ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი შესაძლოა უკვე დეფოლტში იყოს - "მუდი"


საერთაშორისო ბიზნეს-ცენტრი მოსკოვში, რუსეთი

კომპანია „მუდის“ განცხადებით, რუსეთი შესაძლოა უკვე დეფოლტში იყოს, რადგან მან დოლარიანი ბონდების მომსახურება რუბლებით სცადა. შესაძლოა ეს ვითარება დღემდე ყველაზე უფრო მწვავედ აჩვენებს იმის შედეგებს, რაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოსკოვის დასავლური ფინანსური სისტემიდან გამორთვას მოჰყვა.

თუ გამოცხადდება, რომ მოსკოვი დეფოლტშია, ეს 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, უცხოურ ბონდებზე რუსეთის პირველი დიდი დეფოლტი იქნება, თუმცა კრემლი აცხადებს, რომ დეფოლტისკენ მას დასავლეთი, თავისი დამანგრეველი სანქციებით უბიძგებს.

4 აპრილს, რუსეთმა ორ სუვერენულ ბონდზე, რომელთა დაფარვის ვადები მოსკოვს 2022 და 2042 წლებში გადის, გადახდები დოლარის ნაცვლად რუბლებით განახორციელა, თუმცა ფასიანი ქაღალდების პირობების მიხედვით, გადახდა დოლარში უნდა მომხდარიყო.

რუსეთი „შესაბამისად, შესაძლოა „მუდის“ განსაზღვრის თანახმად, უკვე დეფოლტში ჩაითვალოს, თუ 4 მაისამდე - საშეღავათო პერიოდის გასვლამდე - ეს არ გამოსწორდება“, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ბონდების კონტრაქტები არ შეიცავს პირობებს, რომელიც დოლარის ნაცვლად ნებისმიერი სხვა ვალუტით გადახდას ითვალისწინებს“ - ამბობს ის.

„მუდიმ“ განაცხადა, რომ 2018 წლის შემდეგ გამოცემული ზოგიერთი რუსული ევრობონდი, გარკვეულ პირობებში რუბლებით გადახდის საშუალებას იძლევა. მაგრამ, 2018 წლამდე გამოცემული ბონდები, ისეთები, როგორიცაა ბონდები, რომელთა დაფარვის ვადა 2022 და 2042 წელს გადის, ამის საშუალებას არ იძლევა.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ, სააგენტო „როიტერს“ პარასკევს ამ საკითხზე კომენტართან დაკავშირებით, პასუხი არ გასცა. ამ თვის დასაწყისში, ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა გაზეთ „იზვესტიას“ უთხრა, რომ თუ რუსეთს დეფოლტს აიძულებენ, ის სამართლებრივ ქმედებას მიმართავს.

XS
SM
MD
LG