ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ ძარცვავენ რუსი ოლიგარქები ქვეყნის ეკონომიკას


დაახლოებით 800 მილიარდი დოლარი - ასეთია ექსპერტების შეფასებით პუტინთან დაახლოებულ რუსი ოლიგარქების ქონება, რომელიც მათ საზღვარგარეთ აქვთ დამალული. ქონება სახელმწიფო კომპანიებიდანაა მითვისებული. ახალი წიგნი, რომლის ავტორიც ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი ანდერს ასლუნდია, აღწერს, თუ როგორ იყენებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეკონომიკურ სისტემას ქვეყანაზე კონტროლის მოსაპოვებლად. პუტინმა სახელმწიფო საწარმოების, სასამართლოს და სუკ-ის სათავეში მისი ახლო მოკავშირეების დანიშვნით, საკუთარი ბიზნეს მეგობრები, რომლებიც სანქტ-პეტერბურგში მოღვაწეობის პერიოდში შეიძინა, გაამდიდრა.

ასლუნდი ამბობს, რომ შედეგად, პუტინმა მისდამი ერთგული პლუტოკრატია შექმნა, რომელსაც ავტორიტარიზმი კვებავს.

ასლუნდი წერს, რომ პირველი ვადის განმავლობაში პუტინმა ხელისუფლების კონსოლიდაცია მოახდინა. დასაწყისში, ის ყველასთვის ყველაფერი იყო, რუსეთის საბაზრო ეკონომიკაც წინ მიდიოდა. თუმცა შემდგომ, ხელისუფლების უზურპაციის კვალდაკვალ, ოლიგარქებთან ბრძოლაზე გადაერთო - სწორედ ამ პერიოდში მიხეილ ხოდორკოვსკის პატიმრობა მიუსაჯეს.

ავტორი ამბობს, რომ მესამე ვადით, არაფორმალურად მართვისას, პუტინმა კლანობრივი კაპიტალიზმის შენება დაიწყო, და ქვეყანაში მთავარი ბიზნესების კონტროლი საკუთარი მეგობრების ახლო წრეს გადასცა.

მიხეილ ხოდორკოვსკი
მიხეილ ხოდორკოვსკი

2008 წელს "გაზპრომს" 369 მილიარდ დოლარად აფასებდნენ. დღეს, ეს ციფრი 60 მილიარდია. თუმცა, მიუხედავად ღირებულების მსგავსი ვარდნისა, პუტინის დიდიხნის მოკავშირე ალექსეი მილერი რჩება კომპანიის ხელმძღვანელად. ასლუნდის თქმით, 2012 წლის შემდეგ მთელი ეკონომიკა პრეზიდენტის პირდაპირ კონტროლზე გადავიდა.

„ერთი მხრივ, რუსეთს შეუძლია იყოს ეფექტური, თუ პუტინი გასცემს ბრძანებას რაიმეს გაკეთების - ეს განხორციელდება. მეორე მხრივ, კორუფციამ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. მმართველ ელიტას სურს ყველაფერზე მოიპოვოს კონტროლი. პუტინმა, რუსეთი საკუთარი პირადი ხედვის შესაბამისად გარდაქმნა. მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირველი რვა წლის განმავლობაში, ეკონომიკა საშუალოდ წელიწადში 7 პროცენტით იზრდებოდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალოდ, ზრდის ეს მაჩვენებელი 1 პროცენტია წელიწადში“, - ამბობს ის.

2006 წლის შემდეგ, ამბობს ავტორი, პუტინი და მისი წრე ყოველწლიურად რუსეთის ეკონომიკიდან 25 მილიარდ დოლარს იტაცებს. კაპიტალს ისინი დასავლურ ქვეყნებში ინახავენ-მაგალითად, შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, სადაც კანონი დაცულია და იმედი აქვთ, რომ მათ კერძო საკუთრებასაც დაიცავენ. ამ ქვეყნებში რუსი ოლიგარქები სხვადასხვა მეთოდებით ათეთრებენ ფულს, იქნება ეს უძრავი ქონების შესყიდვა თუ სხვა ინვესტიციები ფუღურო კომპანიების გამოყენებით.

„დღეს ჩვენ, მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე ვართ, რომელთაც დაფარული აქტივების დასამალად იყენებენ, ფუღურო კომპანიების მეშვეობით. ჩვენ ამ სიაში არც კი უნდა ვიყოთ. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ მეორე ადგილზე ვართ. როცა ჩვენ ხელს ვუწყობთ კლეპტოკრატიას და თავშესაფარს ვთავაზობთ ჩვენს საკანონმდებლო სისტემაში, ამით ჩვენს მტრებს ვეხმარებით, ჩვენს მოწინააღმდეგეებს. ეს ორი კი სტრატეგიული კუთხით და რეპუტაციის მხრივ, საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამბობს დემოკრატი სენატორი შელდონ უაითჰაუსი.

გამჭირვალობა და ინფორმაციის გასაჯაროება პუტინის ქრონიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია. ეფექტურია, ასევე ცალკეული პირების წინააღმდეგ სანქციებიც, რადგან, როგორც ასლუნდი ამბობს, ირონიულია, რომ მას შემდეგ, რაც პუტინმა და მისმა წრემ რუსეთის კერძო საკუთრების უფლებები სრულიად მოშალა, მათთვის სიმდიდრის შენარჩუნების ერთადერთი გზა ოფშორული კომპანიებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG