ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის აგრძელებს სარაკეტო ტერორს უკრაინაში


ტორეცკი, უკრაინა
ტორეცკი, უკრაინა

რუსეთი აგრძელებს სარაკეტო იერიშს უკრაინის ქალაქებზე, ფრონტზე და მის მიღმა. 19 ივლისს, დონბასის ქალაქ კრამატორსკის ცენტრზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული განცხადება, დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გააკეთა.

პავლო კირილენკოს თქმით, საცხოვრებელ კორპუსში თავდასხმამ ძლიერი აფეთქებები და ხანძარი გამოიწვია. „რუსებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილს დაარტყეს... ამ დროისთვის ცნობილია სულ მცირე ერთი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ“, - წერს ის "ტელეგრამის" არხზე.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოელიან, რომ კრამატორსკი, ქალაქი, სადაც ომამდე 150 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, რუსეთის იერიშის მთავარი სამიზნე გახდება.

კრამატორსკი დონბასის იმ მცირერიცხოვან ქალაქთაგანია, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშაა. კიევმა რუსული ძალები დაადანაშაულა ფრონტიდან შორს მდებარე სამიზნეებზე დარტყმების გააქტიურებაში, მოსახლეობის ტერორის მიზნით, რის შედეგადაც ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მოსკოვი საპასუხოდ აცხადებს, რომ ის მიზანში სამხედრო ობიექტებს იღებს.

კრამატორსკზე შეტევამდე, რუსეთის რაკეტებმა საპორტო ქალაქ ოდესასა და აღმოსავლეთ ქალაქ ტორეცკს შეუტიეს. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა სერჰი ბრაჩუკმა 19 ივლისს "ტელეგრამზე" განაცხადა, რომ შავი ზღვის პორტზე, ზღვიდან გასროლილი შვიდი "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტით იქნა იერიში მიტანილი, და მათგან ექვსმა მოახერხა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გარღვევა. რაკეტები სამოქალაქო სამიზნეებს მოხვდა, აცხადება ბრაჩუკი.

სარაკეტო თავდასხმისას ქალაქ კრამატორსკში, 66 წლის ვოლოდიმირი დაიჭრა. 7 ივლისი, 2022
სარაკეტო თავდასხმისას ქალაქ კრამატორსკში, 66 წლის ვოლოდიმირი დაიჭრა. 7 ივლისი, 2022

ტორეცკში, ქალაქში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 30,000 ადამიანია, და რომელიც კრამატორსკიდან სამხრეთით, დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს, 18 ივლისს რუსეთის დაბომბვას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ივლისს თავის რეგულარულ ღამის ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინას ახლა შეუძლია "მნიშვნელოვანი ზიანი" მიაყენოს რუსულ ჯარს, დასავლური იარაღის წყალობით. ზელენსკის თქმით, შეიარაღება ნელ-ნელა ბრძოლის ველზე ბალანსს ცვლის. ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში 1028 დასახლება განთავისუფლდა რუსული ძალებისგან, კიდევ 2621 კვლავ რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩება.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა „შეძლეს ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ზიანის მიყენება“, რაც ურთულებს რუსეთის არმიას დაკავებულ ტერიტორიაზე პოზიციების შინარჩუნებას. „ეტაპობრივად ვწინაურდებით, ვარღვევთ ოკუპანტებს ლოჯისტიკას, ვავლენთ და ვანეიტრალებთ კოლაბორაციონისტებს. პერსპექტივა აშკარაა: უკრაინის დროშა იქნება ჩვენს ყველა ქალაქსა და სოფელში. ერთადერთი საკითხი, დროა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვალერი ზალუჟნიმ, უკრაინის არმიის მეთაურმა, აღნიშნა, რომ თანამედროვე არტილერიის „დროული ჩამოსვლა“, როგორიცაა აშშ-ის წარმოების HIMARS სისტემა, ხელს უწყობს ბრძოლის ველზე სიტუაციის შეცვლას. სამხედრო ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ HIMARS, რომელიც სხვა არტილერიასთან შედარებით უფრო ზუსტია და უფრო გრძელი რადიუსი აქვს, შეიძლება იქცეს კრიტიკულად კიევისთვის, ქვეყნის სამხრეთში კონტრშეტევის წამოწყების მცდელობაში.

კრამატორსკი, 16 ივლისი, 2022
კრამატორსკი, 16 ივლისი, 2022

უკრაინის სამხრეთში, ხერსონის რეგიონში, რუსეთის მიერ დაყენებულმა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, 19 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აშშ-ის მიერ მიწოდებული HIMARS რაკეტებით დაარტყეს საკვანძო ხიდს, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასის" გამოქვეყნებულ ვიდეოში, ხერსონის რეგიონში რუსეთის მიერ დაყენებული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კირილ სტრემუსოვი ამბობს, რომ უკრაინა ხერსონის ანტონივსკის ხიდს HIMARS-ით ურტყამს, რამაც გზა დააზიანა, მაგრამ არავინ დაშავებულა.

18 ივლისს უკრაინისა და აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უკრაინაში, ფრონტზე არსებული სიტუაცია განიხილეს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ, რომელიც ამ კვირის ბოლოსაა დაგეგმილი. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან, რათა განეხილათ მომავალი შეხვედრის მთავარი საკითხები.

„ჩვენ შევთანხმდით დღის წესრიგზე, გავუზიარეთ ინფორმაცია უკრაინაში შემოსული იარაღის კონტროლის შესახებ და ა.შ. ასევე, თავდაცვის მდივანს [ლოიდ ოსტინს] აქვს ძალიან კარგი ამბები, მაგრამ დეტალები ცოტა მოგვიანებით იქნება“, - თქვა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 20 ივლისს გაიმართება. ჯგუფის ბოლო შეხვედრა მაისში შედგა და მასში 47 ქვეყანა მონაწილეობდა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 19 ივლისს თავის ყოველდღიურ სადაზვერვო ბიულეტენში განაცხადა, რომ რუსეთის "განცხადებული" მიზანი, ამ ეტაპზე, დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონის სრულად აღებაა.

თუმცა, ბრიტანულმა დაზვერვამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა შესაძლოა კიდევ მეტი ტერიტორია დაიკავონ, „მათი საოპერაციო და წინსვლის ტემპი, სავარაუდოდ, ძალიან ნელი იქნება, რეორგანიზაციისა და შევსების მნიშვნელოვანი ოპერაციული პაუზის გარეშე“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG