ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი მედვედევი ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა


რუსეთში საინვესტიციო კლიმატი კვლავინდებურად უაღრესად სარისკოა

სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ამერიკული საინვესტიციო ფონდების მენეჯერებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იყო რუსეთის მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიაში. კრემლის ლიდერმა გულახდილად ილაპარაკა იმ სარისკო ფაქტორებზე, რომელიც რუსეთში უცხოური ინვესტიციების დაბანდებას უკავშირდება, მოშლილი საგადასახადო სისტემის, არაეფექტური სამართლებრივი გარანტიებისა და ბიუროკრატიული დაბრკოლებების ჩათვლით.

მოსკოვის გარეუბანში მდებარე რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეკრებილ 22 ამრიკელ ბიზნესმენთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ საინვესტიციო კაპიტალის ბაზარი რუსეთში ძალიან ცუდად არის განვითარებული.

კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთში სამეცნიერო კვლევებს ძირითადად სახელმწიფო აფინანსებს მაშინ როცა ამ სფეროში კერძო ინვესტიციების დაბანდება თითქმის არ ხდება. ბატონმა მედვედევმა განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთში დაახლოებით ოცამდე საინვესტიციო ფონდი ფუნქციონირებს და მათი გაერთიანებული აქტივები ორ მილარდ დოლარად არის შეფასებული. მისი თქმით, ეს პრაქტიკულად არაფერს არ წარმოადგენს შეერთებულ შტატებსა და სხვა წამყვან ქვეყნებთან შედარებით.

ბატონმა მედვედევმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთში გამეფებული მიდგომა, როცა გადაწყვეტილებებს მხოლოდ უმაღლეს დონეზე იღებენ. მისი თქმით ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული პროექტები ტრადიციულად მხოლოდ მაშინ არის წარმატებული თუ მათ პირად ყურადღებას ქვეყნის ლიდერი აქცევს. მან ინვესტორებს ერთიანი გადასახადი შესთავაზა, მაგრამ გააფრთხილა ისინი, რომ ქვეყნის საგადასახადო სისტემა იდეალური როდია.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთში კარგი სამართლებრივი სისტემა არის შექმნილი, მაგრამ სამწუხაროდ კანონების შესრულება ხშირად შეფერხებულია განსაკუთრებით სასამართლოებში. ბატონმა მედვედევმა აგრეთვე გააკრიტიკა რუსეთში გამეფებული ბიუროკრატია, რომელიც ბიზნესს ხელს უშლის.

მაგრამ მეწარმეები მეტს ითხოვენ. მოსკოვში მდებარე ფირმა „რუს რეიტინგის“ დირექტორმა რიჩარდ ჰაინსვორთმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბატონმა მედვედევმა თავისი სიტყვა საქმით უნდა დაამტკიცოს.

„მე ვფიქრობ, რომ ის ბიუროკრატები, რომლებიც რუს მეწარმეებს ხელს უშლიან, სამაგლითოდ უნდა დაისაჯონ,“ აღნიშნა რიჩარდ ჰაინსვორთმა.

კორუმპირებული რუსი ბიუროკრატების რეპუტაცია განთქმულია იმით, რომ ისინი ქრთამს ითხოვენ და სასამართლოებთან შეთანხმების საფუძველზე კერძო ფირმებს ეპატრონებიან.

რიჩარდ ჰაინსვორთი აღნიშნავს, რომ გარდა სარისკო საინვესტიციო კლიმატისა კიდევ ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს რუსეთში გამეფებული ბიუროკრატიული მოთხოვნები. მისი თქმით:

„კიდევ ერთი სარისკო ფაქტორი ის გახლავთ, რომ თუ ესა თუ ის ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა, მაშინ მას უმალვე სხვები მიაქცევენ ყურადღებას და წილს მოითხოვენ.“

სწორედ კორუმპირებულ ბიუროკრატებს ადანაშაულებენ გასულ ნოემბერს ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობაში. როგორც ცნობილია, მაგნიცკი წინასწარ პატიმრობაში გარდაიცვალა რადგან მას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს მიუხედავად იმისა, რომ იგი პანკრეასით იყო დაავადებული. მას ბრალად ედებოდა გადასახადების თავიდან აცილება, რასაც რუსი ადამიანის უფლებების დამცველები ყალბ ბრალდებებს უწოდებდნენ.

მაგნიტსკი ლონდონში მდებარე ჰერმიტაჯის საინვესტიციო ფონდის ინტერესებს წარმოადგენდა. ეს ფონდი წარსულში რუსეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე უმსხვილესი უცხოური ინვესტორი იყო. ფონდის დირექტორმა უილიამ ბროუდერმა განაცხადა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა საგადასახადო სამსახურებთან შეთანხმებით რუსეთის ეროვნული ხაზინიდან 230 მილიონი დოლარი მოიპარეს. პრეზიდენტმა მედვედევმა მაგნიტსკის სიკვდილის შემდეგ თანამდებობიდან მოხსნა სატუსაღოს ოცი ოფიციალური პირი, მაგრამ მათ შორის არცერთი არ გაუსამართლებიათ.

ამ ფონზე, რუსეთი ცდილობს მოიზიდოს საინვესტიციო კაპიტალი მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის შესაქმნელად, რომელიც კალიფორნიაში განლაგებულ სილიკონის ველს დაემსგავსება. კრემლი ცენტრის მშენებლობის დაფინანსებას მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ სკოლკოვოში უწყობს ხელს.

მოსკოვში მდებარე ახალი ეკონომიკური სკოლის პროფესორი ნატალია ვოლჩკოვა აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიური ინოვაციები ინტელექტუალური საკუთრების დაცვას უკავშირდება, რასაც რუსეთში ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.

ვოლჩკოვა დასძენს, რომ ინოვაციურ სფეროში მომუშავე რუსული კომპანიები თავის ნაწარმს ძირითადად საზღვარგარეთ ასაღებენ. მისი თქმით, ამ კომპანიებში უცხოური ინვესტიციები იდება და ზოგ შემთხვევაში მათ უცხოელები მართავენ, მაგრამ ისინი საკუთარ ნაწარმს იშვიათად ასაღებენ რუსეთში და ამდენად ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ამ მხრივ ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამ ფირმების მესაკუთრეებს უფრო ადარდებთ ის თუ რამდენად დაცულია მათი უფლებები რუსეთში.

მაგრამ ვოლჩკოვა აღიარებს, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა დიდ დაბრკოლებას უქმნის იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთში თავის ნაწარმს ასაღებენ.

მედვედევმა ამრიკელ ინვესტორებს განუცხადა, რომ მეწარმეები ზოგადად აყვავებული საზოგადოების საფუძველს შეადგენენ. მაგრამ მან აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსების უმრავლესობა კვლავინდებურად უარყოფითად აფასებს მეწარმეთა საქმიანობას, რაც საბჭოური პერიოდის გადმონაშთს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG