ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რასმუსენი: დასავლეთმა რუსეთს სანქციები უნდა გაუგრძელოს


რატომ უნდა გააგრძელოს დასავლეთმა რუსეთზე დაწესებული სანქციები და როგორ აისახება ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა რუსეთზე და ევროპაზე? ამ თემას ეძღვნება ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში.

სანქციებმა რუსეთის დამატებითი აგრესია აღკვეთა, პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დააბრუნა და რუსეთის ეკონომიკური ზრდა შეაჩერა - ეს არის სამი მიზეზი, რის გამოც ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციები უნდა გაგრძელდეს.

„სანქციების მოხსნით ან შემსუბუქებით, ჩვენ დავკარგავთ ყველანაირ ბერკეტს რუსეთზე. ამიტომაც, სულ მცირე, უნდა შევინარჩუნოთ სანქციები. თუ შეერთებულ შტატებს რუსეთთან ურთიერთობის შეცვლა სურს, რუსეთმა პირველ რიგში უნდა შეცვალოს საკუთარი ქმედებები უკრაინაში.“

რასმუსენის თქმით, შეერთებულმა შტატებმა, სულ მცირე, უნდა შეინარჩუნოს რუსეთზე დაწესებული სანქციები, რადგან მათ უარყოფითი გავლენა ამერიკის ეკონომიკაზე არ მოუხდენია.

სანქციების მოხსნით ან შემსუბუქებით ჩვენ დავკარგავთ ყველანაირ ბერკეტს რუსეთზე

რასმუსენს არ აქვს მოლოდინი, რომ დასავლეთი სანქციებს გაამკაცრებს. გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს თქმით, რუსეთის შესაკავებლად დასავლეთმა უფრო ეფექტურ ზომებს უნდა მიმართოს.

„შავი ზღვა სტრატეგიული რეგიონია და რუსეთი ახლა ყირიმს სამხედრო ბაზად იყენებს, ასე ცდილობს რეგიონში ნატოს გავლენა შეზღუდოს. არალეგალური ანექსიის შედეგად იქ შექმნილი ძალთა დისბალანსის წინააღმდეგ უფრო ეფექტური სტრატეგია გვჭირდება. ჩვენ არასდროს უნდა ვაღიაროთ ყირიმის ანექსია, შორს უნდა დავდგეთ საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური წესის დარღვევისგან და არ უნდა დავუშვათ ევროპაში საზღვრების ძალადობრივი შეცვლა.“

კითხვაზე, წაახალისა თუ არა დასავლეთმა რუსეთი 2008 წელს, როცა საქართველოს და უკრაინას ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) უარი უთხრა, რასმუსენი პასუხობს, რომ ორ ქვეყანას მაშინ მაპი უნდა მიეღო.

რაც მეტს გააკეთებს საქართველო, მით უფრო სწრაფად მოვა გაწევრიანების დრო

„2008 წელს საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიგვეცა, ეს კრემლს აჩვენებდა, რომ საქართველოში შეჭრა ცუდი იდეა იქნებოდა. 2008 წელს ალიანსმა გადაწყვიტა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, რა თქმა უნდა ამისთვის საჭიროა თქვენი ნება და აუცილებელი კრიტერიუმების შესრულება. ახლა ამ კრიტერიუმებზე ვმუშაობთ. წევრობის ზუსტ თარიღს ვერ ვიტყვით, მაგრამ რაც მეტს გააკეთებს საქართველო, მით უფრო სწრაფად მოვა გაწევრიანების დრო.“

რასმუსენი ასევე ამბობს, რომ ალიანსში მონტენეგრო იმის მაგალითია, რომ ნატოს წევრობას თავად ალიანსი წყვეტს და არა პუტინის რუსეთი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG