ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საქართველოს მხრიდან სახელმწიფო ტერორის გაგრძელება“ – ასე შეაფასა ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის შექმნა ამირან დიაკონოვმა, დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტარმა. ცხინვალში იმის თაობაზეც ღელავენ, რომ ოფიციალური თბილისი ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის 33 კაციან შემადგენლობას გაზრდის და გარდა ამისა, დასავლეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას სიის მხარდაჭერის პროცესში ჩართავს.

ამირან დიაკონოვმა ის ეგრეთ წოდებული „შავი სიაც“ გაიხსენა, რაც მისი თქმით, საქართველოს სპეც–დანიშნულების სამსახურების წარმომადგენლებს ჰქონდათ 2004–2008 წლებში და რის მიხედვითაც, მისი თქმით, სახელმწიფო ტერორს ახორციელებდნენსამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში აცხადებენ, რომ ანალოგიურ სიას დანაშაულის ქართველი ჩამდენების შემადგენლობით, ცხინვალიც გამოაქვეყნებს.

ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიას გამოხმაურება დე–ფაქტო აფხაზეთშიც მოჰყვა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იმდენად პროვოკაციული ნაბიჯია საქართველოს მხრიდან, შესაძლოა გავლენა იქონიოს ჟენევის დისკუსიების ფორმატზე და ის გაანადგუროს. რაც შეეხება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრას გალში, რომელიც გუშინ უნდა შემდგარიყო, ის ჩაიშალა სწორედ ამ მიზეზით. აფხაზურმა მხარემ დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას საკითხის ამოღება მოითხოვა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა ქართული მხარისთვის. ირაკლი ანთაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელიც შეხვედრების მონაწილეა, განაცხადა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული თემაა. შეხვედრა აფხაზეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა დატოვეს.

ზოგადად, ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის შედგენის საკითხი საქართველოს პარლამენტში პარტია „ევროპულმა საქართველომ“ დააყენა, თუმცა თავად ინიციატორები უკმაყოფილოები დარჩნენ უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი შედეგით. სერგი კაპანაძემ, ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სიაში არ მოხვდნენ ის პოლიტიკური პირები, ვინც რუსეთს წარმოადგენს და პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება. „ეს ინიციატივა ევროპულმა საქართველომ დააყენა ჯერ კიდევ თებერვალში. შემდეგ, მარტში იქნა მიღებული რეზოლუცია და ეს ვალდებულება, აქედან გამომდინარე აიღო მთავრობამ... სამწუხაროდ, ამ სიაში არაა შესულა რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე.

კერძოდ, არაა შეყვანილი ФСБ–ს, ადგილზე არსებული ГРУ–ს და ზოგადად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს და ხშირ შემთხვაში, არიან პასუხისმგებლები არა მარტო ამ დანაშაულების ჩადენაზე... არც ერთი ასეთი ადამიანი ამ სიაში არ მოხვდა,“– აცხადებს სერგი კაპანაძე.

წარმოდგენილი სიით უკმაყოფილო დარჩნენ საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, ვინც კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით მუშაობს. გარდა იმისა, რომ სიაში, სავარაუდოდ 3–დან 10–მდე გარდაცვლილი პირი მოხვდა, ისინი სიის შედგენისას გამოვლენილ არაკომპეტენტურობაზე მიუთითებენ. ამერიკის ხმასთან საუბრისას კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის წარმომადგენელი ზურაბ ბენდიანიშვილი აცხადებს, რომ სია პოლიტიკური ნაწილისგან დაცლილია და მასში, ძირითადად 90–იანი წლების კრიმინალები მოხვდნენ და არა პოლიტიკური მოთამაშეები. სავარაუდოდ იმიტომ, რომ იმ პერიოდში გალის პოლიცია კარგად აღრიცხავდა კრიმინალურ შემთხვევებს და ამ ადამიანების შესახებ ინფორმაცია არქივებში მარტივად იძებნება.

„მართალი გითხრათ, ამ სიის ფუნქცია მე ვერ განვსაზღვრე. ძირითადად, მასში შეიყვანეს 90–იან წლების კრიმინალური დამნაშავეები. კრიმინალებთან ბრძოლისთვის სამართლებრივი მეთოდები არსებობს, რა საჭიროა პოლიტიკური სიის გამოქვეყნება, გაურკვეველია. მით უმეტეს, იმ პერიოდის კრიმინალზეა საუბარი, როდესაც ჩვენი მხრიდანაც იტაცებდნენ ხალხს, ჩვენი მხრიდანაცაა ჩადენილი დანაშაულები როგორც ცხინვალში, ისე აფხაზეთში. როდესაც მაგნიტსკის სიაზე ვლაპარობთ და ვადარებთ, მის შემთხვევაში, საერთაშორისო შეზღუდვები უწესდებათ ადამიანებს და ეს პოლიტიკური აქტია. ჩვენი სიის შემთხვევაში, პოლიტიკურ აქტს ვერ ვხედავ. რა უნდა ვუთხრათ ჩვენს პარტნიორებს, რომ ესენი კრიმინალები არიან, მაგრამ კი არ დაიჭიროთ, არამედ ქვეყანაში არ შეუშვათ? თუ იცი, რომ კრიმინალია და ჩადენილი აქვს დანაშაული, მაშინ წითელ ცირკულარს უნდა გადასცე. ამ სიის გამოქვეყნება რას გვაძლევს? ვაზიანებთ მხოლოდ ნდობის აღდგენის პროცესს და გამოდის, რომ სხვის თვალში ბეწვს ვხედავთ და ჩვენსაში დირეს ვერ ვამჩნევთ“.

ქართული ოცნების წარმომადგენელი გიორგი ვოლსკი აცხადებს: „ეს არის პროფესიონალურად შესწავლის საფუძველზე გაკეთებული სია, განსხვავებით იმ სიისგან, რომელიც თითქოს ჯინაზე უნდათ გააკეთონ. მაგრამ ერთიც მინდა კიდევ ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენ მხოლოდ სიით და მუქარით კი არ ვესაუბრებით, შემოვა კანონების პაკეტი, რომელიც საშუალებას მისცემს ოსებსაც, აფხაზებსა და საერთოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს მიიღოს ის სიკეთეები, რაც საქართველოს ყველა დანარჩენ მოქალაქეს აქვს, ბიზნესის კეთების დარგში, ჯანდაცვაში, თუ სხვა. ასე, რომ ჩვენ მხოლოდ ამ სიით კი არ ვუპირისპირდებით იმ განუკითხაობას, რაც იქ არსებობს დღეს.“

ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიაში შესულ ადამიანებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები შავ სიაში შეიყვანენ და მათ მიმართ სანქციები გატარდება. ამგვარი მოწოდება წევრი ქვეყნების მიმართ ევროპარლამენტის რეზოლუციაშია მითითებული, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიღეს. ეს კიდევ ერთი საფუძველია იმისთვის, რომ ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია დაკორექტირდეს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG