ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტი-კავკასიური განწყობები მოსკოვში


ანტი-კავკასიური განწყობები მოსკოვში
ანტი-კავკასიური განწყობები მოსკოვში

მოსკოვში 4 ნოემბერს, ეროვნული ერთობის დღეს, კიევის მეტროს გაჩერებას და ქართულ რესტორანს შორის მდებარე გამზირზე 7 ათასამდე დემონსტრანტმა მოიყარა თავი. ბანერებზე ანტი-კავკასიური წარწერების ძირითადი მოტივი კავკასიისთვის დაფინანსების შეწყვეტა იყო. ერთ-ერთ მათგანზე ეწერა „შეწყვიტეთ რუსული რეგიონების ძარცვა“, მეორეზე კი - „შეწყდეს კავკასიის გამოკვება“. ტრანპარანტებს შორის ცარისტული ეპოქის დროინდელი დროშები ფრიალებდა შავი, ყვითელი და თეთრი ზოლებით.

ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეიმს ბრუკის, თქმით უცნაური ის იყო, რომ გასული საპროტესტო აქციებისგან განსხვავებით არსად ჩანდა შეერთებული შტატების და ნატოს წინააღმდეგ მიმართული ბანერები. ნაციონალისტების მთავარი ინტერესი, როგორც ჩანს, მხოლოდ ანტი-კავკასიური განწყობების გამოღვიძება იყო. აგრესია ამჯერად მხოლოდ იმ ქვეყნებისკენ იყო მიმართული, რომლებიც რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან მდებარეობს და სადაც ძირითადად მუსლიმი მოსახლეობაა კონცენტრირებული.

ბრუკი ამბობს, რომ თუკი მოსკოვში ნაციონალისტების ქუჩაში გამოყვანა გინდა, სრულებით არ არის საჭირო კოსოვოს ხსენება, არც სარაკეტო თავდაცვის სისტემები, საქართველოც - კი. ამისათვის საკმარისია საუბარი მხოლოდ მოსკოვის და სხვა ცენტრალური ქალაქების კავკასიურ-სექსუალური პოლიტიკის შესახებ დაიწყო და პროტესტიც თავისით გორდება.

რუსეთის სამთავრობო მედიაში არსებული ტაბუ პირველმა სომხური წარმოშობის რუსმა ჟურნალისტმა -მარგარიტა სიმონიანმა- დაარღვია. ის ტელეარხის „Russia Today” მთავარი რედაქტორია. მისი ნარკვევი რამდენიმე ტელეარხზე წაიკითხეს და გაზეთ „Moscow Times“-ც დაიბეჭდა.

„რატომ გვძულს ერთმანეთი“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულმა მასალამ სწორედ კავკასიელების ერთი ნაწილის მიერ განხორციელებული სექსუალური პოლიტიკა აღწერა. კერძოდ, თუ როგორ ეპყრობიან კავკასიელი მამაკაცები რუს ქალებს. ნიკოლი, მოსკოვის ლინგვისტიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ამბობს, რომ ხშირად კავკასიური წარმოშობის მამაკაცები მოსკოვში ჩამოსვლას ე.წ. „სექსის დისნეილენდის“ ბილეთის მოგებად თვლიან.

ჯეიმს ბრუკი ჩეჩნეთში და ინგუშეთში მივლინებებს იხსენებს. ჩეჩნეთში ჯერ კიდევ შარიათის კანონით ცხოვრობენ, ამბობს ის. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ჩეჩენი მამაკაცები გროზნოს საპარიკმახეროებში შეიჭრნენ და კედლებიდან ქალების ფოტოები ჩამოხიეს, რომლებშიც თმის ვარცხნილობის რეკლამები იყო.

სწორედ ამ რეალობაზე ამახვილებს ყურადღებას მარგარიტა სიმონიანის ნარკვევიც. მართალია ის წარმოშობით სამხრეთ კავკასიის ქრისტიანული ქვეყნიდანაა, მაგრამ რუსი ქალების მიმართ ზოგადად კავკასიელი მამაკაცების დამოკიდებულებაში მსგავს სიგნალებს ისიც ამჩნევს. მარგარიტას აზრით ყველაფერი არასწორი აღზრდით იწყება და დამნაშავე აქ მშობლები არიან. „არცერთი კავკასიელი სამშობლოში ქალებს ისე არ ექცევა, როგორც მოსკოვში, ამბობს ის. საკუთარ ქალებს მეტ პატივს ცემენ, მოსკოველებს, და ზოგადად რუსებს, კი - არა“ - ამბობს ჟურნალისტი.

მარგარიტა მატარებლის სადგურში სამი კავკასიური წარმოშობის მამაკაცის მიერ გამცილებელი ქალისადმი მოპყრობის სცენას აღწერს და ამბობს, რომ საკუთარ სამშობლოში ისინი ამას ვერ გაბედავდენ, რადგან იქ ქალს ვინმე გამოესარჩლებოდა და უპატივცემულობისთვის მათ აუცილებლად მოხვდებოდათ - აგრძელებს ჟურნალისტი.

მარგარიტას მასალამ მეც დამაფიქრა, ამბობს ჟურნალისტი ჯეიმს ბრუკი. დეკემბერში ჩემი სამი ვაჟიშვილი, სამივე უნივერსიტეტის სტუდენტი, ორ მეგობართან ერთად მოსკოვში მიემგზავრება. მე, როგორც მშობელი, მათ აუცილებლად ავუხსნი, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მოსკოველი გოგონების სექსუალურ შეურაცხყოფას. თანაც ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობის დაზღვევა არ ფარავს, დასძენს ის ხუმრობით.

XS
SM
MD
LG