ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენი არალეგალის მიღებისთვის არის მზად საქართველო?


წყარო ei-lat.ge

საქართველომ რეადმისიის ხელშეკრულების სანაცვლოდ, ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი მიიღო. ევროპულ-ქართული შეთანხმება 1 მარტიდან შევიდა ძალაში.

რეადმისია გულისხმობს საქართველოს თანხმობას უკან მიიღოს, როგორც საკუთარი, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის სივრცეში, არალეგალურად, საქართველოს ტერიტორიიდან მოხვდნენ და დეპორტაციას ექვემდებარებიან.

რეადმისიის იძულების მექანიზმი ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ორმხრივ საფუძველზე, სავიზო რეჟიმის შემსუბუქების მთავარ პირობას წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობამ რეადმისიის პროცესში დახმარების სახით, უკვე მიიღო სამი მილიონი ევრო. ეს თანხა გრანტების სახით უნდა გაიცეს იმ არალეგალებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდებიან.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი ამბობს:

„ადამიანი, რომელიც არალეგალურ მიგრაციაში იმყოფება, იმყოფება ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, ის თუ ნებაყოფლობით დაბრუნდება, მას ცივ კედლებში რომ არ მოუწიოს დაბრუნება საკუთარ სახლში, დაბრუნების ხელშეწყობისა და მისი უკეთესი ცხოვრებისათვის საჭირო პროექტებს დავუფინანსებთ.

შეიძლება ეს იყოს მცირე ბიზნესი, მიკროკრედიტი, საკუთარი სოფლის მეურნეობის განსავითარებლად და ასევე განათლების მისაღებად. პროექტი ამ ეტაპზე დაფინანსებულია სამი მილიონი ევროთი და თითოეულ ადამიანს რა მოცულობის დაფინანსება გაეწევა, ეს არ არის მკაცრად განსაზღრული და დამოკიდებული იქნება შემოტანილ წინადადებებზე.

ყველა გადწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული. მსურველებს ველით უკვე, ჯერ ერთი მათ უკვე იქ დეპორტაციის დროს ეძლევათ ამ პროგრამის შესახებ ინფორმაცია, აქ კი ჩვენ შეუძლიათ მოგვაკითხონ.“

ევროკავშირმა რეადმისიის სანაცვლოდ სავიზო რეჟიმის გამარტივებას უკვე მეათე ქვეყანასთან მიაღწია. მათ შორის, საქართველოს გარდა, არის კიდევ სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა - რუსეთი, უკრაინა და მოლდოვა.

ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემიის ცნობით, საქართველო მოსახლეობის სავარაუდოდ 22,9 % ემიგრაციაშია. არაოფიციალური მონაცემებით კი, ევროკავშირის ქვეყნებში, არალეგალურად, დაახლოებით ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს.

ჯერჯერობით, არ არსებობს ზუსტი მონაცემები თუ რამდენმა უცხოელმა არალეგალმა გამოიყენა ტრანზიტად ჩვენი ქვეყანა. ექსპერტთა აზრით, საქართველოს პირველ ეტაპზე, ასი ათასი ქართველის უკან მიღება მოუწევს.

როგორც დემოგრაფები, ისე ეკონომისტები თანხმდებიან იმაზე, რომ არალეგალთა მასიური დაბრუნებით ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება. ამიტომ, არ არის გამორიცხული რეადმისიის ხელშეკრულების ამოქმედებისთანავე, ქართველმა არალეგალებმა თავშესაფრის ძიება უკვე ევროკავშირის საზღვრებს მიღმა დაიწყონ.

ყველაზე მწვავედ რეადმისიის ხელშეკრულებას პრორუსული ლეიბორისტული შრომის პარტია გამოეხმაურა. ნესტან კირთაძემ კერძოდ განაცხადა:

„საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება იძულებით და დეპორტაციის გზით ჩამოიყვანოს ევროკავშირის ქვეყნებში ლუკმა პურის აშოვნელად გადახვეწილი ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე.

ასეთი ვალდებულების აღება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მიგვაჩნია, რომ არის დანაშაულის ტოლფასი. რადგან, ზოგადად ქვეყანაში არის ტოტალური უმუშევრობა და უმძიმესი სოციალური ფონი. და უფრო მეტიც, საქართველო დღეს სოციალური აფეთქების ზღვარზე იმყოფება.“

1 მარტიდან ევროკავშირის ქვეყნების ვიზებს გაცილებით ადვილად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეთა ცამეტი კატეგორია, მათ შორის ჟურნალისტები, სპორტსმენები, ბიზნესმენები, მეცნიერები, სტუდენტები და მოქალაქეები, რომლებიც სამკურნალოდ მიდიან.

ამასთან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სავიზო მოსაკრებელი 60-დან 35 ევრომდე შემცირდა, ხოლო მოქალაქეთა თორმეტი კატეგორია მოსაკრებელს საერთოდ აღარ გადაიხდის. მათ შორის, ბავშვები, პენსიონერები და სტუდენტები.

თერთმეტი კატეგორიის მოქალაქეებს, თუ მათ ერთხელ მაინც აქვთ მიღებული შენგენის ვიზა, შეუძლიათ მრავალჯერადი ვიზა მოითხოვონ. საგარეო მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე ამბობს:

„საქართველოს მოქალაქეებს უადვილდებათ ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება, ვიზები მოპოვება. ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც შემდეგ უნდა გაგრძელდეს, გაღრმავდეს და რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან საერთოდ უვიზო მიმოსვლას მოვიპოვებთ.

ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თუ კი საზოგადოებებს და ხალხთა შორის არ მოხდა დაახლოება, ინტენსიური ცვლა, ევროკავშირიდან ხალხის აქ ჩამოსვლისა და საქართველოს მოსახლეობის ინტენსიური ვიზიტებისა ევროპაში, ამ დაახლოებას აზრი არ ექნება.“

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და რეადმისიაზე მოლაპარაკებები 2008 წლის ნოემბერში დაიწყო და ორი წლის მანძილზე გაგრძელდა. საბოლოო შეთანხმებას შარშან, ნოემბერში მოეწერა ხელი, რომლის რატიფიცირებაც ევროპარლამენტმა უკვე 2010 წლის დეკემბერში მოახდინა.

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება არ შეეხება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას, რომლებიც შენგენის შეთანხმების მონაწილენი არ არიან. ასევე დანიას, რომელიც არის შენგენის შეთანხმების წევრი, თუმცა ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობა არ ისურვა.



XS
SM
MD
LG