ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ვაშინგტონს ოპოზიციური გამოსვლების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ორშაბათს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის წამყვანმა კანდიდატმა მიტ რომნიმ ტელეკომპანია სი-ენ-ენისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთი, შეერთებული შტატების უმთავრეს გეოპოლიტიკურ მეტოქედ მოიხსენია.

ამ ფონზე რუსეთი 20 წლიანი მოლაპარაკების შემდეგ აგვისტოში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება. მიუხედავად ამისა ამერიკული კომპანიები შესაძლოა რუსეთთან ვაჭრობაში წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ჯეკსონ-ვენიკის კანონის გამო, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შემოიღეს ამ ქვეყნიდან ებრაელების ემიგრაციის წახალისების მიზნით.

საბჭოთა კავშირი დიდი ხანია აღარ არსებობს. ისრაელსა და რუსეთს შორის თავისუფალი სავიზო მიმოსვლაა დაწესებული, მაგრამ ცივი ომის დროინდელი, 1974 წელს მიღებული კანონი მაინც მოქმედებს, რომელიც რუსეთში ამერიკულ საექსპორტო საქონელზე მაღალი ტარიფების არსებობას ითვალისწინებს.

რუსეთში ამერიკის ელჩის მაიკლ მაკფოლის განცხადებით:“ ახლა, როდესაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეუერთდა, თუ ჩვენ კიდევ ჩავებღაუჭებით ჯეკსონ-ვენიკის კანონს, მაშინ ამერიკელი ბიზნესმენები რუსეთთან ვაჭრობის დროს წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებიან თავიანთ ევროპელ, ჩინელ და ბრაზილიელ კოლეგებთან შედარებით.“

მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომოჭმული კანონის გაუქმების აუცილებლობა სრულიად აშკარაა, შეერთებული შტატების კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებით ახალი კანონის შემოღების შესაძლებლობას განიხილავს, რაც კიდევ უფრო დაძაბავს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

სერგეი მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებულების კანონპროექტი დამტკიცების შემთხვევაში რუსეთის კორუმპირებულ ოფიციალურ პირებს შეერთებული შტატების ვიზებზე უარს ეტყვიან, ამერიკულ ბანკებში კი ანგარიშებს გაუყინავენ.

კრემლი ამ კანონის მიღებას რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აღიქვამს, რაც სიმართლისგან არც თუ ისე შორსაა. სერგეი მაგნიტსკი მოსკოველი ადვოკატი იყო, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გადასახადების დამალვის ფაქტი აღმოაჩინა. ლაპარაკი იყო 230 მილიონი დოლარის თაღლითობაზე.

ამ საქმეში ამერიკელი ინვესტორის ბილ პროუდერის ინტერესები დაირღვა. სწრედ ამ პიროვნების ინტერესებს იცავდა სერგეი მაგნიტსკი, რომელმაც ამ საქმის გამო რუსეთის მთავრობის ბევრი მაღალჩინოსანი გადაიკიდა, რომლებმაც ის ციხეში ჩააგდეს. მაგნიტსკის 11 თვის განმავლობაში უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო გამოკვლევაზე, 2009 წლის ნოემბერში კი საკუთარ საწოლზე მიბმული ადვოკატი სასიკვდილოდ სცემეს ციხის ზედამხედველებმა.

როგორც მთავრობასთან დაახლოებული პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი სერგეი მარკოვი აცხადებს:“ რუსეთში ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება ციხეში კანონის დარღვევის გამო, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. მაგნიტსკის საქმე იმიტომ გახმაურდა, რომ აქ ბატონი ბროუდერი იყო გარეული.“

თუმცა რუსეთის საშუალო კლასი ამ საქმეს დიდი ინტერესით მოეკიდა, მარტო ინტერნეტით მაგნიტსკის მკვლელობაზე 19000 სტატია გავრცელდა. როგორც ლონდონის ჰენრი ჯეკსონის საზოგადოების ექსპერტი მაიკლ ვაისი ამბობს:“ ეს პიროვნება არ იყო რეჟიმის პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ის უბრალო ადვოკატი იყო და შეიძლება გულწრფელად სჯეროდა, რომ ხელისუფლებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებდა, როდესაც კორუმპირებული მოხელეები ამხილა, მაგრამ ის სწორედ კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს. სერგეი მაგნიტსკი რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქე იყო და ჩემი აზრით ამ შემთხვევამ იმიტომ მიიქცია საზოგადოების ყურადღება.“

ამას წინათ მოსკოვში გამართულ საპროტესტო დემონსტრაციებზე რუსეთის ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ჯეკსონ-ვენიკის კანონის გაუქმების შემდეგ შეერთებული შტატების კონგრესმა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მაგნიტსკის კანონი უნდა დაამტკიცოს.

შარშან შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ საქმესთან დაკავშირებულ რუსეთის 60-მდე ოფიციალურ პირს ამერიკაში მოგზაურობაზე აკრძალვები დაუწესა. ამ აკრძალვასთან შეერთებას ევროპარლამენტი, კანადა, შვედეთი და ჰოლანდიაც აპირებენ.

მაიკლ ვაისი მიიჩნევს, რომ ეს შეზღუდვები პატივმოყვარე რუს მოხელეებზე მტკივნეულად იმოქმედებს, რომლებსაც აღარ ექნებათ საკუთარი მილიონების ნიუ იორკში დახარჯვის და ამერიკულ ბანკებში დაბანდების საშუალება.

როგორც სერგეი მარკოვი ამბობს მიუხედავად ყველაფრისა შეერთებული შტატების რეაქცია მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით მაინც გადაჭარბებულია. მისი თქმით:“ დღევანდელი რუსეთი გაცილებით უფრო დემოკრატიული და ლიბერალური ქვეყანაა ვიდრე საბჭოთა კავშირი, მაგრამ ამერიკის კონგრესი და სენატი ახლა უფრო მწვავედ აკრიტიკებენ მოსკოვს, რაც მხოლოდ მათი რუსოფობიით შეიძლება აიხსნას.“

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დემოკრატიული რუსეთის აქტივისტებმა საპროტესტო მიტინგის ჩატარება სცადეს, მაგრამ ყველაფერი პოლიციის მიერ მათი დაპატიმრებით დამთავრდა. რუსეთის პროკურატურა კი უფრო შორს წავიდა და აწ უკვე გარდაცვლილ მაგნიტსკის გადასახადების გადაუხდელობა დააბრალა. ამ კურიოზულ საქმეში მოპასუხის როლში სასამართლო პროცესზე ამჯერად სერგეი მაგნიტსკის დედა წარსდგება.

XS
SM
MD
LG