრეზიდენტმა პუტინმა ოპოზიციის პროტესტის შემცირებას საკანონმდებლო ცვლილებებით უპასუხა და უკანონო აქციაში მონაწილეობაზე ფინანსური ჯარიმები დააწესა. საპროტესტო აქციას ოპოზიციის ბევრი ლიდერი ვერ დაესწრო. ისინი დაკითხვაზე იყვნენ და პოლიციის შეკითხვებს პასუხობდნენ. ერთერთი დემონსტრანტი 15 წლის ელიზაბეტი აქციაზე დედასთან ერთად იმყოფება. მას ხელში უჭირავს პლაკატი სადაც წერია: „უკან მომავალში 2012 = 1937“
1937 წელი ხომ ყოფილ საბჭოთა კავშირში მასობრივი რეპრესიების პერიოდი იყო. ელიზაბეტი ამბობს, რომ 7 მაისს პუტინის ინაუგურაციის დღეს, ის სხვა 400 დემონსტრანტთან ერთად დააკავეს. 22 წლის კირილი ამბობს, რომ რუსეთის მმართველი ელიტა ქვეყნის ნავთობის და გაზის რესურსებით მდიდრდება.
თუმცა, იმედი აქვს, რომ მისი თაობა რუსეთში კანონის უზენაესობის დამკვიდრებას მალე ნახავს.
დემონსტრანტთა შორის ბევრი ახალგაზრდაა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აქციებში ახალი თაობის მონაწილეობა ხელისუფლების რეპრესიებმა განაპირობა.
კარნეგის მოსკოვის ცენტრის ანალიტიკოსი მაშა ლიპმანი ამბობს, რომ პუტინის პრეზიდენტობის პირველმა თვემ პოლიტიკური რეპრესიებისადმი მისი მიდრეკილება გამოავლინა.
„ჩხრეკები, რეიდები, ახალი კანონი, რიგითი დემონსტრანტების დაპატიმრება, მათი გამორჩევა მოსკოველობის, ბიზნესმენობის და ახალგაზრდობის ნიშნით ძალზედ საგანგაშოა. პრობლემა ის არის, რომ როდესაც ამ გზაზე დგახარ, შეჩერება უკვე ძნელია.“
53 წლის ალექსანდრე შვედოვი ადრე ინჟინერი იყო. ახლა კი ქრისტიანული მიმდინარეობის ოპოზიციურ ჯგუფშია.
ის ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ორშაბათს განხორცილებულ რეიდებს მისმა ჯგუფმა ინტერნეტში ფართო კრიტიკით უპასუხა. აქციაზე შავ ფორმებში გამოწყობილი ანარქისტებიც იყვნენ. „აკრძალვა აკრძალულია“ - ეს მათი ძირითადი სლოგანია.
აქვე შეხვდებოდით კომუნისტებს, რომლებიც საბჭოთა სიმღერებს ასრულებდნენ და ნაციონალისტებს, რომელთათვისაც მოსკოვი ეს რუსული ქალაქია.
აქციაზე მყოფი მარინა შიშობს, რომ ნაციონალისტები, კომუნისტები და ანარქისტები უფრო უკეთ არიან მომზადებული პროტესტისთვის, ვიდრე ლიბერალები. 12 ივნისს რუსეთის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. პრეზიდენტმა პუტინმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა.
„გამარჯვება და წინსვლა მხოლოდ ერთიანობით მოხდება“- განაცხადა პუტინმა.
თუმცა, როდესაც ის ამ სიტყვებს ამბობდა, პოლიცია ოპოზიციის ლიდერების ბორის ნემცოვის ბინაში და ალექსეი ნავალნის ოფისში ჩხრეკას ატარებდა. სამშაბათის დემონსტრაციის ვიდეო და ფოტო კადრებს ვერტმფრენიდან იღებდნენ. ქუჩებში ათასობით პოლიციელი იყო მობილიზებული. თუმცა, დემონსტრანტები მათ მიმართ მეგობრულად იყვნენ განწყობილი. აქციის მონაწილეები პოლიციელებს ხალხთან დგომისკენ მოუწოდებდნენ. საპროტესტო აქციები მოსკოვშიც, პეტერბურგშიც და ნოვოსიბირსკშიც დაპატიმრებების გარეშე დასრულდა.
XS
SM
MD
LG