ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელების ახალი კანონპროექტი - რა შეიცვლება სამართალდამცავ სისტემაში


სენატორმა ტიმ სკოტმა, სენატის რამდენიმე რესპუბლიკელ წევრთან ერთად, პოლიციის რეფორმის კანონპროექტის საკუთარი ვერსია წარმოადგინა. გასულ კვირას, რეფორმის კანონპროექტი მოამზადა დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ. კონგრესის ორივე პალატაში კენჭისყრა მომავალ კვირას იგეგმება.

რესპუბლიკელების კანონპროექტი მოუწოდებს პოლიციის დეპარტამენტებს აკრძალონ ეჭვმიტანილის დაკავების დროს გავრცელებული ილეთი: ყელზე ხელის შემოხვევა, ან ფეხის დაჭერა და მოითხოვს ოფიცრებისგან ძალის გადამეტებისა და გაფრთხილების გარეშე რეიდის, ან ჩხრეკის ჩატარების ყველა შემთხვევის შესახებ აცნობონ უფროსობას.

ჯორჯ ფლოიდის დასაფლავება
ჯორჯ ფლოიდის დასაფლავება

პოლიციის რეფორმაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც 46 წლის ჯორჯ ფლიოდი პოლიციის მიერ მისი დაკავების დროს გარდაიცვალა. ფლოდის დაკავების დროს, პოლიციელს ფეხი მის კისერზე ჰქონდა დაჭერილი და მიუხედავად იმისა, რომ კაცი შველას ითხოვდა და ამბობდა, რომ ვეღარ სუნთქავდა, პოლიციელმა ფეხი, თითქმის 9 წუთის განმავლობაში არ აწია.

ფლოიდის სიკვდილმა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები და არეულობა გამოიწვია. დემონსტრანტების ერთერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პოლიციის რეფორმა იყო.

კანონპროექტი, რომელსაც სენატის უმრავლესობის, რესპუბლიკელთა კოკუსის და თეთრი სახლის მხარდაჭერა აქვს, განიხილება, როგორც წარმომადგენელთა პალატის წევრ დემოკრატებთან მოლაპარაკების საწყისი წერტილი, საკანონდებლო სფეროში ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

რესპუბლიკელებმა კანონპროექტი მას შემდეგ წარადგინეს, რაც ერთი კვირის წინ, დემოკრატებმა ცვლილებების საკუთარი კანონპროექტი შეიმუშავეს. ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა ტრამპმა პოლიციის რეფორმის აღმასრულებელ ბრძანებას უკვე მოაწერა ხელი.

სენატორი ტიმ სკოტი კოლეგებთან ერთად,
სენატორი ტიმ სკოტი კოლეგებთან ერთად,

„ამ კანონპროექტს... აქვს შემართება, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ გვჯერა: ამ ერის უამრავი ოფიცერი კარგი ადამიანია და შრომობს დაუღალავად“, თქვა სენატორმა სკოტმა კანონპროექტის წარდგენის დროს. „ვფიქრობ, ეს პაკეტი ძალიან ნათლად საუბრობს ახალგაზრდების შეშფოთების მიზეზებზე, როდესაც მათ კანონდამცველები აჩენერებენ“, დაამატა სენატორმა.

კიდევ ერთი კომენტარი სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა მიტჩ მაკკონოლმა გააკეთა: „თუ ჩვენს მეგობრებს დემოკრატიული პარტიიდან სურთ, რომ შექმნან კანონი და არა უბრალოდ გასცენ შენიშვნები, მაშინ, იმედი მაქვს, რომ ისინი შემოგვიერთდებიან... მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად ვართ ამ კანონის მიმართ განწყობილი“. მაკკონელის თქმით, კანონპროექტი შემდეგ ეტაპს მომავალ კვირას გაივლის.

კიდევ რა შეიცვლება ახალი კანონპროექტის მიხედვით?

  • ლინჩის წესით გასამართლება გახდება ფედერალური დანაშაული;
  • ფედერალური გრანტების დახმარებით, სხეულზე დამასაგრებელი მეტი კამერა მიეწოდება პოლიციას;
  • პოლიციის ცრუ გამოძახებაზე ჯარიმა გაიზრდება;
  • შეიქმნება „შავკანიანი მამაკაცებისა და ბიჭების სოციალური სტატუსის კომისია“;
  • კანონდამცველი ფედერალური კანონდარღვევისთვის დაისჯება იმ შემთხვევაში, თუ მას დაკავებულთან სექსუალური აქტი ექნება;

კანონპროექტში საუბარი არ არის ე.წ. ფუნქციურ იმუნიტეტზე, რაც დემოკრატების მხრიდან ხშირი განხილვის თემაა, თუმცა თეთრი სახლი ამას წითელ ხაზს უწოდებს. ფუნქციური იმუნიტეტი ნიშნავს იმას, რომ იურიდიულად შექმნილი დოქტრინის მიხედვით, ოფიციალურ პირებს კანონის ძალით სამოქალაქო სასამართლოში პასუხი არ მოეთხოვებათ კანონდარღვევაზე. ოფიციალური პირები ისჯებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ მათ კონსტიტუციაში გაწერილი უფლებები მიზანმიმართულად დაარღვიეს და არა საჭირო გარემოებებიდან გამომდინარე.

გამოცემა "ვოქსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის კანონპროექტის განხილვის დროს, სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი პირველი საკამათო საკითხი.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG