ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ახალი მობილიზაციის გამოცხადება არ იგეგმება


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ქვეყანაში ახალი მობილიზაციის გამოცხადების აუცილებლობა არ არის. მინისტრი სერგეი შოიგუ განმარტავს, რომ წელს შეიარაღებულ ძალებში დარეგისტრირებულია 335 000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც მზად არის საბრძოლველად.

„დამატებითი მობილიზაციის გეგმა არ არსებობს“,- თქვა შოიგუმ სატელევიზიო მიმართვის დროს. და განმარტა, რომ რუსეთს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო სამხედრო მოსამსახურეები უკვე ჰყავს“.

კრემლის წარმომადგენელი რეგისტრირებულ ადამიანებს მადლობას უხდის და მათ პატრიოტობაზე საუბრობს.

„წლის დასაწყისიდან 335 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა სამხედრო სამსახურში კონტრაქტორად და მოხალისეთა ფორმირებაში... მხოლოდ სექტემბერში 50 000-ზე მეტმა მოქალაქემ გააფორმა კონტრაქტი“- ამბობს შოიგუ და განმარტავს, რომ ეს მნიშვნელოვანი პროგრესია.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბერში ვლადიმირ პუტინმა, 300 000 რეზერვისტის „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა, რის შედეგადაც ათასობით ახალგაზრდა მამაკაცმა ქვეყანა დატოვა, რათა თავიდან აერიდებინათ ომში წასვლა.

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხშირად აღნიშნავს, რომ დამატებითი მობილიზაციის განმეორება საჭირო არ არის. ზოგიერთი რუსი ოფიციალური პირი კი ამბობს, რომ 2022 წლის შემოდგომაზე გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ შეცდომა იყო, რომლის გამოც ბევრმა ადამიანმა რუსეთი დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG