ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის უკანასკნელმა გამოძიებამ საერთაშორისო და რუსული მედიის ყურადღება მიიპყრო. ვიდეო, სადაც ნავალნი ოლიგარქებზე, ქრთამებზე, იახტებზე და ესკორტის გოგონებზე ყვება ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ ბრალდებების არამედ მთავრობის მხრიდან ცენზურის მცდელობის და ტრამპსა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირების გარშემო არსებული მაღალი ინტერესის გამო მოხვდა.

ნავალნის მიერ ჩატარებულ ვიდეო გამოძიებას რუსეთის სამთავრობო უწყებებმა მკაცრად უპასუხეს. კომუნიკაციების მარეგულირებელი სამსახური „როსკომნადზორის“ განცხადებით, ქვეყანაში “Youtube”-ზე და „Instagram”-ზე წვდომა დაიბლოკება, თუ ისინი ნავალნის „ანტი-ანტიკორუფციული ფონდის“ მიერ 8 თებერვალს გამოქვეყნებულ ვიდეოს არ მოხსნიან. ვიდეოში რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა და პრემიერ-მინისტრის მოადგილე სერგეი პრიხოდკო დაქირავებულ ესკორტის გოგონებთან ერთად ფიგურირებენ.„Youtube“-ს და არც „Instagram”-ს ამ დრომდე რუსეთის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუცია.

ფოტო და ვიდეო მასალა ნავალნის გუნდმა „Instagram“-ის პოსტების მეშვეობით შეადგინა. ბელარუს გოგონას, ანასტასია ბაშუკევიჩს, რომელიც სოციალური ქსელში ნასტია რიბკას სახელით რეგისტრირდება, „Instagram”-ზე ფოტო და ვიდეო პოსტები აქვს განთავსებული სადაც ჩანს, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე პრიხოდკო და დერიპასკა ერთმანეთს ნორვეგიის წყლებში ბიზნესმენის იახტაზე შეხვდნენ.

„ოლიგარქი საკუთარ იახტაზე მთავრობის ოფიციალურ პირს ასეირნებს - ეს ქრთამია. ოლიგარქი ახალგაზრდა გოგონების ესკორტის მომსახურებას უზრუნველყოფს. გჯერათ თუ არა, ესეც ქრთამია“, -ამბობს ნავალნი.

კრემლი კომენტარზე უარს აცხადებს. რუსეთის სამთავრობო მედია საშუალებებმა ნავალნის გამოძიება არ გააშუქეს.ხოლო „როსკომნადზორმა“ ნავალნის ვიდეო და ბლოგი აკრძალული საიტების სიაში შეიტანა და “რადიო თავისუფლებას”, „მედიაზონას” და რამდენიმე სხვა გამოცემას ფოტოების და ვიდეოების წაშლა მოსთხოვა, სადაც აღნიშნული ადამიანების პირადი ინფორმაციაა მოცემული.

დღევანდელი მონაცემებით, “YouTube”-ზე ვიდეოს 5 მილიონამდე ნახვა აქვს.

Aleksei Navalni (Video Grab)
Aleksei Navalni (Video Grab)

ცენზურა ნავალნის წინააღმდეგ

ნავალნი და მისი შტაბი ვიდეოს სოციალური ქსელიდან წაშლაზე უარს ამბობენ. ის „როსკომნადზორს“ სასამართლოში უჩივის და ამბობს, რომ მარეგულირებლის გადაწვეტილება არაკანონიერია.

„ეს საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ მგრძნობიარე თემას შევეხეთ, ისე რომ ვერც მივხვდით ამას", ამბობს ნავალნის თანამებრძოლი ლეონიდ ვოლკოვი. „ჩვენ არანაირ შემთხვევაში არ წავშლით ვიდეოს... ვაპირებთ ყველაფრის იგნორირებას. თუ ჩვენი პოლიტიკური გათვლები სწორია, ვიდეოს არაფერი არ ემუქრება.“

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „აგორას“ იურისტი ალექსანდრე პოპკოვის თქმით რუსეთის ხელისუფლებამ გაკვეთილი ვერ ისწავლა.

„არ მესმის, რატომ ვერ ისწავლეს გაკვეთილი. თითოეული აკრძალვა ინსტერესს მხოლოდ ზრდის. ორი დღის შემდეგ ყველას დაავიწყდებოდა ნავალნის გამოძიების შესახებ... ინფორმაციის დაფარვას აზრი არ აქვს... ინფორმაციას დღევანდელი საინფორმაციო საზოგადოების პირობებში მხოლოდ ისეთ ქვეყნებში თუ დაფარავ, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა - ინტერნეტის აკრძალვის გზით“, - თქვა პოპკოვმა.

მედიას ინფორმაციის და „ყალბი ბრალდებების" გავრცელებისგან თავის შეკავებას მოუწოდებს გამოძიების ერთ-ერთი მთავარი გმირი, დერიპასკა. ის პარალალურად ნასტია რიბკას, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებისთვის, სასამართლოში უჩივის. ოლიგარქის თქმით, ის იბრძოლებს ნებისმიერი სახის „ცრუ ინფორმაციის შექმნის და გავრცელების“ წინააღმდეგ, რომელიც მის „პატივსა და კეთილშობილებას“ შეურაცხყოფს.

საერთაშორისო ყურადღების ცენტრში, დერიპასკას ვაშინგტონის კავშირებიც მოექცა. ნავალნის გამოძიებაში დეპასკასთან ერთად ასევე ფიგურირებს ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერი პოლ მანაფორტი. მანაფორტს და დერიპასკას საერთო საინვესტიციო პროექტი აკავშირებდათ, რომელიც მოგვიანებით არ განხორციელდა. მათი საერთო წარსული აჩენს ეჭვს, რომ კრემლი ტრამპის კამპანიასთან დაკავშირებას, შესაძლოა, სწორედ მანაფორტისა და დერიპასკას გავლით ცდილობდა.

მანაფორტი ამჟამად ამერიკაში მიმდინარე გამოძიების ცენტრშია, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის დეტალებს სწავლობს. მას, შეერთებულ შტატებში, ცოტა ხნის წინ ფულის გათეთრების, შეთქმულების და სხვა რამდენიმე მუხლით ბრალდება წაუყენეს. ის ბრალს არ აღიარებს.

რუხი კარდინალი

ბრალდებებს უარყოფს სერგეი პრიხოდკოც. ის რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი საგარეო საქმეთა მრჩეველის პოსტი უკავია. პრიხოდკო მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ბორის ელცინის პრეზიდენტობიდან მოყოლებული იმყოფება. მას ნავალნის ფონდი, ქრთამის აღების ბრალდების გარდა, მოსკოვსა და მის შემოგარენში მილიონობით დოლარის ღირებულების უძრავი ქონების ფლობასაც ედავება, რომლის შეძენასაც, ნავალნის თქმით, ადმინისტრაციის თანამშრომელი საკუთარი ხელფასით ვერ მოახერხებდა. პრიხოდკო არცთუ ისე ცნობილი ფიგურაა მიუხედავად იმისა, რომ კარიერის მანძილზე, რუსეთის ადმინისტრაციაში, რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა.

პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი "ამერიკის ხმის" რუსულ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ პრიხოდკოს სახელი ქმნის განცდას, რომ ის რუხი კარდინალია.

„რეალურად საქმე ასე არაა. მისი მნიშვნელობა რუსეთის მთავრობისთვის არის არა რაიმე საიდუმლო გავლენასთან კავშირით არამედ იმ რეალურ პასუხისმგებლობასთან, რომელიც მას ბოლო 20 წლის მანძილზე აქვს“, - ამბობს შულმანი. „ის ყოველთვის ახლოს იყო პირველ პირებთან, იყო პრეზიდენტ ელცინის ასისტენტი, შემდეგ ამინისტიის უფროსის მოადგილე ელცინისა და პუტინის პირობებში“.

პრიხოდკო აცხადებს, რომ ის აპირებს ნავალნის წინააღმდეგ ბრძოლას თუმცა არ უსაუბრია იმ ბრალდებებზე, რომელიც გამოძიებაშია მოყვანილი. „ეს კაცურ პასუხს საჭიროებს, თუმცა კანონიერ ჩარჩოში დავრჩებით“, - განაცხადა მან. „ამ პოლიტიკურმა უიღბლომ კიდევ ერთხელ სცადა პროვოკაციების მოწყობა, რათა საკუთარი თავი შეეხსენებინა, მან ქაოტურად შეურწყა შესაძლებელი შეუძლებელს - ჩემი მეგობრიდან დაწყებული, ამერიკის პრეზიდენტ ტრამპით დამთავრებული, მანაფორტამდე, რომელსაც მე პირადად არ ვიცნობ“, - ამბობს ის.

როგორ შეაცდინოთ მილიარდერი

ნავალნის გუნდმა რიბკას „ინსტაგრამის“ გვერდი მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ოპოზიციონერის მოსკოვის შტაბში რიბკა და მისი „კოლეგები“ დაგეგმილად შეცვივდნენ. გოგონებთან ერთად „რეიდისას“ პუტინის პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრი სერგეი ტოლმაჩევი იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც ნავალნიმ გამოძიება გამოაქვეყნა, რიბკამ ინსტაგრამზე ოპოზიციონერს მადლობა გადაუხადა, შემდეგ განაცხადა, რომ დერიპასკას იახტაზე ის ჯგუფურად გააუპატიურეს. რიბკამ მოგვიანებით ბრალდება უარყო და თქვა, რომ „იხუმრა“.

ნასტია რიბკა ავტორადაც გვევლინება. მას ეკუთვნის წიგნი „დღიური თუ როგორ შევაცდინოთ მილიარდერი“, სადაც ნავალნის ვერსიით პრიხოდკოს და დერიპასკას შეხვედრა დასტურდება, თუმცა ნაწარმოებში პერსონაჟების სახელები შეცვლილია.

სექსუალური შინაარსის ჩანაწერები და კომპრომატები რუსეთისთვის ახალი არ არის. 1990-იან წლებში რუსეთის გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები ერთმანეთის წინააღმდეგ კომპრომატულ მასალებს აქტიურად იყენებდნენ. მათ შორის იყო გენერალური პროკურორის იური სკურატოვის სექსუალური სკანდალის საქმეც, რომელსაც ნავალნის გამოძიებაც უთმობს ყურადღებას და რომელიც ვლადიმერ პუტინის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სათავეში ყოფნის დროს მოხდა. ზუსტად მაშინ, როდესაც სკურატოვმა ელცინის და მასთან დაკავშირებული პირების კორუფციის ბრალდებების გამოძიება დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG