ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის ახალი იდენტობა?


შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში

პროცესს, რომელსაც უკანასკნელი რამდენიმე კვირაა აკვირდება საზოგადოება, ზოგჯერ შერიგებას უწოდებენ, ზოგჯერ რეკონსილაციას, ზოგჯერ ეროვნულ თანხმობას, ზოგჯერ, უბრალოდ, ურთიერთობის ცივილიზებულ ჩარჩოში მოქცევას. საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის უკიდურესი გამწვავების თაობაზე, საერთაშორისო პარტნიორები უკვე რამდენიმე წელია, რაც საუბრობენ. პოლარიზაციის შესამცირებლად პოლიტიკურმა აქტორებმა მზაობა რამდენიმე დღის წინ დააფიქსირეს. მაშინ, როდესაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას დიალოგის გამართვის თაობაზე ხელი არ ჰკრეს.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს შორის შერიგების საჭიროებაზე აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე გაამახვილა ყურადღება. ეს 10 დეკემბერს იყო. მას შემდეგ მან, ჯერ უცხოურ პრესასთან ისაუბრა რეკონსილაციის აუცილებლობაზე, შემდეგ კი პოლიტიკური პარტიები წინასაახალწლო მიღებაზე საკუთარ რეზიდენციაში მიიწვია.

პარალელურად, პოლიტიკური შერიგებისა და ერთიანობის საჭიროებაზე საუბრობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ვინც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მან რამდენჯერმე გააჟღერა მიმართვა ეროვნული კონსენსუსის აუცილებლობის შესახებ. ეს ხდებოდა როგორც ხალხმრავალ მიტინგებზე, სადაც მოქალაქეებს სააკაშვილის გზავნილს აცნობდნენ, ისე თანაპარტიელებისადმი, მხარდამჭერებისადმი მიწერილ წერილებში.

პოლიტიკური „შერიგების“ პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს არაერთი პოლიტოლოგი. მაგალითად, გია ნოდია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, მიიჩნევს, რომ „არაფერიც არ მოხდება“, რადგან რეალური ინიციატივა შეიძლება აიღოს მხოლოდ მან, ვისაც აქვს რეალური ძალაუფლება. ასეთი არის მხოლოდ „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნებისგან“ არ ველი ასეთი ინიციატივის აღებას. ოპოზიციისგან ინიციატივის აღება, არასერიოზულია, უბრალოდ“,- ამგვარი გახლავთ მისი მოსაზრება.

ჯიპას პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ შერიგების შანსი, ამ ეტაპზე, მაღალი არ არის. მაგრამ, თავისთავად, დიალოგის პროცესი რომ მიდის, ეს კარგია, რადგან ის სულ არაფერს ჯობია. „შერიგება, ამ ეტაპზე, თითქმის, გამორიცხულია, იმ პიროვნული შეუთავსებლობიდან გამომდინარე, რაც არის სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, გამომდინარე იმ პოლარიზაციიდან, რაც სათავეს იღებს ამ ორ პარტიას შორის დაპირისპირებიდან. ერთი აცხადებს მეორეს კრემლის აგენტებად, მეორე პირველს კი მკვლელების და ჯალათების ბანდად. ასეთ სიტუაციაში შერიგება, არის, თითქმის, შეუძლებელი,“- ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

გია ნოდია "ეროვნული თანხმობის" შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:02 0:00

ეროვნული თანხმობის პოლიტიკური დიალოგის პროცესში მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც ჩაერთო. ის შეხვდა მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პენიტენციურ სამსახურს სთხოვა მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის უფლება, რაზეც თანხმობა მიიღო. მართალია, ამ დრომდე მოქმედ პრეზიდენტს პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი არ დაუფიქსირებია, თუმცა მარგველაშვილის შეხვედრით სააკაშვილთან, ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლის გარკვეული წახნაგი იქმნება.

„როდესაც ნაცნიონალური მოძრაობა წინაპირობად აყენებს, ჯერ გამოუშვით სააკაშვილი და მერე შევრიგდეთ, ასეთ ვითარებაშიც გამორიცხულია შერიგება. ამ ვითარებაში, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმის იმედზე ყოფნა დაგვრჩენია, რომ დროთა ვითარებაში პოლარიზაცია ნელ-ნელა დაცხრება, სხვაგვარად, მგონი, შეუძლებელია შერიგება. დრო მოიტანს პროცესის გაჯანსაღებას, თანდათანობით ეს სიტუაცია დალაგდება, თუმცა ის შეიძლება, დააჩქაროს იმ პროცესმა, რაც ახლა მიდის, შეირიგების, მოლაპარაკების მცდელობამ,“- ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

„ქართული ოცნების“ მთელი პოლიტიკური იდენტობა დამყარებულია იმაზე, რომ ისინი ებრძვიან ნაც-მოძრაობას. სხვა იდენტობა, მათ, პრაქტიკულად, არ გააჩნიათ. ეს იყო მათი ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან რეალური დაპირება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური რადარებიდან გააქრობდნენ. უზრუნველყოფენ, რომ ის არასდროს დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში, რომ ნაციონალური მოძრაობა არაა ლეგიტიმური პოლიტიკური მოთამაშე, რომ მას არ აქვს მორალური უფლება იყოს პოლიტიკაში. ესა არაა ერთ-ერთი გზავნილი, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, ესაა მათი ძირითადი და ცენტრალური გზავნილი. ამაზე უარის თქმა მათ ძალიან გაუჭირდებათ, რადგან, მაშინ გაუგებარი ხდება, საერთოდ თუ რა არის პარტია „ქართული ოცნება“. თუ ამაზე უარი არ თქვეს, მაშინ რა შერიგებაზეა საუბარი?“- მიიჩნევს გია ნოდია.

თორნიკე შარაშენიძე პოლიტიკური შერიგების შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:49 0:00

სალომე ზურაბიშვილი დიალოგის პროცესს, რომელიც საახალწლო მიღებით წამოიწყო 16 დეკემბერს, აგრძელებს. მართალია, საზეიმო ღონისძიებაზე მასთან ყველა მიწვეული პოლიტიკური აქტორი არ მივიდა, მაგრამ თავად დიალოგის პროცესზე უარი არავის უთქვამს.

„დროა ახალგაზრდებისათვის. თვალს თუ არ დავხუჭავთ, ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან, რადგან, თუ ახალგაზრდაა და რაღაც შესაძლებლობებს გრძნობს საკუთარ თავში, არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში ცხოვრება, ქვეყანაში, სადაც თვითონ ვერ ხედავს, რა არის მისთვის პერსპექტივა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა - მეც ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ. დროა ქვეყნისთვის, თუ არ გვინდა, დავკარგოთ ყველა შანსი, რაც გვაქვს, რაც ჩვენს წინ არის, ეს იქნება ევროპული ინტეგრაცია, რეგიონში ჩვენი როლის დაბრუნება, თუ ჩვენი ფუნქციის მოპოვება ახალ მსოფლიოში, რომელიც დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ყველაფერზე თუ ერთად არ ვიფიქრეთ, ცალ-ცალკე – არა, მე ვიცი და შენ არ იცი; არა, შენ ისა ხარ და არა, შენ ესა ხარ, მგონი, ვერსად წავალთ,“- განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

ელენე ხოშტარია პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:00 0:00

ამ დრომდე პრეზიდენტი თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას შეხვდა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. „მე ფრთხილი მოლოდინით ვუყურებ ამ ყველაფერს. პრეზიდენთან ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რამდენად მძიმე ვითარებაა პოლიტიკური მართლმსაჯულების თვალსაზრისით. ეს მასაც ესმის. მძიმე ვითარებაა ეკონომიკის, სოციალური კუთხით, სახეზეა პოლარიზაცია. მე რაც შემეძლება, როგორც ერთ ადამიანს, გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ პროცესმა მცირეოდანი შედეგი მაინც გამოიღოს. ჩვენ ძალიან გულწრფელად ვისაუბრეთ, არაფერი არ დამიმალავს. ამ საუბრის შემდეგ მაქვს პოზიტიური მოლოდინი,“- განაცხადა “ამერიკის ხმასთან”ხატია დეკანოიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

„შერიგების პერსპექტივა დამოკიდებულია რამდენიმე საკითხზე. ფუნდამენტური გარდატეხა ვერ მოხდება, თუ არ გადაიდგმება „ქართული ოცნების“ მხრიდან პრინციპული ნაბიჯები, რის მოლოდინიც დღეს, ნამდვილად არ არსებობს. თუმცა, პრეზიდენტის მცდელობა, რომ ამ ტენდენციის წინააღმდეგ წავიდეს და რაღაც შეხების წერტილები მოძებნოს, ძალიან მნიშვნელოვანია. მე, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვაპირებ, რომ მას ხელი შევუწყო, დავტვირთოთ შინაარსით ეს პროცესი. პრეზიდენტს გულწრფელად სურს პროცესის დაწყება,“- გვეუბნება ელენე ხოშტარია, „დროას“ ლიდერი.

ეგრეთ წოდებული შერიგების პროცესს სკეპტიკურად უყურებს გია ნოდია. „თუ სალომე ზურაბიშვილი სერიოზულად ფიქრობს ინკლუზიურ პროცესზე, მაშინ ის უნდა დაუპირისპირდეს „ქართულ ოცნებას“. რა თქმა უნდა, ის, არის, კონსტიტუციით, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ დაპირისპირებაზე მაღლა მდგომი ფიგურა და ფორმალურად, ის ითვლება არაპარტიულ პრეზიდენტად, თუმცა ჩვენ გვახსოვს მისი არჩევნები. ეს იყო „ქართული ოცნების“ გამარჯვება „ნაციონალურ მოძრაობაზე.“ მან უნდა რადიკალურად შეიცვალოს თავისი პოლიტიკური იდენტობა, ახალი იდენტობა შექმნას, თვითონ. შეიძლება, დაირქვას, რომ ნეიტრალური მოთამაშეა და დგას ამ დაპირისპირებაზე მაღლა, მაგრამ „ქართული ოცნების“ თვალთახედვით, ის იქნება მოღალატე“,- ამბობს გია ნოდია.

ხატია დეკანოიძე პოლიტიკური შერიგების შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:23 0:00

მის სკეპტიციზმს ამყარებს გიორგი გახარიას შემთხვევა. „გიორგი გახარია იქცა „მოღალატედ“, რადგან ორივე მხარეს თანაბრად დაუპირისპირდა, თავისი ჭკუით, მაგრამ „ქართული ოცნების“ თვალში ის გახდა „ნაციონალების აგენტი“. სწორედ ასევე გახდება „ნაციონალების აგენტი“ სალომე ზურაბიშვილი, თუ ის მართლა იტყვის, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ლეგიტიმური პოლიტიკური მოთამაშე, რომ მას პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, თუ არჩევნებს მოიგებს, ესე იგი, ეს იქნება ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და ეს უნდა მივიღოთ და ასე შემდეგ. ამგვარი რიტორიკის შემთხვევაში, ზურაბიშვილი იქცევა მტრად „ქართული ოცნებისთვის“,- გვეუბნება გია ნოდია.

პოლიტიკურ აქტორებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობის თავისებური მოდელის შესახებ საუბრობს „ქართული ოცნება“. მამუკა მდინარაძემ, მაგალითად, განაცხადა, რომ შერიგების პროცესის გამო, ოცნების ამომრჩეველი დაიძაბა. „ჩვენი ამომრჩეველი დაიძაბა გაურკვევლობის გამო, ეგრეთ წოდებულ ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით, რაც სუფთა პიარული სვლაა. არანაირი შერიგება მათ არ უნდათ და არანაირ შერიგებაზე წამსვლელი არ არიან, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებას ჩვენ არ ვაპირებთ. მათ თუ უნდათ კონსტრუქციულობა და უნდათ თანამშრომლობა პარლამენტში, საქმეზე და საქმიანი ლაპარაკი, საგნობრივი მსჯელობები, დისკუსიები, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. ახლაც ამ რეჟიმში ვართ. მოვიდნენ პარლამენტში და იმუშაონ აქ, როგორც ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხებზე,“

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შერიგების პროცესი წამოიწყო, პოლიტიკურმა აქტორებმა მნიშვნელოვანი სვლები გააკეთეს. მაგალითად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მასობრივი შიმშილობის აქციის თაობაზე გამოაცხადა და ახლა კარვებია გაშლილი მათ ოფისში, სადაც რამდენიმე ასეული მოშიმშილეა განთავსებული. ყველა მათგანი ერთი მოთხოვნით შიმშილობს - განთავისუფლდეს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი. რაც შეეხება „ოცნების“ სვლებს, მათ პოლიტიკური ფიგურების ჩანაცვლების დემონსტრირება მოახდინეს, რომელთა შორის პარლამენტის თავმჯდომარეც აღმოჩნდა.

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ ლიდერი აცხადებს, რომ შერიგებაზე კი არ უნდა იყოს საუბარი, არამედ შენდობაზე, რადგან შერიგება ორ მხარეს შორის ხდება, რომელთაც ერთმანეთს რაღაც დაუშავეს. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანას დაუშავა. „შენდობასაც აქვს თავისი წინაპირობები, ესაა დანაშაულის აღიარება, ბოდიშის მოხდა და პოლიტიკიდან წასვლა“,- ამბობს ირაკლი კობახიძე.

რაც ჩვენ გვჭირდება, ესაა ცივილურ კალაპოტში ურთიერთობის გადაყვანა, - გვეუბნება გია ნოდია და დასძენს, რომ ოპოზიციას მეტი ინტერესი აქვს ურთიერთობის დალაგების. „გასაგებია, რომ მასშიც სჭარბობს რადიკალური განწყობები. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ივანიშვილის რეჟიმი, ესაა იგივე პუტინის რეჟიმი და ამ განწყობებიდან გამომდინარე, მისთვისაც ძნელია შერიგებაზე წასვლა, მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით, მას უფრო მეტი ინტერესი აქვს შეირიგების. ზოგადად, ეს არაადექვატური სიტყვა მგონია ამ კონტექსტისთვის. უნდა ვთქვათ არა „შერიგება“, არამედ ნორმალურ, ცივილურ, კონსტიტუციურ კალაპოტში ურთიერთობის გადასვლა. ეს ოპოზიციის ინტერესებშია, უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლების ინტერესებში“,- მიიჩნევს გია ნოდია.

შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში
შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში

„მივესალმებით იმ პროცესს, რომელიც ქალბატონმა ზურაბიშვილმა წამოიწყო“ - განაცხადა 21 დეკემბერს მასობრივ საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ. მან სწორედ ამ მიტინგზე გამოაცხადა შიმშილობის დაწყების თაობაზეც. პრეზიდენტ ზურაბიშვილთან აუდიენციაზე ის სწორედ ამგვარ კონდიციაში მივა.

მეხუთე პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის გეგმის განხორციელებას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება. ამ დრომდე ის შეხვდა პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობას, დიპლომატიურ კორპუსს, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG