ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ჟურნალისტის ლექცია ‘თავისუფლებაზე’


რუსი ჟურნალისტის ლექცია ‘თავისუფლებაზე’
რუსი ჟურნალისტის ლექცია ‘თავისუფლებაზე’

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ კეთლინ პარკერის სტატიით სათაურით „შურით გამსჭვალული რუსეთიდან ლექცია ‘თავისუფლებაზე,’“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 16 იანვარს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ პარკერი ეხმაურება 13 იანვარს თეთრ სახლში გამართულ პრეს ბრიფინგს რომლის დროსაც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „იტარ-ტასის“ ჟურნალისტმა ანდრეი სიტოვმა თეთრი სახლის პრეს მდივანს რობერტ გიბს არიზონაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საკმაოდ გამომწვევი კითხვა დაუსვა. სტატიაში ვკითხულობთ:

„საკმაოდ გამაღიზიანებელი და იმავდროულად სასაცილოა, როცა თეთრი სახლის პრეს მდივანს რუსი ჟურნალისტი ამერიკაში აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ლექციას უკითხავს.

სიტოვს მიაჩნია, რომ არიზონაში დატრიალებული ტრაგედია ამერიკაში აზრის თავისუფლების გამოვლინება იყო რადგან მისივე სიტყვები რომ მოვიშველიოთ ‘შეშლილმა ადამიანმა საკუთარი აზრი ძალადობით გამოხატა.’

შეიძლება რუსი ჟურნალისტი უბრალოდ გიბსის გამოწვევას ცდილობდა ვინაიდან მას აინტერესებდა თავისუფლების ზღვარის მიღწევა, რომელიც მის საკუთარ ქვეყანაში შეუძლებელია რადგან იქ ხომ ჟურნალისტებსა თუ ბლოგერებს კრიტიკული კითხვებისთვის ხშირად ასახიჩრებენ ან ხოცავენ.

მოსკოვში მდებარე კარნეგის სახელობის ცენტრის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გასული 10-15 წლის მანძილზე რუსეთში ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე 200 თავდასხმა დაფიქსირდა, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში სამართალდამცავებმა ნაყოფიერი გამოძიება ჩაატარეს.

სწორედ იმ ფასეულობების გამო, რომლებსაც სიტოვი აკრიტიკებდა, მან გამომწვევი კითხვა დასვა, რასაც შედეგად მის წინააღმდეგ არანაირი დაშინება ან ძალადობა არ მოჰყვა. ჩვენ მას ყოველივე კარგს ვუსურვებთ რათა რუსეთში დაბრუნებისას მან თავის ანგარიშში დაწეროს, რომ ერთი ადამიანის შეშლილი საქციელი თავისუფლების საბრალდებო ოქმი როდია და რომ ამერიკელთა უმრავლესობა ამ ორს შორის განსხვავებას კარგად ხვდება.“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ ალექს ბრამერის სტატიით სათაურით „ბობ, რატომ თამაშობ რუსულ რულეტს?“ რომელიც ბრიტანული გაზეთის „დეილი მეილის“ ვებ გვერდზე 17 იანვარს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„სიჩქარე და საიდუმლოება რომლითაც ‘ბრიტიშ პეტროლეუმმა’ გადაწყვიტა ბრიტანეთის უმსხვილეს სამრეწველო საწარმოში მოსკოვს სტრატეგიული წილი გადასცეს, ერთი შეხედვით, უზომოდ თავდაჯერებული კომპანიის ქცევას წააგავს. მაგრამ სინამდვილეში ეს რეალობისგან შორს არის.

BP-ის ახლად დანიშნული და ამერიკაში დაბადებული ხელმძღვანელის ბობ დადლის გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრ პუტინის მოსკოვთან პირდაპირი გარიგების გაფორმების შესახებ კომპანიის სისუსტით არის ნაკარნახევი.

გარიგების თანახმად რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ნავთობმომპოვებელი ჯგუფი ‘როსნეფტი’ მსოფლიოს წამყვან ნავთობმომპოვებელ კომპანია ‘ბრიტიშ პეტროლეუმში’ აქციების ხუთ პროცენტს შეიძენს. ამას გარდა, ‘როსნეფტი’ უახლეს ნავთობმომპოვებელ ტექნოლოგიას მოიპოვებს. ამის სანაცვლოდ კი BP-მ რუსეთის არქტიკულ რეგიონში ნავთობის მოპოვების უფლება მოიპოვა.

‘როსნეფტი’ გარიგებიდან ბევრ უპირატესობას მიიღებს. BP-ისთან გარიგება ‘როსნეფტს’ მსხვილ დასავლურ ნავთობმომპოვებელ კომპანიაში აქციების მნიშვნელოვან პაკეტზე კონტროლის უფლებას აძლევს. ‘როსნეფტი’ აგრეთვე BP-ის ექსპერტული ცოდნითა და უახლესი ტექნოლოგიებით ისარგებლებს. მაგრამ ეს აგრეთვე იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი ისეთ ბრიტანულ კომპანიასთან პირდაპირ კავშირს დაამყარებს, რომელიც ბრიტანეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

‘როიალ დატჩ შელმა’ და BP-იმ რუსული ჩარევა საკუთარ ტყავზე გადაიტანეს, როცა ნორმალური კომერციული ურთიერთობები მოულოდნელად საშინელაბაში გადაიზარდა და მათ გარემოს დაბინძურების, გადასახადების გადაუხდელობისა და სხვა მოგონილი ბრალდებები წაუყენეს.

კარგი იქნებოდა გვეფიქრა, რომ დადლიმ კრემლის უპატიოსნო ტაქტიკა განკურნა და რომ გარიგების გაფორმების შედეგად BP უფრო გაძლიერდება, მაგრამ წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ, იმ შემთხვევაში თუ არქტიკულ რეგიონში მდებარე ნავთობის საბადოები ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა, მოსკოვი, როგორც ‘როსნეფტის’ მფლობელი, თავს ალბათ ვერ შეიკავებს.“

XS
SM
MD
LG