ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიტ რომნის რეიტინგი გაუმჯობესდა


სპეციალისტები ამ ფაქტს პირველ წარმატებულ დებატებს უკავშირებენ

რამდენიმე საზოგადოებრივი გამოკითხვა ადასტურებს, რომ პრეზიდენტ ობამას შედარებით მაღალი რეიტინგები მხოლოდ დროებითი მოვლენა იყო.

არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება, საპრეზიდენტო კანდიდატები კი კვლავ საწყის პოზიციებს უბრუნდებიან. მიტ რომნის მცირედმა დაწინაურებამ მათი პოპულარობა თითქმის გაათანაბრა და თითოეულისთვის ამჟამად 48 პროცენტს შეადგენს.

დიდი ხანია ისინი თითქმის ერთნაირ პოზიციაში არიან. გასულ კვირას გუბერნატორ რომნის მდგომარეობა ცოტათი გაუმჯობესდა. ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებასთან გვაქვს საქმე. რომნის უბრალოდ ერთი კარგი დღე ქონდა და ამ კვირაში უკეთესი რეიტინგები აქვს. წინ კიდევ რამდენიმე კვირაა,“ - ამბობს გამოკითხვების სპეციალისტი სკოტ რასმუსენი.

ანალიტიკოს ჯონ ფორტიერს ორპარტიული კანონმდებლობის ცენტრიდან, მიაჩნია, რომ მიტ რომნის პოპულარობაში პირველმა დებატებმა ერთგვარი გარდატეხა შეიტანა.

ვფიქრობ, მას ცუდი პერიოდი ჰქონდა, მაგრამ დებატები იმდენად კარგად ჩაატარა, რომ ამ ფაქტმა მის გუნდში, მხარდამჭერებში და დონორებში ახალი ენერგია შემოიტანა,“ - აღნიშნავს ის.

დემოკრატები პირველი დებატებით იმედგაცრუებულები ჩანან და რომნის პოპულარობის ზრდა მათ ძლიერ აშფოთებთ, რაც ჯონ ფორტიერის აზრით, ობამას გამოსვლას მეტ სიმწვავეს შემატებს და შემდეგ ორ დებატებზე ის, სავარაუდოდ, უფრო მომზადებული და, შესაძლოა, აგრესიულიც კი იყოს.

პირდაპირი ეთერით ტრანსლირებული ტელედებატების სერიაში მიტ რომნის და ბარაკ ობამას 16 ოქტომბრამდე ტაიმაუტი აქვთ აღებული და ერთმანეთს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატების შემდეგ შეხვდებიან. მორიგ დებატებს მოსახლეობასთან შეხვედრის ფორმატი ექნება. ნიუ იორკის შტატში მდებარე ჰოფსტრას უნივერსიტეტში პრეზიდენტობის კანდიდატებს კითხვებს არა წამყვანი, არამედ აუდიტორიაში მყოფი ადამიანები დაუსვამენ.

დებატები ფლორიდის შტატში 22 ოქტომბერს საგარეო პოლიტიკის საკითხების მიმოხილვით დასრულდება. მთელი ყურადღება ამ საბოლოო შეხვედრისკენ იქნება მიპყრობილი. შესაძლოა, ის გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს, ამბობს მიმომხილველი ჯენიფერ დონაჰიუ.

სწორედ ბოლო დებატები მიაღებინებს საბოლოო გადაწყვეტილებას მათ, ვინც ჯერ ვერ გარკვეულა, თუ ვის მისცეს ხმა. ასეთი ამომრჩეველი კი, სულ ცოტა 5-6 პროცენტია. ის, ვინც სწორედ ამ 5-6 პროცენტის უმრავლესობის გულს მოიგებს, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი იქნება.“

ჯენიფერ დონაჰიუ იმასაც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ობამას რეიტინგებზე დიდ გავლენას დასაქმების სტატისტიკა ახდენს, რომელიც თვეში ერთხელ ქვეყნდება.

უმუშევრობის მაჩვენებლის 8 პროცენტზე ქვევით ჩასვლა ობამას კამპანიისთვის უდიდესი სტიმულია. გადამწყვეტი ამერიკელებისთვის მაინც ეკონომიკური საკითხია: ამომრჩეველი თუ ჩათვლის, რომ სიტუაცია უმჯობესდება, ობამას ხელმეორედ არჩევის შანსი გაიზრდება,“ - აღნიშნავს მაიკლ ფრენკი ჰერითიჯის ფონდიდან.

ამჟამად ორივე პრეტენდენტის კამპანია იმ შტატებზე აკეთებს ფოკუსირებას, რომელთაც გამოკვეთილი პოლიტიკური ორიენტაცია არ გააჩნია. პრეზიდენტი ობამა ოჰაიოს შტატის ჩათვლით მათში მცირე, მაგრამ მაინც უპირატესობას ინარჩუნებს. რესპუბლიკელები ოჰაიოს შტატს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვინაიდან ისტორიულად არჩევნები ოჰაიოს შტატის მოგების გარეშე ჯერ არცერთ რესპუბლიკელ კანდიდატს არ მოუგია.
XS
SM
MD
LG