ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები საგადასახადო რეფორმას, სავარაუდოდ, დაამტკიცებენ


პრეზიდენტობის წლის მიწურულს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი პირველი დიდი საკანონმდებლო გამარჯვებისთვის ემზადება. ამერიკის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა და ყოფილი პრეზიდენტის მიერ ინიცირებული, „ობამაქეარის“ სახელით ცნობილი ჯანდაცვის პროგრამის ნაწილობრივი გაუქმება მისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება.

„როგორც კანდიდატი, მე ხალხს დავპირდი, რომ გადასახადებს მნიშვნელოვნად შევამცირებდით მშრომელი ამერიკელი ოჯახებისთვის. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ხერხემალი და გულისცემა“, დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა კვირას „ტვიტერზე“ და დასძინა, რომ ამ ცვლილებამდე სულ რამდენიმე დღეღა რჩება.

რესპუბლიკელებს კონგრესში, როგორც ჩანს, უკვე ხმების საკმარისი რაოდენობა აქვთ ათასგვერდიანი კანონპროექტის გასატანად. პროექტის საბოლოო ვერსია პარასკევს გამოქვეყნდა. რესპუბლიკელი კონგრესმენი რობ კორკერი ამბობს, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ აზრი შეიცვალა.

„გადავწყვიტე მხარი დავუჭირო საგადასახადო რეფორმის პაკეტს, ის არ არის იდეალური, მაგრამ ბევრი მსჯელობის შემდეგ, ვფიქრობ, ეს ნამდვილად არის ისტორიული შესაზლებლობა რომელიც თაობებს მხოლოდ ერთხელ ეძლევათ და მისი წყალობით ამერიკული ბიზნეს ქვეყნის შიგნით უფრო პროდუქტიული, ქვეყნის გარეთ კი - უფრო კონკურენტუნარიანი გახდება. ჩვენ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, განაცხადა კორკერმა.

რესპუბლიკელები ამბობენ, რომ საგადასახადო შეღავათების შედეგად ამერიკის ეკონომიკური წინსვლა გაგრძელდება. დემოკრატებს კი მიაჩნიათ, რომ რეფორმა უსამართლო და არაგონივრულია და რომ მისით რეალურად მხოლოდ დიდი კორპორაციები ისარგებლებენ, რომლებიც პროდუქციის წარმოებისთვის ისედაც არაამერიკელ მუშახელს იყენებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG