ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი თავს იმართლებს


ახლადარჩეული პრეზიდენტი კრემლის პოლიტიკას იცავს და ამბობს, რომ მან არაფერი იცის რუსეთში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ. აღნიშნული განცხადება ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა. მედიის წარმომადგენლებმა მას კომენტარი ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით სთხოვეს, რომელიც 40 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

პუტინის კრიტიკოსები ყოფილ ნავთობ-მაგნატს და კომპანია „იუკოსის“ ყოფილ ხელმძღვანელს, მიხეილ ხადარკოვსკის ქვეყნის ნომერ პირველ პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. მართალია, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ხადარკოვსკის 2005 წლის განაჩენი გადასახადების თავიდან აცილების შესახებ პოლიტიკურად მოტივირებულად არ სცნო, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია მისი მეორე ბრალეულობა, რომელიც გაყალბებას მოიცავს. ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ასევე აღნიშნა რამდენიმე არსებული დარღვევა, მათ შორის - დაკავების შეუფერებელი ვადები და იზოლატორში მყოფი პატიმრის გაუსაძლისი პირობები.

„მასობრივი ღონისძიებების ჩატარების შესახებ არსებული კანონის დარღვევის გამო ადმინისტრაციული ზომების გატარება სავსებით ჩვეულებრი მოვლენაა. რამდენადაც ვიცი, ყოველი მათგანი ამჟამად გარეთ იმყოფება და ალბათ ახალ აქციებს ამზადებს. ესეც ნორმალურია, თუმცა ამავე დროს განსაზღვრულ რეჟიმში მუშაობას იწვევს“.

პრეზიდენტ პუტინს თავის მართლება არასანქციონირებული მიტინგების დარბევის გამო იმიტომ მოუწია, რომ ოპოზიციის მტკიცებით, რუსეთის ახალი კანონმდებლობა მიტინგში მონაწილეთა სასჯელის მოცულობას არაადეკვატურად ზრდის. ვლადიმირ პუტინი დარწმუნებულია, რომ ახალი კანონი დემოკრატიულ პრინციპებს ეყრდნობა.

პუტინის მესამე ვადით არჩევა რუსეთში მასობრივი საპროტესტო აქციებით აღინიშნა. მსგავსი მასშტაბის მიტინგები მოსკოვს საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდის შემდეგ არ უნახავს. პუტინის კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მისი მმართველობის სტილი მკაცრად კონტროლირებადი პოლიტიკური სისტემა და კორუფციისთვის ხელშეწყობაა. ამ ბრალდებებს რუსეთის პრეზიდენტი დაბეჯითებით უარყოფს.

ამასობაში წლის ბოლოს რუსეთი 18-წლიანი მოლაპარაკების შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრიანდება. ეს ფაქტი პუტინს იძულებულს გახდის გარკვეულ გლობალურ წესებს და კანონებს დაემორჩილოს. ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროსო აცხადებს, რომ ევროპელი ლიდერები რუსეთთან მუშაობას მიესალმებიან:

ჩვენ რუსეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წყარო ვართ. ევროპა თქვენი ექსპორტის, რუსული ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელიც არის. ასე რომ ერთმანეთთან მშვიდობიანი და სტაბილური ურთიერთმეზობლობის საერთო ინტერესები გვაკავშირებს. ეს ყოველივე კი კანონმდებლობით რეგულირებად მრავალმხრივ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემას ეფუძნება.

უკანასკნელ ხანს ამ ურთიერთობების გაღრმავების პროცესში დიდი პროგრესი აღინიშნა. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრიანდება. ასევე მნიშვნელოვანია წარმატებები მოდერნიზაციისთვის პარტნიორობისა და უვიზო რეჟიმის საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებებში“.

მოსკოვის შეხვედრაზე სირიაში არსებული პოლიტიკური კრიზისის თემაზეც ისაუბრეს. ევროპის ლიდერები შეეცადენ პასუხი მოეთხოვათ რუსეთისთვის იმ მხარდაჭერის გამო, რომლითაც სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი სარგებლობს, რათა ოპოზიციური გამოსვლები ბოლომდე სისხლში ჩაახშოს.

მოლაპარაკებები უძლური აღმოჩნდა იმ წინააღმდეგობების გადალახვის საქმეში, რაც რუსეთს და დასავლეთს შორის სირიაში15-თვიანი კონფლიქტის დარეგულირების გზებს შეეხება. სამიტის დასასრულს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპოიმ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს და 27-ქვეყნიან ბლოკს შორის „რამდენიმე საკითხში აზრთა სხვადასხვაობა“ აღინიშნება.

გაერთიანებულ პრესკონფერენციაზე პუტინმა და რომპოიმ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, ორივე მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ სამუშაოებში, რომელიც სირიაში სისხლისღვრას დაუყოვნებლივ შეაჩერებს და ქვეყანას გარდამავალი პოლიტიკიკური ეტაპისკენ წაიყვანს. კრემლი დიდი ხანია ითხოვს და კვლავ იმ აზრზეა, რომ მოლაპარაკება ორივე დაპირისპირებულ მხარესთან, პრეზიდენტ ასადთან და ამბოხებულებთან ერთდროულად უნდა წარიმართოს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თქმით ის თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ესაუბრა და უთხრა მას, რომ საერთაშორისო დიპლომატიის კურსი სირიაში იცვლება. პრეზიდენტ ასადთან მოლაპარაკების ნაცვლად ახლა ფოკუსირება გარდამავალ პოლიტიკურ ეტაპზე ხდება.

რუსეთი და სირია კვლავ ახლო პოლიტიკურ ალიანსში არიან. რუსეთი სირიისთვის იარაღის მიწოდებაში ლიდერობას ინარჩუნებს. სანაცვლოდ დამასკო მოსკოვს სამხედრო-საზღვაო ბაზის ქონის უფლებას აძლევს. დასავლეთის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ გასულ კვირას სირიის ხელისუფლების პორტში რუსეთისგან კიდევ ერთი იარაღით დატვირთული რუსული გემი დაიცალა. პრეზიდენტი პუტინი ამ ფაქტსაც გადაჭრით უარყოფს.

XS
SM
MD
LG