ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქორწინო სამზადისი ბრიტანულ სამეფო კარზე


საქორწინო სამზადისი ბრიტანულ სამეფო კარზე
საქორწინო სამზადისი ბრიტანულ სამეფო კარზე

წინასწარი მონაცემებით ხვალ ბრიტანულ საქორწინო ცერემონიალს პირდაპირი ეთერით 2 მილიარდზე მეტი ადამიანი უყურებს. პრინც ჩარლზის და ლედი დის ქორწინების ტელე-აუდიტორია 30 წლის წინ დაახლოებით 750 მილიონს შეადგენდა. ამ პერიოდისთვის ეს გრანდიოზული ცერემონიალი იყო. ქორწილს 3 500 ოფიციალური სტუმარი და 600 000 ქუჩის მაყურებელი ჰყავდა.

ახალი საქორწინო სამზადისი ბრიტანეთის უბრალო გადასახადის გადამხდელებს ყველაზე ცოტა რამდენიმე მილიონი ფუნტი და პატარძლის ოჯახს კი - ათეულობით მილიონი დაუჯდება. თუმცა ხარჯი ნაწილობრივ იმით არის გამართლებული, რომ ლონდონს პარასკევს საშუალოდ 600 000 ადამიანი ესტუმრება. ტრაფალგარის მოედანზე დაგეგმილი ცენტრალური ცერემონიის გარდა ბრიტანეთში 5 000 ქუჩის დღესასწაული გაიმართება. მთელი ქვეყანა საქორწინო დროშებითაა მორთული. დიდი ბრიტანეთის დროშის შუაგულში გამოსახულ გულს პრინც ვილიამსის და ქეით მიდელტონის ფოტო ამშვენებს.

ადგილობრივი და უცხოური მედია უდიდეს დროს უთმობს მკითხაობას იმის შესახებ, თუ რა ეცმევა ნეფეს და განსაკუთრებით - პატარძალს, ან როგორი თმის ვარცხნილობა ექნება ქეითს. სამეფო კარიც უმკაცრესი წესით იცავს ამ მნიშვნელოვან საიდუმლოს. და მათთვის, ვისაც მოდა ნაკლებად აინტერესებს და ბუნებით უფრო აზარტულია, სპეციალური ტოტალიზატორები თამაშდება ერთი ასზე მოგებით. მაგალითად, დარჩება თუ არა სახლში საქორწინო ბეჭდები უფლისწულ ჰარის, პრინც ვილიამსის მეჯვარეს.

უკვე შევიძინე საქორწინო დროშა და გამოვფინე. მე პატრიოტი ვარ, ერთი სული მაქვს ქორწილს ვუყურო - ამბობს ახალგაზრდა ლონდონელი ქალბატონი. მის გვერდით მდგომი შუახნის მამაკაცი კი აცხადებს, რომ პატრიოტობა არაფერ შუაშია და ეს ყველაფერი, მისი სიტყვებითვე რომ ვთქვათ „პროპორციიდან ამოვარდნილი ავადმყოფობაა“ და ერთადერთი სიკეთე, რაც ამ დღეს შეუძლია მოუტანოს ბრიტანელებს არის ის, რომ ის უქმედაა გამოცხადებული.

მოისმინეთ მისი უდიდებულესობის, დიდი ბრიტანეთის დედოფლის შეტყობინება ტვინის გამოფიტვის და გონების კონტროლის ინსტიტუტიდან“ .

ეს ჩარლი ვიტჩია. ის აღშფოთებით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ქვეყნის მოსახლეობას პასპორტში იმის ნაცვლად, რომ ეწეროს „ბრიტანეთის მოქალაქე“, უწერია „ დიდი ბრიტანეთის სუბიექტი“. ეს იმიტომ, რომ ჩვენ მისი უდიდებულესობისთვის ჯერ კიდევ მონარქიის ქვეშევრდომები ვართ და არა ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები, ამბობს ის.

როგორც ხედავთ, ბრიტანეთში ყველა მონარქიის მომხრე არ არის. ერთ-ერთი უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვით გრანდიოზული ქორწილი ქვეყნის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას არც აინტერესებს. საშუალოდ მხოლოდ 37-მა პროცენტმა გასცა დადებითი პასუხი კითხვებზე: გაინტერესებთ თუ არა ქორწილი და მეორე: აღფრთოვანებული ხართ თუ არა ქორწინებით?

რამდენიმე მილიონი ფუნტი მხოლოდ ცერემონიალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადადოს. ლონდონის ქუჩებში ასობით ათასი მაყურებელი გამოვა. ქუჩის დღესასწაულებსაც უამრავი ადამიანი დაესწრება. ასეთ პირობებში წესრიგის უზრუნველყოფა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. გრანდიოზული ქორწილის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციების გარდა, ქვეყნის პოლიცია და უშიშროების სამსახურები ტერორისტული ჯგუფების შეტევისთვისაც მზად უნდა იყვნენ.

რისკი საკმაოდ მაღალია, აცხადებს ჯონ ბიუ, უსაფრთხოების ანალიტიკოსი და რადიკალიზაციის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი.

„ალ ყაიდასთვის და ირლანდიის რესპუბლიკური არმიის რადიკალური ფრთისთვის სამეფო კარის ქორწილი ძალზე მომხიბლავი სამიზნეა. მონარქის ოჯახი დიდი ბრიტანეთისთვის ქვეყნის ძალაუფლების სიმბოლოა, ირლანდიის რესპუბლიკური არმიისთვის კი რვაასწლიანი ჩაგვრის და შევიწროების სიმბოლო გახლავთ.“

დიდი ბრიტანეთის პოლიციის და უშიშროების სამსახური უკვე მობილიზებულია და სპეციალურ საგანგაშო რეჟიმში მუშაობს. ბატონი ბიუს განცხადებით, მათ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება აქვთ რომ ქორწილის დღეს ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყონ.

XS
SM
MD
LG