ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-იაპონიის ურთიერთობა კურილის კუნძულების გამო დაიძაბა


რუსეთ-იაპონიის ურთიერთობა კურილის კუნძულების გამო დაიძაბა

კუნძულებთან დაკავშირებული დავა 1945 წლიდან გრძელდება

პარასკევს იაპონიისა და რუსეთის მაღალჩინოსანი დიპლომატები სადავო კუნძულების საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი განცხადებებით გამოვიდნენ. დავა კუნძულების ირგვლივ ორ სახელმწიფოს შორის 65 წლის მანძილზე გრძელდება. ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის მხარის გამკაცრებული ტონი მოახლოვებული არჩევნებით აიხსნება, იუწყება მოსკოვიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იაპონიის პოზიციას რადიკალური უწოდა და აღნიშნა, რომ ორმხრივი დიალოგის გაგრძელება აზრს მოკლებულია.

მოსკოვში გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე გამოსვლისას იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიჯი მაეჰარამ ლავროვს ცივად უპასუხა, რომ ჩრდილოეთის ტერიტორიები საუკუნეების მანძილზე იაპონიას ეკუთვნოდა.

დავა ეხება წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საბჭოთა კავშირმა დაიპყრო. რუსები მათ სამხრეთ კურილის კუნძულებს უწოდებენ, ხოლო იაპონელები კი ჩრდილოეთ ტერიტორიებს.

კუნძულებთან დაკავშირებული დავა 1945 წლიდან გრძელდება. ამ ბოლო ხანებში ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთ-იაპონიის ურთიერთობებში დაძაბულობის ახალი ეტაპი დაიწყო. მიმომხილველების ერთი ნაწილი დაძაბულობას რუსეთში მოახლოვებულ არჩევნებს უკავშირებს. როგორც ცნობილია რუსეთის საპარლამენტო არჩევნები დეკემბერში უნდა გაიმართოს. ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელს არის დანიშნული. აზიის საკითხების ექსპერტი ბობო ლო აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს სურს დაანახოს ამომრჩევლებს, რომ მას პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინის მსგავსად მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.

„მაგარ პუტინსა და რბილ და მგრძნობიარე მედვედევს შორის აშკარა სხვაობა არსებობს. ვფიქრობ მედვედევსა და მის ირგვლივ მყოფ ხალხს სურთ, რომ მედვედევის იმიჯი ოდნავ გამკაცრდეს,“ აღნიშნა ექსპერტმა.

გასულ შემოდგომას დმიტრი მედვედევი გახდა რუსეთის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც სამხრეთ კურილის კუნძულები მოინახულა. კუნძულების მოსახლეობა ამჟამად 19,000 შეადგენს და იქ მცხოვრებლნი ძირითადად მეთევზეობით ირჩენენ თავს. გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის მინისტრი სამხრეთ კურილების ყველაზე დიდ კუნძულს ესტუმრა.

ხოლო მიმდინარე კვირის მანძილზე იაპონიის პრემიერ მინისტრმა ნაოტო კანმა ხსენებულ ვიზიტს უმსგავსობა უწოდა. იაპონელმა მემარჯვენე აქტივისტებმა ტოკიოში საპროტესტო დემონსტრაცია გამართეს. დემონსტრაციის დროს მათ რუსეთის დროშას გადაუარეს და რუსეთის საელჩოს ტყვია ფოსტით გაუგზავნეს.

საპასუხოდ, პრეზიდენტი მედვედევი რუსეთის ეროვნული ტელევიზიით გამოვიდა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საჯაროდ მისცა ბრძანება, რომ მათ კუნძულებზე განლაგებული სამხედრო ობიექტები გააძლიერონ.

მას შემდეგ მიცემულ ინტერვიუებში რუსეთის სამხედროებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ისინი კუნძულების დასაცავად შვეულმფერენების, ავიამზიდებისა და დაჯავშნული მანქანების გამოყენებას აპირებენ. ერთმა რუსმა გენერალმა განაცხადა ისიც, რომ ოთხ დიდ კუნძულზე ასაფრენი ბილიკის გაფართოება იგეგმება, რათა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს იქ დაშვება შეეძლოთ.

გუშინ მოსკოვში რუსეთისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად კრემლის მომხრე ახალგაზრდული ორგანიზაციების „ახალგაზრდა რუსეთის,“ „ახალგაზრდა გვარდიისა“ და „ფოლადის“ წარმომადგენლები იაპონიის საელჩოს ალყა შემოარტყეს და საპროტესტო დემონსტრაცია გამართეს. ერთ დემონსტრაციაზე აქტივისტები გაჰყვიროდნენ: „კურილებს არ დავთმობთ!“

პრეს კონფერენციაზე გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი კურილის კუნძულებზე ჩინურ და სამხრეთ კორეულ კაპიტალ დაბანდებებს მიესალმება, რაც ტოკიოს კიდევ უფრო გააღიზიანებდა რადგან ჩინეთი და სამხრეთ კორეა აზიის რეგიონში იაპონიის ისტორიულ მტრებს წარმოადგენენ.

XS
SM
MD
LG