ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისგან გვდიოდეს" - საქართველო რეზო გაბრიაძეს ემშვიდობება


რეზო გაბრიაძე მარიონეტების თეატრის ხელახალი გახსნის დღე. თბილისი, 2010 წელი. ფოტო RFE/RL

საქართველო რეზო გაბრიაძეს მისივე დაარსებულ მარიონეტების თეატრში გამოეთხოვება. ის ავადმყოფობის გამო 6 ივნისს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. 29 ივნისს რეზო გაბრიაძეს 85 წელი უსრულდებოდა. სამოქალაქო პანაშვიდები მის დაარსებულ თეატრში 9 ივნისის ჩათვლით, 16:00 საათიდან გაიმართება.

ლეგენდარულ ქართველ მწერალს, მხატვარს, მოქანდაკეს, დრამატურგს, სცენარისტს და რეჟისორს, რევაზ გაბრიაძეს არამარტო საქართველოში, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც კარგად იცნობდნენ და უყვარდათ. მისი სცენარის მიხედვით ათეულობით ფილმია გადაღებული. მათ შორისაა გასული საუკუნის 70-იანი და 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმები: "არაჩვეულებრივი გამოფენა", "შერეკილები", "მიმინო", "ქინ-ძა-ძა", "ქვევრი", "სერენადა", "ფეოლა", "თეთრი ქარავანი" და ბევრი სხვა.

საათის კოშკი, თბილისი
საათის კოშკი, თბილისი

უცხოეთის ქვეყნების მუზეუმებში და კერძო კოლექციებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, იაპონიაში, საფრანგეთში და ისრაელში, ინახება გაბრიაძის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები. ის 20-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციების ავტორია. 90–იან წლებში რეზო გაბრიაძე მუშაობდა შვეიცარიასა და საფრანგეთში, სადაც ორი სპექტაკლი დადგა. 2004 წელს დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა "აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი".

პოპულარული ფილმების ავტორობის გარდა, გაბრიაძემ თბილისს უნიკალური მარიონეტების თეატრი უსახსოვრა. მან ის ანჩისხატის გვერდით, 1981 წელს დააფუძნა და თავად იყო პირველი სპექტაკლების პიესების ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელი. მისი თაოსნობით დადგმულ პოპულარულ სპექტაკლებს შორისაა: "ალფრედი და ვიოლეტა", "მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები" და "ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა". მოგვიანებით, თეატრის გვერდით, მისივე პროექტით უნიკალური საათის კოშკი აშენდა, რომელიც თავად გაბრიაძემ მოხატა.

იგორ პომერანცევის პორტრეტი, რეზო გაბრიაძე
იგორ პომერანცევის პორტრეტი, რეზო გაბრიაძე

ბევრი ქართველის სიყვარულთან და პოპულარობასთან ერთად, რეზო გაბრიაძე დაჯილდოებულია საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენით, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიით, სხვადასხვა დროს მიღებული აქვს საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და საფესტივალო პრიზები: "კონდორი", "ნიკა", "ოქროს ნიღაბი" და ბევრი სხვა.

"დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისგან გვდიოდეს" - რეზო გაბრიაძის ეს სიტყვები მისივე გამორჩეული იუმორის, უბრალოების და სითბოს განსახიერებაა. სიმბოლურია, რომ საქართველო მას თავისივე ხელით აშენებული და შექმნილი თეატრიდან დაემშვიდობება, თეატრიდან, რომლის ნებისმიერ წარმოდგენაზე ანშლაგის გამო, ბილეთი ყოველთვის რთულად იშოვებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG