ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ოფიციალური პირები საგზაო წესებს ხშირად არღვევენ


რუსეთში მაღალჩინოსანი ოფიციალური პირების სატრანსპორტო პრივილეგიების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება

რუსმა კანონმდებლებმა საკანონმდებლო პროექტის განხილვა დაიწყეს, რომელიც მოსკოვში ავტომანქანების გამოყენებით საპროტესტო აქციების ორგანიზებას ზღუდავს. რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ ხსენებული პროექტის განხილვა დაიწყო იმ მიზეზით, რომ ბოლო ხანებში სულ უფრო გახშირდა საპროტესტო აქციები, რომლებიც ოფიციალური პირების სატრანსპორტო პრივილეგიების წინააღმდეგ არის მიმართული რაც ხშირად საგზაო მოძრაობის წესების სრულ უგულვებელყოფაში გამოიხატება.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ასობით მოსკოველი საკუთარი ავტომანქანების სახურავებზე ცისფერ ვედროებს ამაგრებს იმის საპროტესტოდ, რომ მაღალჩინოსანი ბიუროკრატების საავტომობილო კორტეჟები, რომლებსაც ხშირად გამაფრთხილებელი სირენები მოჰყვება, საგზაო მოძრაობის წესებს უხეშად არღვევენ.

სერგეი კანაიევი რუსეთის ფედერაციის ავტომანქანების მფლობელთა ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელია და საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი. მისი თქმით:

„ყველაფერი კემეროვოს რეგიონში 2000 წელს დაიწყო, როცა ჩემი მეგობარი და მისი რვა წლის ქალიშვილი ავტო ავარიაში დაიღუპნენ. პოლიციელი, რომელიც მათ დაეჯახა, არა მხოლოდ ნასვამი იყო, არამედ მან წითელ შუქნიშანს ყურადღება არ მიაქცია და მას სირენაც არ ჰქონდა ჩართული. მე მათ უკან მივყვებოდი და ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. სწორედ ეს იყო ის მომენტი, როცა მე სამართლიანობის აღდგენა მოვითხოვე.“

მოსკოვში საპროტესტო აქციები გახშირდა თებერვალში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა ნავთობმომპოვებელი კომპანია „ლუკოილის“ ვიცე პრეზიდენტის „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომლის სახურავზე გამაფრთხილებელი ცისფერი სირენა იყო დამაგრებული, „სიტროენის“ მარკის ავტომანქანას დაეჯახა. „სიტროენში“ მჯდარი ორი ქალი ავტო ავარიის ადგილას დაიღუპა. ერთი მათგანი ქალაქში ცნობილი გინეკოლოგი იყო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავდაპირველად ქალები დაადანაშაულეს, მაგრამ თვითმხილველებისა და დაღუპულთა ნათესავების განცხადებების თანახმად, ავტო ავარია „ლუკოილის“ ვიცე პრეზიდენტის ავტომანქანის ბრალი იყო.

ავტო ავარიის შემდეგ მოსკოველმა ბიზნესმენმა ანდრეი ჰართლიმ არ დაუთმო გზა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის თანაშემწის შავ „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანას. მან ვიდეოკამერით ჩაწერა მთელი ინციდენტი, პრეზიდენტის მრჩევლის რეაქციის ჩათვლით, და ეს მასალა ინტერნეტზე მოათავსა.

მაშა ლიპმანი მოსკოვში კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსია. მისი თქმით:

„საზოგადოებრივ აზრში გარკვეული ცვლილება შეინიშნება. მე ვერ ვიტყოდი როს ის რადიკალურია რადგან ავტომანქანების მძღოლები რუსეთში მოსახლეობის საკმაოდ დამკვიდრებულ სეგმენტს წარმოადგენენ და ამგვარი ინციდენტები იშვიათი როდია. მაგრამ წარსულში მძღოლები მათი სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შევიწროებას აპროტესტებდნენ, მაშინ როცა ახლა ისინი უსამართლობას ეწინააღმდეგებიან.“

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში კანონმდებლებმა დაიწყეს საკონონმდებლო პროექტის განხილვა რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუ აქტივისტები საპროტესტო აქციის მოსაწყობად ავტომანქანების გამოყენებას აპირებენ, მათ სამი დღით ადრე ამის შესახებ ხელისუფლებას უნდა აცნობონ. ამჟამად მოქმედი წესების მიხედვით ავტომანქანების გამოყენებით საპროტესტო აქციების ორგანიზება არ წარმოადგენს „საჯარო თავყრილობებს“ და ამგვარი ღონისძიებების მონაწილეების დაკავება მხოლოდ საგზაო წესების დარღვევისთვის არის შესაძლებელი.

ცისფერი ვედროების საზოგადოებამ კანონმდებლების ინიციატივის საპასუხოდ მოსკოვში საპროტესტო მსვლელობა გამართა, რომლის მონაწილეებს თავებზე პლასტმასის ცისფერი ფინჯნები ეკეთათ. მოსკოვის პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერალურმა კანონმდებლებმა გადაადგილების პრივილეგიები ჯერ კიდევ 2006 წელს სახალხო უკმაყოფილების ფონზე დაკარგეს. თეორიულად ამჟამად მხოლოდ პარლამენტის სპიკერებსა და სპიკერების მოადგილეებს შენარჩუნებული აქვთ სატრანსპორტო პრივილეგიების ოფიციალური უფლება, მაგრამ მოსკოვში ათობით ავტომანქანა კვლავინდებურად იყენებს ავტომანქანების სახურავებზე მიმაგრებულ სირენებს საგზაო წესების დარღვევის მიზნით.

XS
SM
MD
LG