ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

15 წლის თავზე ვაშინგტონში ვარდების რევოლუციას აფასებენ


ვარდების რევოლუციიდან 15 წელი გავიდა. რევოლუციის შემდეგ საქართველომ აქტიური რეფორების გატარება დაიწყო. ვაშინგტონში რევოლუციის შედეგებს აფასებენ და ამბობენ, რომ 2003 წლის 23 ნოემბერს მშვიდობიანი რევოლუციით მთავრობის ცვლილებამ მეზობელი ქვეყნებს მაგალითი მისცა.

“15 წლის წინ ამ დღეს ქართველები წინ აღუდგენ კორუმპირებულ და არადემოკრატიულ მთავრობას და შექმნეს მაგალითი პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის, და ხალხისთვის ყირგიზეთსა და უკრაინაში”, - ამბობს ბრუკინგსის ინსტიტუტის მკლევარი ჯეიმი კირჩიკი.

საპროტესტო გამოსვლები 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ეგზიტპოლებს, ხმის პარალელურ დათვლას და ოფიციალურ წინასწარ შედეგებს შორის სხვაობა ოპოზიციისთვის გახდა საბაბი საპტოტესტო გამოსვლების დასაწყებად. ისინი მთავრობის გადადგომას და ხელახალ არჩევნებს მოითხოვდნენ.

“ვარდების რევოლუცია" წყალგამყოფი იყო, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება, მედია და პოლიტიკური ოპოზიცია ერთიანი ძალით შეეცადა საარჩევნო პროცესში კორუფციის დამხობას. დღემდე, გამოწვევად რჩება მთავრობების მიერ ამ ინსტიტუტების დემოკრატიული განვითარების ნაცვლად, მათზე გავლენის მოპოვების და დამორჩილების მცდელობა. მთავარი თემა რევოლუციამდე და მის შემდეგ არის ნდობის ნაკლებობა მოსახლეობაში, რომ შესაძლებელია სასამართლო სისტემის გამჭირვალობის, ზედამხედველობის და დეპოლიტიზირების უზრუნველყოფა”, - აცხადებს ლუის ნავარო, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან, რომელიც საქართველოში წლების მანძილზე ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს ხელმღვანელობდა.

გამოსვლები 2003 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში მრავალათასიან პროტესტში გადაიზარდა. საპროტესტო ტალღამ კულმინაციას 22 ნოემბერს მიაღწია, როცა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე შეეცადა პარლამენტის სესია გაეხსნა. ოპოზიცია, რომელიც პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევდა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ვარდებით ხელში, შეიჭრა და ედუარდ შევარდნაძეს სიტყვა შეაწვეტინა. დაცვამ შევარდნაძე დარბაზიდან გაიყვანა. შევარდნაძემ საგანგებო მგომარეობა გამოცხადა და შენაერთების მობილიზება დაიწყო, თუმცა სამხედრო დანაყოფების ნაწილმა ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა. 23 ნოემბერს ოპოზიციის ლიდერებთან, მიხეილ სააკაშვილთან, ნინო ბურჯანაძესთან და ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ, შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

რევოლუციის შემდეგ ხელისუფლების რეორგანიზაციის და აქტიური რეფორმების პროცესს ჩაეყარა საფუძველი.

“ვარდების რევოლუციას" ყველაზე მეტად მოჰყვა მნიშვნელოვანი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები, რომელიც არცერთ სხვა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული, ვარდების რევოლუციამ საქართველოს გაუკვალა გზა კორუფციასთან ბრძოლაში, ეკონომიკურ ზრდასა და რეალური დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში, მათ შორის 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაში”, - ამბობს კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში.

ვოლკერი ამბობს, რომ საქართველომ რევოლუციის 15 წლის თავზე უნდა გააგრძელოს დემოკრატიული კულტურის და პრაქტიკის გაძლიერება, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის განვითარება და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება უცხოური ინვესტიციების მისაზიდად.

“თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური წელს 28 ნოემბერს იქნება საშუალება იმის საჩვენებლად, რომ საქართველო მზადაა ეს ნაბიჯები გადადგას”, - ამბობს ვოლკერი.

ვარდების რევოლუციას საპროტესტო ტალღა მოჰყვა უკრაინასა და ყირგიზეთში, რაც “ფერადი რევოლუციების” სახელით გახდა ცნობილი. რევოლუციის შემდეგ, საქართველომ აქტიური პრო-დასავლური კურსი აიღო და გამოხატა მისწრაფება, გამხდარიყო დასავლური ინსტიტუტების ნაწილი. მოსკოვი რევოლუციას დასავლეთის მიერ ორკესტირებულს უწოდებდა და შიშით, რომ საპროტესტო ტალღა შესაძლოა რუსეთშიც გაჩენილიყო, შეზღუდვების დაწესებას შეუდგა.

ვარდების რევოლუცია გახდა საბჭოთა წარსულთან გაყრის წყალგამყოფი, - ამბობს ჯონ ჰერბსტი "ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი.

“ვარდების რევოლუციის" შემდგომ რამდენიმე წელში, საქართველომ მოდერნიზაციის კუთხით უდიდესი პროგრესი განიცადა. თუმცა, ამის შემდეგ პროცესი შენელდა. მართალია, რომ სხვადასხვა დროს მთავრობა არღვევდა უფლებებს და არ იყო დემოკრატიულ ნორმებთან სრულ შესაბამისობაში. თუმცა საბოლოოდ, რევოლუციის შედეგები იყო პოზიტიური და მდგრადი”, - ამბობს ჰერბსტი.

რევოლუციის შემდეგ, საქართველოს დემორკატიული განვითარების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2012 წელს ხელისფულების არჩევნების გზით ცვლილება იყო. ვაშინგტონში წინაასაარჩევნოდ საქართველოს დემოკრატიული პროგრესის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG