ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული სამხედრო ბაზის საზეიმო ვითარებაში გახსნა


რუსული სამხედრო ბაზის საზეიმო ვითარებაში გახსნა
რუსული სამხედრო ბაზის საზეიმო ვითარებაში გახსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ თაგილონში მე-10 სამხედრო ბაზა გაიხსნა. რუსული სამხედრო ბაზის საზეიმო ვითარებაში გახსნა გახდა პირველი საჯარო ღონისძიება სეპარატისტების ახალი ლიდერის, ალექსანდრე ანქვაბის პრეზიდენტის თანამდებობაზე. მოვალეობის შესრულებას იგი 26 სექტემბრიდან შეუდგა.

ექსპერტის, გოჩა გვარამიას თქმით, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში რუსეთმა სამხედრო ბაზების მშენებლობა უფრო აქტიურად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო :

” საერთოდ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში რუსეთი აქტიურად შეუდგა სამხედრო ბაზების მშენებლობას. თუმცა, თუ გადავხედავთ ცხინვალის რეგიონს, 2008 წლის აგვისტომდე იქ არაერთხელ ვრცელდებოდა ინფორმაცია და ქართული მხარე ამ საკითხს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აყენებდა, რომ რუსეთი ამ რეგიონში არა თუ კონფლიქტის მოგვარებას, არამედ რეგიონის მილიტარიზაციას ეწევა. პრაქტიკულად, აგვისტომდე უკვე თავიდან ბოლომდე აშენებული იყო ჯავის ხეობაში სამხედრო ბაზა, ხოლო სამხრეთისკენ თითქმის დასრულებული იყო კიდევ ორი სამხედრო ბაზა."

აფხაზეთში ცოტა სხვა სიტუაცია იყო, იქ აგვისტომდე ასეთი ინტენსიური სამხედრო ბაზების მშენებლობის საკითხი არ იყო. რუსეთი უფრო აქტიურად განახლებას და რეაბილიტაციას ეწეოდა გუდაუთის სამხედრო ბაზის, რომელიც საბჭოთა კაშირის პერიოდშიც ფუნქციონირებდა მაგრამ შემდგომ, კონფლიქტის პერიდში რბილად რომ ვთქვათ, გაიძარცვა. ანუ, ძირითადი აქცენტი მაინც გუდაუთის სამხედრო ბაზაზე იყო. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რაც რუსეთმა საქართველოს მიმართ სამხედრო ინტერვენცია განახორციელა და ორი საქართველოს ისტორიული რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, უკვე აქცენტი აფხაზეთში გადავიდა და იქ, ძირითადად გალის რაიონში, უკვე აქტიურად დაიწყო სამხედრო ბაზების მშენებლობა. ამით, პრაქტიკულად, ისინი ეწევიან გამაგრებით ღონისძიებებს აფხაზეთსა და სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე. გარდა იმისა, რომ გალის რაიონში აშენებენ ბაზებს, ასევე კოდორის მიმართულებითაც გადაიწიეს. იქ მართალია, ასეთი სრულფასოვანი სამხედრო ბაზა არ არის, მაგრამ არის გარკვეული როტაციის წესით დისლოცირებული რუსეთის სასაზღვრო ჯარების წარმომადგენლობა”.

გოჩა გვარამიას თქმით სამხედრო ბაზების მშენებლობით კიდევ ერთხელ დასტურდება ქართული მხარის მიერ მრავალჯერ გაჟღერებული პოზიცია, რომ რუსეთი არა თუ ასრულებს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, არამედ არღვევს ამ ხელშეკრულებას, ეწევა ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას:

"პრაქტიკულად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ავიღებთ საერთო რაოდენობას რუსეთის ჯარების განლაგების კუთხით, იგი თითქმის არ ჩამოუვარდება საქართველოს საზღვარზე მოსაზღვრე პერიმეტრზე განლაგებულ რუსეთის ჯარებს - უშუალოდ რუსეთის ტერიტორიებზე, ანუ ჩრდილოეთ კავკასიის დაჯგუფება მაქვს მხედველობაში. და პრაქტიკულად, განცხადებების ანალიზსაც თუ გაუკეთებთ რუსეთის ქმედებებსა და ინფორმაციებს, რომელიც ვრცელდება, მოსალოდნელი საომარი მოქმედებების განახლებაზე რუსეთსა და საქართველოს შორის, რაც გააჟღერა რუსეთის დუმის დეპუტატმა ბაღდასაროვმა, ნათლად იკვეთება, რომ რუსეთი ემზადება სამხედრო ოპერაციისთვის"

კიდევ ერთი რუსული სამხედრო ქალაქის საზეიმო გახსნა 30 სექტემბერს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში იგეგმებოდა, მაგრამ ღონისძიება უამინდობის გამო გადაიდო. უნდა აღინიშნოს, რომ სამხედრო ქალაქებში მესაზღვრეებისთვის, და მათი ოჯახის წევრებისთვის ყველა აუციელებელი ინფრასტრუქტურაა შექმნილი, მათ შორის სპორტკომლექსები და საბავშვო დაწესებულებები.

XS
SM
MD
LG