ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიასთან პოლიტიკის შეცვლას ცდილობს


მოსკოვი სირიის და კერძოდ, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. როგორც ცნობილია, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სირიასთან დაკავშირებით თებერვლის დასაწყისში სწორედ რუსეთის და ჩინეთის ვეტოს გამო გაიყინა.

მას შემდეგ, რაც მედიაში სირიის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული ტერორის კადრები გახმაურდა, კრემლის ოფიციალური პირები სირიის მთავრობის პოლიტიკისგან თავს უფრო შორს იჭერენ. მოსკოვი ახლა შედარებით ნეიტრალური პოზიციის დაკავებას ცდილობს.

სამშაბათს რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ორი პრესკონფერენცია გამართეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უარყო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სირიის საპორტო ქალაქ ტარტუსში მდებარე რუსულ საზღვაო ბაზაზე სამხედრო ხომალდების გაგზავნის შესახებ და ამ ინფორმაციას „წმინდა წყლის ზღაპარი“ უწოდა.

ლავროვის თქმით ერთადერთი სამხედრო ხომალდი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის პორტში იმყოფება, არის რუსეთის საზღვაო ფლოტის ნავთობის ტანკერი, რომელიც პირატების საწინააღმდეგო რუსულ საპატრულო გემებს საწვავით ამარაგებს.

ორშაბათს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული ხომალდი უკვე 10 დღეა იქ იმყოფება და მასზე რუსი მეზღვაურები არიან. სპეციალისტების ეჭვს ხომალდის მდებარეობა იწვევს. გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურება მისი სომალის ნაპირებიდან და საერთოდ, პირატული ზონიდან 8 000 კილომეტრით დაცილებულ პორტში ღუზის ხანგრძლივად ჩაშვება.

სირიაში ძალადობის გაძლიერებასთან ერთად რუსეთმა აღნიშნულ რეგიონში სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდების გადაადგილებები მოახდინა. რუსეთის ოფიციალური პირების თქმით მიზანი სირიიდან რუსი მოქალაქეების გაყვანა იყო.

მოსკოვში გამართულ მეორე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანატოლი ანტონოვი შეხვდა. სირიაში რუსეთის არმიის შესაძლო ინტერვენციის გამო მსოფლიო საზოგადოებრიობის მზარდი შეშფოთების შესახებ მან განაცხადა, რომ „არ არსებობს ტაქტიკური ჯგუფი და სირიაში არც რუსეთის სამხედრო შენაერთები იმყოფებიან“.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით დეკემბრის შემდეგ ტარტუსის პორტში 4 რუსული სატვირთო გემი დაიცალა, რომელთაც სირიაში იარაღი და სამხედრო ტექნიკა ჩაიტანეს. ორშაბათს კი სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ სირიის არმიის შეიარაღების 78 პროცენტი რუსეთიდან მოდის. ვადიმ სალტიკოვსკი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი აღნიშნავს, რომ რუსული სამხედრო შეიარაღების გადაცემა მანამდე არსებული კონტრაქტებით იყო გათვალისწინებული.

იმისათვის, რომ მთელ მსოფლიოში რუსეთის მიერ სირიის შეიარაღების ბრალდებები გაბათილდეს, რუსეთმა პოლიტიკის შეცვლა დაიწყო. რუსმა ოფიციალურმა პირებმა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადზე წნეხი გაზარდეს, რათა მან საკუთარ ოპოზიციასთან მოილაპარაკოს.

ორშაბათს ლავროვი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს, ჯეიკობ კელენბერგერს შეხვდა. ლავროვმა და კელენბერგერმა ერთად მოუწოდეს სირიას გადაწყვეტილება ყოველდღიურად ორსაათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღოს, რათა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება, წყალი, საკვები და სამედიცინო საშუალებები შევიდეს და დაჭრილების გამოყვანა მოხდეს.

სამშაბათს ლავროვის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების მიხედვით რუსეთი გაეროს მიერ დანიშნული დესპანის, კოფი ანანის სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერს.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთი გაეროს სამშვიდობო რეზოლუციაზე თანხმობის მიცემას არ აპირებს და კვლავ ვეტოს უფლებას იყენებს, ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებაში კარგად ჩანს, რომ რუსეთის უკმაყოფილება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის პოლიტიკით თანდათან იზრდება. პროფესორი სალტიკოვის თქმით რუსეთი ასადს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს, რადგან კარგად ხედავს, რომ სირია სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას.

არაბული ქვეყნების რიგ დედაქალაქებში რუსეთის დროშას წვავენ. სირიის დედაქალაქ დამასკოში მას ამაყად აფრიალებენ. მოსკოვის ორ პრესკონფერენციაზე კი გარკვევით მაინც არ გამოჩნდა, თუ რამდენად აპირებს რუსეთი სირიის მიმართ პოლიტიკის შეცვლას.

XS
SM
MD
LG