ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიტყვის თავისუფლება რუსულად - გოლუნოვის საქმე


საერთაშორისო მედიის ჰედლაინები რუსული პრესის თავისუფლების შესახებ საუბრობს - მოსკოვის პოლიციამ, ხუთი ყოფილი პოლიციელი დააკავა. ყოფილ სამართალდამცავებს, ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის წინააღმდეგ, მტკიცებულებების ფაბრიკაციაში სდებენ ბრალს.

მედიაპორტალ „მედუზას“ გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი 2019 წლის ივნისში დააკავეს. გამოძიება მას ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდა.

იმთავითვე ნათელი გახდა, რომ დაკავება ჟურნალისტის პორფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა. გოლუნოვი ცნობილი იყო კრიტიკული საგამოძიებო მასალებით, რომელსაც ის ქალაქის მთავრობის კორუფციული ბიზნესინტერესებისა და მაფიოზური გარიგებების შესახებ ამზადებდა.

რუსული მედიის წარმომადგენლები, კოლეგის მხარდასაჭერად სწრაფადვე გაერთიანდნენ. სხვადასხვა ტიპის მედიაკამპანის პარალერულად, მოსკოვის ქუჩებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოეწყო.

საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე, დაკავებული ჟურნალისტი, საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო გაათავისუფლეს და მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყდა.

გათავისუფლების შემდეგ, ჟურნალისტი და მედიაპორტალი „მედუზა“ აცხადებდა, რომ ხელისუფლება საქმის გამოძიებით არ იყო დაინტერესებული. გამოძიება არ ცდილობდა დაედგინა, ვინ დაუკვეთა პოლიციელებს, ჟურნალისტის გასაჩუმებლად, მისთვის ნარკოტიკული საშუალება „ჩაედოთ“.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, გოლუნოვის საქმის შესახებ კითხვა პრესკონფერენციაზე დაუსვეს. მიუხედავად იმისა რომ საქმის ირგვლივ ბევრი პასუხგაუცემელი, ღია საკითხი არსებობდა, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ დაკავებები მოსალოდნელი იყო.

პრეზიდენტის პირობა, გასულ ოთხშაბათს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა შეასრულა. კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხუთი ყოფილი სამართალდამცავისთვის ბრალის წარდგენის შესახებ განცხადება განთავსდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მაშინ მოქმედმა სამართალდამცავებმა, გოლუნოვის წინააღმდეგ უკანონო გამოძიება დაიწყეს.

მოგვიანებით, რუსული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილ პოლიციელებს ბრალი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და მტკიცებულებების გაყალბების გამო წაუყენეს.

„სამართალი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი, მედიისა და საზოგადოების დახმარებით მივიღე. ეს ძალიან კარგია.“ - განაცხადა გოლუნოვმა. ჟურნალისტი იმედოვნებს, რომ საქმე სასამართლომდე მივა და სამართლიანი განაჩენი დადგება.

საეჭვო დაკავება

დასაწყისიდანვე, გოლუნოვის წინააღმდეგ აღძრული საქმე, გონივრულ რწმენას სცდებოდა და ნაკლებად დამაჯერებელი იყო.

თავდაპირველად, სამართალდამცავები აცხადებდნენ, რომ აკრძალული ე.წ. „კლუბური ნარკოტიკი“ ჟურნალისტის ზურგჩანთაში იპოვეს. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა, ჟურნალისტი მაშინ გააჩერეს, როცა საკუთარ წყაროსთან შესახევდრად მიდიოდა. მოგვიანებით, პოლიციამ განაცხადა, რომ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ჟურნალისტის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას აღმოაჩინეს.

გოლუნოვის მეგობრები და კოლეგები, უწყების მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსიის მიმართ თავიდანვე სკეპტიკურად განეწყვნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ გოლუნოვი საუკეთესო რუსი გამომძიებელი ჟურნალისტია და ამასთან ერთად, ცნობილი იყო, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის მქონე ადამიანი. ამასთან, პოლიციამ უარი თქვა გოლუნოვის კოლეგების შეთავაზებაზე მისთვის ნარკოტესტი ჩაეტარებიათ.

მოგვიანებით, პოლიციის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანდა, რომ ჟურნალისტის სახლში ნარკოტიკული ნივთიერებები და მისი მოსამზადებელი მოწყობილებები იყო. უწყების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მალევე გაქარწყლდა, რადგან, ჟურნალისტის ახლო მეგობრებმა განაცხადეს, რომ ფოტოებო გოლუნოვის სახლში არ იყო გადაღებული.

საზოგადოებრივი წნეხის კამპანია სწრაფად მოქმედებდა.

მსხვილი რუსული მედიაგამოცემები ჟურნალისტის მხარდასაჭერად გაერთიანდა. გავლენიანი გაზეთები შეთანხმდნენ, რომ თავფურცელზე იდენტური ფოტოები დაებეჭდათ,წარწერით -„ჩვენც ივან გოლუნოვები ვართ“. ასობით ადამიანი, კი დაკავებული ჟურნალისტის მხარდასაჭერად ქუჩებში გამოვიდა.

საზოგადოების მკაცრი რეაქციის და ფალსიფიცირებული მტკიცებულებების წინაშე მდგარმა ხელისუფლებამ გოლუნოვი გაათავისუფლა.

გოლუნოვის საქმე, როგორც შთაგონების წყარო

შედეგმა, რუსული სამოქალაქო საზოგადოება უფრო მოტივირებული გახადა. აქტივისტები იმედოვნებდნენ, რომ ხელისუფლების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას შეძლებდნენ.

საპროტესტო ტრანსფარანტები, წარწერით „ჩვენ გოლუნოვი ვართ“ შეიცველა წარწერით - „თუ გოლუნოვმა მოიგო, რატომ არ შეგვიძლია ეს ჩვენ?!“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG