ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ შესაძლოა რუსეთს და გაეროს გვერდი აუაროს


კლინტონის განცხადებით, იგი რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს

ვლადივოსტოკში აპეკის ქვეყნების შეხვედრაზე ჩასულ ჰილარი კლინტონს იმედი ჰქონდა, რომ რუს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებას შეძლებდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ცდილობდა რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სანქციების მიღების და ქვეყანაში გარდამავალი პერიოდის აუცილებლობაში დაერწმუნებინა. თუმცა, უშედეგოდ.

კლინტონის განცხადებით, აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების სამიტზე შემდგარ შეხვედრაზე მათ გაეროს და არაბული ლიგის მიერ შემუშავებულ გარდამავალი პერიოდის სამშვიდობო გეგმაზე ისაუბრეს. გეგმას რუსეთმა და ჩინეთმა რამდენიმე თვის წინ მხარი დაუჭირა.

„გეგმა ეფექტური მხოლოდ მაშინ იქნება, როცა შეუსრულებლობის შემთხვევაში ის გარკვეულ საპასუხო ქმედებებს გამოიწვევს. სხვა შემთხვევაში რეზოლუციის დამტკიცებას არავითარი აზრი არ აქვს. ჩვენ უკვე რამოდენიმეჯერ დავრწმუნდით, რომ პრეზიდენტი ასადი მის იგნორირებას ახდენს და საკუთარ ხალხზე შეტევებს აგრძელებს“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები სამჯერ დაბლოკეს. ვეტოს უფლების გამოყენებით მათ ქვეყანაში სამშვიდობო პროცესები კიდევ უფრო დიდი ხნით შეაყოვნეს, რის გამოც პრეზიდენტი ასადი ცეცხლს არათუ არ წყვეტს, არამედ პირიქით, შეტევებს უფრო აგრესიულად აწარმოებს და არც პოლიტპატიმრებს ათავისუფლებს. გაეროს ანგარიშით, სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ლავროვის განცხადებით, აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, შეერთებულმა შტატებმა იმის მაგივრად, რომ ქვეყნების მეტად დაინტერესება და ჩართულობა უზრუნველყოს, მათი დაშინების და იზოლირების პოლიტიკას მიმართავს. მისი თქმით, სირიასთან დამოკიდებულებაში ორი ქვეყნის პოლიტიკა ძირეულად განსხვავდება და ერთმანეთის საპირისპიროც არის.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები სირიის ტერიტორიის ფარგლებს სცდება და უარყოფითად მოქმედებს რუსეთის ბიზნეს-ინტერესებზე, განსაკუთრებით კი რუსული ბანკების საქმიანობაზე.

მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონმა მათი მოლაპარაკების წარუმატებლობაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ ის თვის ბოლოს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნული ხაზის გატარებას და რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს.

„რეალურად უნდა ვიმსჯელოთ და რუსეთის პოზიციას თვალი გავუსწოროთ. შესაძლოა ყველაფერი ასევე გაგრძელდეს. და თუკი ასე მოხდა, იძულებული გავხდებით თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად სირიის ოპოზიციას მხარი ასადის აღსასრულის მოახლოების დაჩქარებაში დავუჭიროთ“ - აცხადებს ის.

შეერთებული შტატები „სირიის მეგობარი ქვეყნების“ ალიანსის წევრია. თუმცა თანამოაზრეთა გაერთიანებაში ამერიკა სირიული ოპოზიციის მხარდაჭერას შეზღუდულად აწარმოებს. ბევრი სხვა წევრი სირიელ ამბოხებულებს იარაღით მომარაგებაში უწყობს ხელს. სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ლავროვმა თქვა, რომ გაეროს როლი კრიზისის დარეგულირების საქმეში თანდათან მცირდება და უშიშროების საბჭომ სირიაში ძალადობის შეწყვეტა თუ ვერ შეძლო, ის სრულებით უფუნქციო ხდება.

ლავროვმა ღიად განაცხადა, რომ ამერიკას საერთაშორისო შეთანხმებაზე საუბრის უფლება არ აქვს, რადგან თავად საკუთარი ნება-სურვილის და ინტერესების შესაბამისად იქცევა და სურს ყველაფერი რუსეთის და ჩინეთის მიერ სანქციების დაბლოკვას დააბრალოს.

სინამდვილე კი სრულიად სხვაგვარად გამოიყურება. სწორედ რუსეთი და ჩინეთია, ვინც უმრავლესობის აზრს არ ითვალისწინებს და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, თუ არაბული ლიგის სამშვიდობო გეგმას ბლოკავს და მათი განხორციელების საშუალებას არ იძლევა. იმ რეზოლუციებს, რომელთაც უშიშროების საბჭოს ყველა დანარჩენი წევრი ქვეყანა მხარს უჭერს.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG