ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში გუბერნატორი მკვლელობების ორგანიზების ბრალდებით დააკავეს


სამართალდამცავები გუბერნატორს აკავებენ, რუსეთი.

ხაბაროვსკის გუბერნატორი, სერგეი ფურგალი, რომელიც 2018 წლის არჩევნებში მმართველი პარტიის წინააღმდეგ მონაწილეობდა, 15 წლის წინ მომხდარი მკვლელობების ორგანიზების ბრალდებით დააკავეს.

ფურგალის დაკავების ვიდეომასალას, ფედერალური საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს და აცხადებს, რომ დაკავებულს ბრალი უახლოეს მომავალში წარედგინება. მისი დამტკიცების შემთხვევაში კი გუბერნატორს მთელი ცხოვრების გატარება ციხეში მოუწევს.

2004-2005 წლებში მომხდარი დანაშაულებების შესახებ, გამოძიება დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა აცხადებს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი უკვე დაკავებულია და ფურგალის წინააღმდეგ მტკიცებულებები სწორედ მათ წარადგინეს.

ფურგალი, ვლდიმირ პუტინის მხარდამჭერი, ოპოზიციური „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრია, რომელსაც ვლადიმირ ჟირინოვსკი ხელმძღვანელობს. ფურგალი გუბერნატორად სწორედ 2018 წლის არჩევნებზე აირჩიეს.

რუსეთში ფიქრობენ, რომ გუბერნატორის დაკავება მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება და ხაზს უსვამენ, რომ ის რეგიონში თავად ვლადიმირ პუტინზე პოპულარულიც კია. ასევე, საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ვლადიმირ პუტინს 2016 წლამდე მართვის უფლება ენიჭება, ეს დაკავება რეპრესიული ტალღის დასაწყისია.

პოლიტიკური ანალიტიკოსი, აბას გალიამოვი ფიქრობს, რომ გუბერნატორის დაკავება მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება, რომელიც რუსეთში სექტემბერში უნდა გაიმართოს. ეს დაკავება კი, იმ ოპოზიციისთვის, ვინც აქტიურობას აპირებს, ხელისუფლების მხრიდან, ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშანი იყო.

„ჩვენ კონსტიტუცია მოგეცით, შენ კი ხელბორკილებს გვადებ!“ - ასე გამოეხმაურა მომხდარს ვლადიმირ ჟირინოვსკი და დაიმუქრა რომ პარტია და მოკავშირეები, პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო პოსტებს დატოვებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG