ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექიმბაში თუ ექიმი?


ექიმბაში თუ ექიმი?
ექიმბაში თუ ექიმი?

ახალი სტატისტიკური კვლევის მიხედვით რუსეთში გასულ წელს ექიმს მოსახლეობის მხოლოდ 44-მა პროცენტმა მიმართა. ეს მაჩვენებელი თავისთავად არაფრით გამოირჩევა. საინტერესო ის არის, რომ მათი დიდი უმრავლესობა პროფესიონალი ექიმის ნაცვლად ალტერნატიული მედიცინის წარმომადგენელთან მიდის.

მარინა ბელორუსოვა ინგლისურის მასწავლებელია და მოსკოვის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მუშაობს.

„ისინი სხვადასხვა რჩევას გაძლევენ, ძირითადად ბალახეულის და რეცეპტების შესახებ. მათი უმრავლესობა იყენებს იმ ქალების დახმარებასაც, რომლებმაც სხვადასხვა დაავადებებისთვის სპეციალური შელოცვები იციან. სოფელში გაზრდილი ბალახეული განსაკუთრებით პოპულარულია. დედა მათ ხშირად იყენებს, განსაკუთრებით - ხველებისთვის“, ამბობს ის.

ბალახეული, ჯადო და შელოცვები... ამერიკელებისთვის ეს უფრო „ჰარი პოტერის“ სამყაროა. მაგრამ არა - რიგითი რუსისთვის. უახლესი სტატისტიკური მონაცემებით შარშან ერთი წლის განმავლობაში ექიმბაშების დახმარებას მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით 300 000-ზე მეტმა მოსკოველმა მიმართა. ასევე ოფიციალური მონაცემებით რუსეთში 800 000-ზე მეტი ლეგალურად მოქმედი ექიმბაშია. ეს ციფრი ბევრად აღემატება ქვეყნის პროფესიონალ მედიკოსთა რიცხვს.

დარია მინეროვა ნათელმხილველია. მისი მოსკოვური ოფისი ბროლის ბურთებით, უცნაური განათებებით, თეთრი ბუებით და ფერადი სანთლებითაა სავსე. დარია ამბობს, რომ მას პროფესიონალი ექიმები ხშირად ურეკავენ დახმარებისთვის. ისინი მას საკუთარ პაციენტებს შესალოცად ან გამოსალოცად უგზავნიან.

დარია ამბობს, რომ როდესაც ტრადიციული მკურნალობა არ მოქმედებს და ამავე დროს ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერს სწორად აკეთებენ, დახმარებისთვის დარიას მიმართავენ. ნათელმხილველი ასეთ ამბავს გვიყვება: ჩემს მეგობარს ერთი წლის ბავშვი ავად გაუხდა. დიაგნოზის დადგენა ვერ მოხერხდა. რამდენნაირი წამალი სცადეს, არაფერმა არ უშველა. ბოლოს ისევ ექიმმა ურჩია გამოსალოცად წაეყვანათ. ბავშვს ჯადო ჰქონდა გაკეთებული და ჩემი გამოლოცვის შემდეგ ყველაფერმა გაუარა - ამბობს დარია.

ვინც რუსულ რეალობას არ იცნობს, შეიძლება იფიქროს, რომ მსგავსი მკურნალობა ტრადიციულ მედიცინასთან შედარებით იაფია. ეს ასე არ არის, პირიქით - საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო სამედიცინო მომსახურება რუსეთში ძირითადად უფასოა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი სტანდარტით და ხარისხითაც არ გამოირჩევა.

“მედიცინა სავალალო მდგომარეობაშია. ძალიან ცუდი სიტუაციაა. როცა ალტერნატიულ მედიცინას მიმართავ, ის მაინც იცი, რომ რამე საშინელება არ დაგემართება. ოპერაცია თუ დაჭირდა, აღარ იცი, ცოცხალი გადარჩები თუ არა. ექიმბაში შეიძლება ვერ დაგეხმაროს, მაგრამ არც მოგკლავს, ამბობს მარინა ბელარუსოვა.

ექიმი მალკინა ევროპულ სამედიცინო ცენტრში სერტიფიცირებული ნევროლოგია. ის ადასტურებს, რომ იძულებულია ალტერნატიული მედიცინა ტრადიციულს შეუთავსოს, რადგან პაციენტები მას უფრო ენდობიან.

“რუს ხალხს ბროლის ბურთი მოსწონს, რადგან ის შედარებით უსაფრთხოა და თან ძალიან მოსახერხებელიც. ბროლის ბურთი სუფთა და ძლიერ ენერგიას გამოსცემს. ის არჩენს ხალხს და მათ დიდ ენერგიას აძლევს. ისინი აქედან დიდებული განწყობით მიდიან“, ამბობს კვალიფიციური ექიმი.

ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ რუსი ახალგაზრდები სამედიცინო რჩევისთვის ხშირად მიმართავენ ინტერნეტს, რადიოს და ტელევიზიას. ყოფით რუსულ ტერმინოლოგიაში უკვე გამჯდარია სიტყვები „სუფთა აურა“, „ბროლის ბურთის ენერგია“, „აურაში ჩასახლებული ჯუჯა“, „ბნელი ენერგია“, „აურის კარგი გამწმენდი“ და ასე შემდეგ.

რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი, აღიარებს, რომ ქვეყანაში სამედიცინო მომსახურება მოსაწესრიგებელია. ის რუსეთის მოსახლეობას მოძველებული სამედიცინო აღჭურვილობის განახლებას და პროვინციების აპარატურით უკეთ მომარაგებას დაპირდა. როგორც ჩანს, ხელისუფლება უკანასკნელი პერიოდის სტატისტიკური მონაცემებითაც შეშფოთებულია, რადგან პარლამენტმა ახლახან პირველივე მოსმენით მიიღო დადგენილება, რომელმაც არაბუნებრივი ძალებით მკურნალ კომპანიებს მედიის საშუალებებში რეკლამის გაკეთება აუკრძალა. ამ „მისტიური რეკლამების დამკვეთებს“ შორის, როგორც მათ შეარქვეს, ჯადოქრები, გრძნეულები, მკითხავები და რელიგიური რწმენით მკურნალები არიან.

XS
SM
MD
LG