ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიის არაბულ ლიგაში დაბრუნებას ლობირებს


რუსეთი „არაბულ ლიგაში“ სირიის ხელახალ მიღებას ლობირებს. კრემლი ცდილობს ასადის რეჟიმს უფრო მეტი ლეგიტიმაცია შესძინოს და ომით დანგრეული ქვეყნის აღსადგენად თანხები მოიზიდოს. კრემლი ასადის მხარდამჭერ დიპლომატიას ეგვიპტესთან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებთან, ერაყთან და საუდის არაბეთთან აწარმოებს, რათა მომავალი თვის ტუნისის სამიტისთვის დამასკოს არაბულ ლიგაში დაბრუნებას მიაღწიოს.

სირიის დაბრუნების საკითხის განხილვა ორგანიზაციის სამიტის დღის წესრიგში ამ დროისთვის გაწერილი არ არის, თუმცა რუსი დიპლომატები, კულისებს მიღმა, არაბულ ქვეყნებს განრიგში ამ საკითხის შეტანას ურჩევენ. არაბულმა ლიგამ, რომელიც 22 წევრისგან შედგება, სირიას წევრობა 2011 წელს შეუჩერა, სირიის რეჟიმის მიერ საპროტესტო ტალღის არაადამიანური ჩახშობის შემდეგ. რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ დამასკოდან ელჩები გაიწვია.

მიუხედავად დამასკოს მიერ, დაბრუნებულ დევნილებზე ზეწოლისა და ძალადობისა, უკანასკნელ პერიოდში, სირიის დედაქალაქში რამდენიმე არაბული ქვეყნის საელჩო ხელახლა გაიხსნა.

კრემლის დიპლომატიური მცდელობები მრავალმხრივია. გასულ თქვეს, ნიკოლაი პატრუშევი, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო წრის წარმომადგენელი, აბუ-დაბიში გაერთიანებული არაბული საემიროების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს შეიხ ტაჰნუნ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს და ეგვიპტის პრეზიდენტს აბდელ ფატა ალ-სისის შეხვდა. რუსეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის ხელმღვანელი სერგეი ნარიშკინი საუდის არაბეთში იმყოფებოდა საუდის ტახტის მემკვიდრესთან, და დე ფაქტო მმართველთან, მოჰამედ ბინ სალმანთან შესახვედრად. ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერაყელ კოლეგასთან სირიის მიღების საკითხი განიხილა.

„არაბულ ლიგაში“ დამასკოს მიღება ამ მოლაპარაკებების ერთადერთი საკითხი არაა. რუსეთისთვის სირიაში ომის დასრულება და ასადის რეჟიმის გადარჩენა უფრო დიდი მისიის ნაწილია. მიმომხილველები ამბობენ, რომ მოსკოვი ცდილობს სირიის გამოყენებით რეგიონში წამყვანი ძალის სტატუსი და როლი მოიპოვოს.

ამ დრომდე, ერაყი და ეგვიპტე სირიასთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ, და ემხრობიან არაბულ ლიგაში დამასკოს მიღებას. საუდის არაბეთი და გაერთიანებული არაბული საემიროები კი ამბობენ, რომ მათ სურთ მოსკოვისგან გარანტიები, რომ ასადის რეჟიმი შეამცირებს ირანის, დამასკოს ახლო მოკავშირის, წარმომადგენლობას ქვეყანაში და თეირანის გავლენას სირიაში გადაწვეტილების მიღების პროცესში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG