ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის ხელისუფლებაში მოსვლა პირველივე დღეებში ოპოზიციის მიტინგების დაშლით და დარბევით აღინიშნა. ანალიტიკოსების თქმით კრემლი ამჯერად ზამთარში მოძლიერებული ოპოზიციური მოძრაობის დასუსტებას ცდილობს.

გასულ კვირას პოლიციამ მოსკოვში და პეტერბურგში ასობით მომიტინგე დააპატიმრა. საპროტესტო აქციაზე მისული მუსიკალური ჯგუფის 3 წევრს ხულიგნობისთვის 2-2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2 გარემოსდამცველი ფოტოების გადაღებისთვის დააპატიმრეს. ისინი გუბერნატორის სახლის ფოტოგრაფირებისთვის აიყვანეს, რომელიც ეროვნულ პარკშია აშენებული. დაპატიმრებულთა შორისაა მოსკოველი მოსამართლე, რომელსაც ინტერნეტზე მიტინგების ორგანიზებისთვის 5 წელი მიუსაჯეს.

გვესაუბრება ნატალია პელევინი, ორგანიზაცია „დემოკრატიული რუსეთისთვის“ კომიტეტის კოორდინატორი. მას ახლახან მოსკოვის მერიაში მიტინგის სანქციონირებაზე უარი განუცხადეს. აქცია სერგეი მაგნიტსკის მხარდასაჭერად უნდა გამართულიყო, რომელიც მოსკოვის ციხეში 3 წლის წინ დაიღუპა.

მათი სურვილია ქუჩები მთლიანად გაასუფთაონ და იქიდან ოპოზიცია სავსებით მოკვეთონ. ასე თუ ისე ჩვენი გზიდან ჩამოცილება უნდათ, ნაწილს სანიმუშოდ დასჯიან, ნაწილს კი აიძულებენ ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვოს“ - აცხადებს ის

15 მარტს მოსკოვის სასამართლომ ალექსეი კოზლოვს, მიტინგების ორგანიზატორს, რომელიც ფონდებს ინტერნეტზე აგროვებდა, 5 წელი მიუსაჯა. კოზლოვმა ინტერნეტზე სპეციალური პროგრამა შექმნა, რომელიც მხოლოდ მცირე თანხების შეწირულობებს იღებდა. სისტემის შექმნა იმან განაპირობა, რომ ხელისუფლება მიტინგის ორგანიზატორებს რუსი ოლიგარქებისგან, ან დასავლეთიდან ფინანსირებაში სდებდა ბრალს. კოზლოვის პროგრამა კი მხოლოდ მცირე ზომის თანხების გადარიცხვის საშუალებას იძლეოდა. გასულ სექტემბერს პროცესი კოზლოვმა მოიგო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის ოპოზიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე გახდა, ძიება განახლდა და ვერდიქტიც 5 წლით თავისუფლების აღკვეთით შეიცვალა.

ოპოზიციის წყრომის ხელახალი ტალღა „ენ-ტე-ვეს“ ინციდენტმა ააგორა. პარასკევს ტელევიზიამ არჩევნების შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი გაუშვა. პროგრამის "პროტესტის ანატომია" მტკიცებით ანტი-პუტინისტურ მიტინგში მონაწილეობის მისაღებად ზოგიერთ მონაწილეს ფული გადაუხადეს. ფილმში კვლავ არაპირდაპირ მიანიშნებდნენ, რომ ანტიპუტინისტურ მოძრაობას დასავლეთი აფინანსებს.

"სირცხვილი ენ-ტე-ვეს"! "რუსეთი პუტინის გარეშე"! - სკანდირებდა „ენ-ტე-ვეს“ შენობასთან მოსული ათასამდე მომიტინგე. აქცია უსანქციო იყო და პოლიციამ მიტინგის 100-მდე მონაწილე დააპატიმრა, მათ შორის ცნობილი ოპოზიციური სახე, სერგეი უდალცოვიც იყო.

ნიკოლაი პეტროვი, კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი ამბობს, რომ კრემლის მიზანია ოპოზიციური მოძრაობა თბილი ამინდების დადგომამდე მაქსიმალურად შეავიწროვოს:

მათი განზრახვა დიდი მასშტაბის დემონსტრაციების თავიდან არიდებაა. პოლიტიკური კრიზისი ადგილზეა, არსად წასულა და მის გამოსწორებაზეც არავინ ზრუნავს. დემონსტრანტები ქუჩებიდან რომც გაქრნენ, ეს კრემლის გამარჯვებას არ ნიშნავს და საზეიმოდ მთავრობას საქმე არ ექნება“ - ამბობს ექსპერტი.

პუტინი კიდევ უფრო შორს იყურება და მაისში მებაღეობის 5 დღეს აცხადებს, რომელიც 7 მაისს, მის ინაუგურაციას ემთხვევა. პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ პროტესტის ნაცვლად მოსკოველები ქალაქიდან გავლენ და აგარაკებს მიხედავენ. ასე იწყებს პუტინი ახალ ექვსწლიან ვადას.

ამას გარდა რუსეთის ხელისუფლება კიდევ ერთ ხერხს ხმარობს. მისი სურვილია პოლიტიკური პროცესები ქუჩებიდან მაქსიმალურად გაიტანოს და საპროტესტო აქციები ახალი პარტიების შექმნის პროცესში გადაზარდოს. დუმაში დამტკიცების სტადიაშია კანონპროექტი, რომელიც პოლიტიკური პარტიების შექმნის პროცესს ძალზე ამარტივებს. ექსპერტების ვარაუდით ზაფხულის დამდეგს რუსეთში რამდენიმე ათეული მცირე ზომის პოლიტიკური პარტია შეიქმნება.

კარნეგის ფონდის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ პოლიტიკური სტაბილურობისთვის დიდი, ერთიანი პარტიის შექმნა უფრო მომგებიანი იქნებოდა. პეტროვი და მასთან ერთად ბევრი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ კრემლის წინაშე ახალი ეკონომიკური თავისტკივილი გამოჩნდება. ჯერ ერთი წინასაარჩევნოდ ხელოვნურად გაყინული ბენზინის ფასები მოიმატებს. თანაც, დემოგრაფიული კრიზისის გამო პრეზიდენტს საპენსიო ასაკის გაზრდა მოუწევს, რომელიც ამჟამად ქალებისთვის 55 წელია, მამაკაცებისთვის კი-60.

და ბოლოს: პუტინი საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას ბიუჯეტში 160-მილიარდიან მატებას დაპირდა. აღნიშნული თანხა ექიმების და მასწავლებლების ხელფასების გაზრდას და სამხედრო შეიარაღებას უნდა მოხმარდეს. რაც სავსებით შეიძლება რეალური გახდეს, თუკი მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასმა კატასტროფული მატება ძველებურად განაგრძო.

XS
SM
MD
LG